საქართველოს რამდენიმე ქალაქში სწავლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმა განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება საჭიროა იმისთვის, რომ დღევანდელი რისკები სწორად შევაფასოთ.
„ორი კვირით, ისევე როგორც ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდება პირველ ოქტომბრამდე. ოღონდ მსხვილ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი – უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში დაიწყება პირველ ოქტომბერს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 შემთხვევა გამოვლინდა. 20 გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.