როგორც მან აღნიშნა, „ფრონტექსის“ ოფიცრების მანდატის თაობაზე მსჯელობა აპრილში მოხდება და ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმით დასაქმდებიან ოფიცრები საქართველოს საზღვრებზე.
„მარტის დასაწყისში იმყოფებოდა გერმანიის დელეგაცია საქართველოში, სადაც ცალსახად აღინიშნა, რომ ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ეს ახალი პრობლემა არაა და ისინი ამას კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირებენ. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მთავარი წუხილი დღეს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაა. მოგვიწოდებენ ამ მიმართულებითიქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ჩვენც აღვუთქვით, რომ ყველანაირად შევასრულოთ ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვთ. ნახსენები იყო „ფრონტექსი“. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ „ფრონტექსის“ ოფიცრები იყვნენ დასაქმებულები ჩვენს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, თუმცა მათი მანდატი როგორი იქნება აპრილის ვიზიტის ფარგლებში განისაზღვრება. იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, იქნება საკონსულტაციო თუ უფრო ფართო მანდატი. ასევე ვფიქრობთ სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც კრიმინალიზაციას მოახდენს იმ ქმედებების, რასაც ჰქვია უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა“, – განაცხადა ჯავახაძემ და აქვე დასძინა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დღეს საქართველოში უკანონო მიგრაცია კრიმინალიზებულია, თუმცა არსებობს დაუდასტურებელი შეტყობინებები, რომლებიც გარკვეული ჯგუფების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში, თითქოს დასაქმების მიზნით, მოქალაქეების მიგრაციას ეხება.
საქართველოს საზღვრებზე შესაძლოა ევროპელი ოფიცრები დასაქმდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ხუთი პროფესორი ოქროს მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის უნივერსიტეტის ხუთ პროფესორს სტუ-ის ოქროს მედლები და ჯილდოს დამადასტურებელი სიგელები გადასცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გამართული აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა ოქროს მედლები სამშენებლო ფაკულტეტის ოთხ პროფესორს - გელა ყიფიანს, შახ ბაქანიძეს, ტარიელ კვიციანსა და თამაზ ბაციკაძეს გადასცა. აღნიშნული საპატიო ჯილდო ასევე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორს - გიორგი ცაავას მიენიჭა.როგორც დავით გურგენიძემ აკადემიურ საბჭოზე განაცხადა, პროფესორებს - გელა ყიფიანს, შახ ბაქანიძეს, ტარიელ კვიციანს, თამაზ ბაციკაძესა და გიორგი ცაავას ათეულობით წელია განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში, ასევე მაღალი სტანდარტის შესაბამისად ახალი თაობის სწავლების პროცესში, რის საფუძველზეც აკადემიურმა საბჭომ მათი დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ განსაკუთრებული მნიშვნელობის ჯილდოა, რომელიც მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობის, პროფესიული თავდადებისა და უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის გაიცემა. ეს უნივერსიტეტის მხრიდან მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდი ერთგულებით ემსახურებიან არა მხოლოდ მეცნიერების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდობის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებაში.ამჯერად, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო ჯილდო გადავეცით გამორჩეულ მეცნიერ-პედაგოგებს, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაში. მათი საქმიანობა, სამეცნიერო მიღწევები და სტუდენტებთან მუშაობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს მეცნიერი ინჟინერიის განვითარებას, ცოდნის გავრცელებასა და საზოგადოებრივ პროგრესს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს ამ საპატიო ჯილდოს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და კიდევ მრავალ წარმატებულ წელს მეცნიერებისა და განათლების სამსახურში,“ - აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - სტუ-ის „ოქროს მედალი” - რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ნიკა გვარამია – შეუძლებელია სერიოზულად საუბარი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შედგეს, „შარლ მიშელი ორი“ არ იქნება
შეუძლებელია სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შედგეს. ყველა ასეთ შეხვედრაზე ხაზგასმით ვამბობთ, რომ „შარლ მიშელი ორი“ არ იქნება, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, შეხვედრაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მხრიდან არავითარი მოწოდებები არ ყოფილა.„ინფორმაციები გავცვალეთ, რა ხდება ქვეყანაში, რას უნდა ველოდოთ. მაგალითად, ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, ამ ინფორმაციების გაცვლისთვის შეიძლება სისხლისსამართლებრივი საქმე აღგვიძრან. ეს არ არის მკითხაობა და მოსაზრება. ასეთი სისხლის სამართლის საქმეები გვაქვს ადამიანებს, რომლებიც იმ ოთახში ვისხედით და მათაც, ახლა ვინც შევიდა. ამიტომ შეუძლებელია სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ, „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმატი შედგეს. ეს პრობლემები მათ დაახვავეს, რათა შემდეგ ვითომ დათმონ და სანაცვლოდ რაღაც მიიღონ. ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე განულებული არ იქნება ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, რომელიც მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, მანამდე საუბარიც კი არ არის იმაზე რომ, რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს.არავის არაფერი მოუთხოვია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ. მით უმეტეს, როცა მეგობრები ციხეში გვყავს, რა უფლება გვაქვს, ვინმეს რამეზე ველაპარაკოთ ან ვის აქვს უფლება, ჩვენ ეს მოგვიწოდოს? არავითარი მოწოდებები არ ყოფილა, პირიქით, ჩვენ ყველა ასეთ შეხვედრაზე ხაზგასმით ვამბობთ, რომ „შარლ მიშელი ორი“ არ იქნება. იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე. ამაზე საუბარი ვისაც უნდა, კი ბატონო. ვალდებული ვართ, ვისაუბროთ, მაგრამ ვიდრე გვყავს პოლიტპატიმრები, ნაცემი, მოწამლული ხალხი და არცერთი დასჯილი, ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კირ სტარმერი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერი გადაწყვეტილებებს იღებს ჩვენი ღირებულებების, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
ფუნდამენტური პრინციპია, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იღებს. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გააკეთა.კირ სტარმერის განცხადებით, ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობას ეკისრება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს „ფუნდამენტური პრინციპი“ ყველამ ნათლად გაიგოს.„ბრიტანეთის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ასე მივუდექი ყველა საკითხს და ყველა გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც მომიწია. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების გამოყენებით, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი ძალიან ნათლად გავიგოთ“, – განაცხადა კირ სტარმერმა.თუმცა, დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ლონდონი არ წყვეტს ახლო აღმოსავლეთში ამერიკელებთან თანამშრომლობას.„აშშ და დიდი ბრიტანეთი ყოველდღიურად ერთად მუშაობენ, როგორც ყოველთვის, და, ცხადია, ირანთან დაკავშირებით. აშშ ახლა იყენებს ბრიტანულ საჰაერო ბაზებს ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. რეგიონში ყოველდღიურად ხდება დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება. ჩვენი სამხედრო პერსონალი და აშშ-ის სამხედრო პერსონალი ერთად არიან განლაგებული ერთსა და იმავე ადგილებში, ერთსა და იმავე ბაზებზე და ორივე, როგორც აშშ, ასევე დიდი ბრიტანეთი, ამ ბაზების დასაცავად ერთად მუშაობენ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და, ლონდონსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ფონზე, ორი ქვეყნის ერთობლივი ქმედებები განიხილა.„ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან დისკუსია მიმდინარეობს ყველა დონეზე, მუდმივად, ყოველდღე. ასეთია ურთიერთობის ბუნება“, – განაცხადა კირ სტარმერმა.გარდა ამისა, სტარმერმა აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში ომი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ დიდ ბრიტანეთს ეკონომიკური ზიანი მიადგეს. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერი აცხადებს, ომი ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობაზე იმოქმედებს. თუმცა, მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა ამის თავიდან ასაცილებლად მუშაობს.„ვაფასებთ რისკებს, ვაკვირდებით და ვესაუბრებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, ადამიანებზე და, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბიზნესებზე პოტენციური ზეგავლენის შესამცირებლად, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ეს სამუშაო აუცილებელია, რადგან ადამიანები იგრძნობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო იზრდება უარყოფითი ზემოქმედების პოტენციალი ჩვენს ეკონომიკაზე, ასევე იზრდება გავლენა ყველა ადამიანის ცხოვრებასა და ბიზნესზე. ჩვენი საქმეა, რომ ამას წინ აღვუდგეთ, შევაფასოთ რისკი და სხვებთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, „ზოგიერთი ადამიანი“ შეეცდება, კონფლიქტი დიდ ბრიტანეთში „თემებისა და ხალხის გასაყოფად“ გამოიყენოს, რაც მისივე თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ არ უნდა დაუშვას.„ახლა დროა, გავერთიანდეთ, როგორც ქვეყანა, დავიცვათ ჩვენი პრინციპები და ღირებულებები და არ მივცეთ ხალხს საშუალება, რომ გაგვყოს“, – განაცხადა სტარმერმა.
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა
ნიკოლ ფაშინიანმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.„დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცე კავშირი სომხეთსა და ირანს შორის მომავალშიც განვითარდება, დააფიქსირებს რა ახალ წარმატებებს. ვისარგებლებ შემთხვევით და მეგობარ ირანელ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობასა და მდგრად მშვიდობას“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ირანის ხელისუფლებამ 8 მარტს გაავრცელა.
ვიქტორ ორბანი უკრაინას უნგრეთში ნავთობის ფასის ზრდის გამო ადანაშაულებს – „მთელ ევროპაში უნდა გადავხედოთ და შევაჩეროთ რუსეთის ენერგომომარაგებაზე დაწესებული ყველა სანქცია“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინას ქვეყანაში ნავთობის ფასის ზრდის გამო ადანაშაულებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.ორბანის თქმით, ქვეყანაში ნავთობის ფასის ზრდა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების, არამედ უკრაინის მიერ ნავთობსადენ „დრუჟბის“ დაბლოკვის შედეგია.ორბანის თქმით, ნავთობსადენის დაბლოკვა მთელი ევროპისთვის წარმოადგენს პრობლემას.ასევე ცნობილი ხდება, რომ ვიქტორ ორბანმა ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარების განსახილველად მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.„მთელ ევროპაში ჩვენ უნდა გადავხედოთ და შევაჩეროთ რუსეთის ენერგომომარაგებაზე დაწესებული ყველა სანქცია. ეს მე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილი წერილში დავაინიცირე“, – აღნიშნა ორბანმა.

