შაბათი, მარტი 14, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იტალიელ კოლეგებთან პარტნიორობით, ახალ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროექტის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამის შემუშავება ხელს შეუწყობს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გამოცდილების გაფართოებას, მთის კვლევისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადებას, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მილანის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.

სამუშაო შეხვედრებში, რომელსაც მოცემულ ეტაპზე მილანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ჩართულნი იყვნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ქობლიანიძე და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე.

პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მოდელთან დაკავშირებული მოსაზრებები შეაჯერეს და სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს CIF საგრანტო პროექტის მიზნები და მისი მდგრადობის საკითხები. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შეხვდნენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-ის ხელმძღვანელს, პროფესორ ანა ჯორჯის, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ რიკარდო ჯუჯეტის და აკადემიურ პერსონალს. როგორც ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, შეხვედრებს ფასილიტაციას უწევდა მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სტეფანო კორსი.

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიელი კოლეგების მხარდაჭერით შედგა შეხვედრა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ ლუჩია ანჯოლინისთან, რომელთან ერთადაც სამთო-გეოლოგიური მიმართულების განვითარებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, გაიმართა ონლაინ შეხვედრები ევროპის მთის კვლევის ქსელის (NEMOR) და ევროპის მთიანი რეგიონების ასოციაცია EUROMONTANA-ს ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც შეაჯერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.

როგორც პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე აღნიშნავს, მილანის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები ასევე მნიშვნელოვანი იყო სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სამომავლო განვითარების მხრივ. გიორგი ჭიჭინაძის თქმით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტებისთვის მილანის უნივერსიტეტში ორდიპლომიანი პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობები.

პროფესორ თამარ ქობლიანიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ედოლოში საჯარო ლექციები გამართეს UNIMONT-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის. თამარ ქობლიანიძე ამბობს, რომ მილანის უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერსპექტივით, შესაბამისად, სტუ-ის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, კვლევითი ინფრასტრუქტურა და ის შესაძლებლობები, რომლითაც სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტები სარგებლობენ.

როგორც სტუ-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პროცესისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა იტალიის მთიან რეგიონებში მდებარე სარეკრეაციო და საკვლევ სივრცეებში ვიზიტებს ენიჭება: ლივინიოს მთიან მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს Milano-Cortina 2026-ის ოლიმპიური ობიექტები და გაეცნენ კომპანია „მოტოლინოს“ საქმიანობას, რომელიც ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა პასუხისმგებელი; დაათვალიერეს ტრენტოს მეცნიერების მუზეუმი (MUSE), ხოლო მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეხვედრის ფარგლებში, იმსჯელეს სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მოქმედი მუზეუმების განვითარების შესაძლებლობაზე და მათ ბაზაზე ერთობლივი საგანმანათლებლო ფორმატების შემუშავების შესახებ; გაეცნენ იტალიის მთიან რეგიონებში დაფუძნებულ ისეთ მცირე საწარმოებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-თან, საქმიანობის პროცესში კი ინოვაციურ ცოდნასა და უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პრაქტიკულ მოდელებს იყენებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მზად ვართ, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის

„ჰეზბოლა“ მზადაა, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელი გაოცებული დარჩება ბრძოლის ველზე.შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურის საძიებლად „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. შედეგად, ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია

აშშ ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს იმ პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღებაც სურს აშშ-ს. კერძოდ, დასახელებულია ათი კონკრეტული პირი, მათ შორის ირანის ახალი უმაღლესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი და უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი.„ფლობთ ინფორმაციას ამ ტერორისტ ლიდერებზე? გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია. ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ მიიღოთ ჯილდო და რელოკაცია“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი „ირანის რევოლუციური გვარდიის“ სამხედრო ფრთის სხვადასხვა სტრუქტურას მართავენ და მათ მიმართულებას აძლევენ.

ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგი, ელენე ჯანჯღავა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.არსებული ინფორმაციით, მას თავის არესი ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.როგორც ,,ტიფლის ნიუსს'' შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ, ყველაფერს ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ირანთან ომში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბულში ყოფნისას განაცხადა.„როგორც მთავრობა, ჩვენ უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. ჩვენი ყურადღება მოვლენების თვალსაჩინო ნაწილზე კი არ არის გამახვილებული, არამედ იმაზე, რაც ფარდის მიღმა იმალება. ყველაფერს ვაანალიზებთ და ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე. ისევე როგორც გასულ ღამეს მოხდა, ამ პროცესში ჩვენ ვახორციელებთ ყველა საჭირო პრევენციულ ზომას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს“, – აღნიშნა ერდოღანმა.შეგახსენებთ, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ომის დაწყების შემდეგ ირანული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს და ნატო-ს სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარული მოცურავე, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი - პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა - პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ - ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ - ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას - პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.

ბოლო სიახლეები