შაბათი, მარტი 14, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო სტუდენტებს შეხვდა

„კარგად გვესმის, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრება და სწავლა მარტივი არ არის. ეს მოითხოვს გამბედაობას, ერთგვარ მოქნილობას და მიზანსწრაფულობას. სწორედ ეს თვისებები – შერწყმული შემეცნების, ფიქრის, კვლევისა და ახალი აღმოჩენებით სამყაროს შევსების სურვილთან – აყალიბებს პროფესიონალიზმს, აწრთობს ნამდვილი მკვლევრის ხასიათს. სტუდენტური ცხოვრების პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან თქვენ მუდამ გექნებათ მხარდაჭერა განათლების მიღებისა და კვლევების პროცესში, პროფესიულ განვითარებაში, თქვენს მისწრაფებებში, რაც უსათუოდ წარმატებისკენ გაგიკვალავთ გზას. გმადლობთ, რომ ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების ნაწილი. გისურვებთ საინტერესო აღმოჩენებს და წარმატებულ ნაბიჯებს თქვენი პროფესიული მომავლისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025/2026 აკადემიურ წელს ჩარიცხული პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

 

თამარ ლომინაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, საერთაშორისო სტუდენტებს წარმატება უსურვა. ვიცე-რექტორის თქმით, მშენებლობა, არქიტექტურა, ენერგეტიკა, ინფორმატიკა, დიზაინი და ბიზნესტექნოლოგიები – ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა შესწავლის მზარდი ინტერესი სტუ-ში ჩარიცხულ საერთაშორისო სტუდენტებს შორის იკვეთება, რაც თავის მხრივ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მიუთითებს.

 

„გულითადად მივესალმებით ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებს, მათ შორის არიან წელს ჩარიცხული საერთაშორისო პირველკურსელები – მადლობას გიხდით, რომ არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ! გვინდა რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით წარმატება და ნაყოფიერი აკადემიური წელი გისურვოთ. დარწმუნებული ვართ, სასწავლო აუდიტორიებში, ლაბორატორიებსა და კვლევით ჯგუფებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მოგიწევთ სხვადასხვა კულტურისა თუ მრწამსის ახალგაზრდებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, რაც სასწავლო პროცესს თქვენთვის ორმაგად საინტერესოს გახდის. ეს იქნება არა მხოლოდ აკადემიური და კვლევითი წარმატებისკენ მიმავალი გზა, არამედ – საფუძველიც ახალი მეგობრების შეძენისა და მომავალი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენი დიდი სურვილია აქტიურად ჩაერთოთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, შეიძინოთ პროფესია, დაინტერესდეთ მეცნიერებით, შეიგრძნოთ ქართული კულტურა, გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და საკუთარი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალფეროვან აკადემიურ და სამეცნიერო გარემოში” ,- აღნიშნა ვიცე-რექტორმა.

 

საერთაშორისო სტუდენტებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტთა რეკრუტინგისა და მათი უნივერსიტეტის აკადემიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის კოორდინატორმა ლელა ჩიქოვანმა, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და მარკეტინგისა და კომუნიკაციების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელმა ანანო მჭედლიშვილმა.

 

როგორც ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიმართულებით. მან საერთაშორისო სტუდენტებს მოუწოდა, გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც მათ უნივერსიტეტი აძლევს.

 

„თქვენ მუდამ მიიღებთ საჭირო რჩევას, დახმარებას და იგრძნობთ ჩვენს მხარდაჭერას მთელი სტუდენტური ცხოვრების მანძილზე. ახალ გარემოსთან ადაპტაცია მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თვითდისციპლინას, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტონი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს და წარმატებისკენ გაგიძღვებათ. თქვენი ცხოვრება სავსეა ახალი შესაძლებლობებით, საინტერესო აღმოჩენებით. ჩვენი სურვილია, სწავლისა და კვლევების პარალელურად, გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გაძლევთ: ჩაერთოთ სტუდენტურ ცხოვრებაში, საუნივერსიტეტო აქტივობებში, იპოვოთ რაც შეიძლება მეტი მეგობარი, გაუზიაროთ გამოცდილება თანატოლებსა და პედაგოგებს, აღმოაჩინოთ საქართველო – მისი ისტორია, კულტურა და ადამიანები. დარწმუნებული ვართ, თითოეული თქვენგანი გახდებით თქვენი ფაკულტეტის და საუნივერსიტეტო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები“, – აღნიშნა ლელა ჩიქოვანმა.

 

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სტუდენტებთან შეხვედრა დასრულდა კონცერტით, რომელშიც საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მზად ვართ, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის

„ჰეზბოლა“ მზადაა, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელი გაოცებული დარჩება ბრძოლის ველზე.შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურის საძიებლად „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. შედეგად, ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია

აშშ ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს იმ პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღებაც სურს აშშ-ს. კერძოდ, დასახელებულია ათი კონკრეტული პირი, მათ შორის ირანის ახალი უმაღლესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი და უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი.„ფლობთ ინფორმაციას ამ ტერორისტ ლიდერებზე? გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია. ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ მიიღოთ ჯილდო და რელოკაცია“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი „ირანის რევოლუციური გვარდიის“ სამხედრო ფრთის სხვადასხვა სტრუქტურას მართავენ და მათ მიმართულებას აძლევენ.

ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგი, ელენე ჯანჯღავა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.არსებული ინფორმაციით, მას თავის არესი ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.როგორც ,,ტიფლის ნიუსს'' შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ, ყველაფერს ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ირანთან ომში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბულში ყოფნისას განაცხადა.„როგორც მთავრობა, ჩვენ უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. ჩვენი ყურადღება მოვლენების თვალსაჩინო ნაწილზე კი არ არის გამახვილებული, არამედ იმაზე, რაც ფარდის მიღმა იმალება. ყველაფერს ვაანალიზებთ და ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე. ისევე როგორც გასულ ღამეს მოხდა, ამ პროცესში ჩვენ ვახორციელებთ ყველა საჭირო პრევენციულ ზომას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს“, – აღნიშნა ერდოღანმა.შეგახსენებთ, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ომის დაწყების შემდეგ ირანული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს და ნატო-ს სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარული მოცურავე, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი - პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა - პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ - ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ - ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას - პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.

ბოლო სიახლეები