გიორგი კვირიკაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას მიაგო პატივი.
საქართველოს პრემიერმინისტრი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე გენერლის სახლ-მუზეუმს ეწვია.
“მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის, საქართველოს გენერლის – გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. 97 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან…”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი მის Facebook-ის გვერდზე.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაეშვა.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.