კვირა, ნოემბერი 15, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრს, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორსა და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეულ პროფესორს, ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით წარმატებული კოლაბორაციისთვის, სამუსიკო ხელოვნების სფეროსა და ფილოსოფიის დარგში შეტანილი საპატიო წვლილისთვის, ქართველ სტუდენტებთან და პიანისტებთან დიდსულოვანი თანამშრომლობისთვისა და მათი მხარდაჭერისთვის, მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების გაზიარებისა და ფასდაუდებელი ხელმძღვანელობისთვის მიენიჭა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი არის მუსიკოსი არაჩვეულებრივად მდიდარი ბგერისა და ემოციის დიაპაზონით.

„ვულოცავ ვლადიმირ სტუპელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მომავალი თაობების აღზრდაში. ჩვენს უნივერსიტეტს დღეს შეემატა კიდევ ერთი ელჩი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი და პედაგოგი. ვფიქრობ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე ვლადიმირ სტუპელისთვის ეს არის დიდი პატივი. წარმატებებს ვუსურვებ მას”, – განაცხადა რექტორმა.

პროფესორმა ვლადიმირ სტუპელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს.

„ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანია ის სტუდენტები, რომელთაც ვუზიარებთ ცოდნას, სიყვარულს, ემოციებს. ბედნიერი ვარ იმ ურთიერთობებით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჩემსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის. ბედნიერი ვარ ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესში მონაწილეობით. განსაკუთრებით მახარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დამოკიდებულება ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ. მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკადემიურ საბჭოს, რექტორს – მხარდაჭერისა და დაფასებისთვის”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვლადიმირ სტუპელმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი ფრანგი პიანისტი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი წარსდგა მუსიკალური შესრულებით – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“. სტუპელმა წარმოადგინა ფრანგულ-გერმანული პროგრამა და შეასრულა რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებები. მან, ასევე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, რომელიც ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იმართება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს. მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა. ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები იღებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად – ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად...

უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა. ამის შესახებ განცხადას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ძვირფასო თანამოქალქეებო,ის, რაც უკრაინაშია სასწორზე, ყველას გვეხება. ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა სასწორზე. უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვას ნიშნავს.თუ რუსეთი ევროპულ ქვეყანას თავის ნებას სისატიკით თავს ახვევს, მაშინ მთელი ევროპა სუსტდება.სწორედ ამიტომ უკრაინა დუბლინში ხუთშაბათშა და პარასკევს ჩვენი საუბრების კვლავ შუაგულში იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტზე და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. იქ, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომლიც გაზიარებაც მინდა აქ.პირველია, უკრაინის დახმარება ზამთრის განმავლობაში. უკრაინელები აგრძელებენ სიმამაცით წინააღმდეგობას, რაც აღტაცებას იწვევს.ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრებმა ნათელი გახადა: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. მისი არმია წინ არ მიიწევს. ის უკანაც იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მაგრამ ცხადია, რომ მას ფსონი აქვს გაკეთებული უკრაინის დაჩოქებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების გაზრდითა და ამ ზამთარში ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღვკვეთოთ ეს ფსონი…ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროპამ თავისი სრული როლი უნდა შეასრულოს ამაში, ვინაიდან ჩვენი კონტიტენტის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ამ მშვიდობაზე…ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვის, თუ რა გვინდა ომის შემდგომ პერიოდში. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ჩემი რწმენა გამოვხატო, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა,” - წერს მაკრონი.

საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ – მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.შეხვედრის შემდეგ 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე თავდაპირველად არ უნდა გამოსულიყო. ქართველი სპორტსმენი იურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდა. შეხვედრაში ლაზიშვილი თავდაპირველად მარცხდებოდა, თუმცა მესამე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სძლია.

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ-სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.

ბოლო სიახლეები