ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს აძევებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს რუსეთის ფედერაციაში, ლოურენს ბრისტოუს ნოტა გადასცა, რომლის თანახმად 23 დიპლომატს რუსეთის ტერიტორიიდან გააძევებენ.

ნოტაში წერია, რომ გაერთიანებული სამეფოს საელჩოს 23 თანამშრომელი რუსეთში „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადდა და მათ უახლოეს ერთ კვირაში ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ.

რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ მიიღეს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ 14 მარტს რუსეთის მთავრობასთან მაღალ დონეზე ურთიერთობების გაწყვეტა დააანონსა, გაუქმდა სერგეი ლავროვის ჩანიშნული ვიზიტი ლონდონში, გაფართოვდა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, გაიყინა რამდენიმე რუსი ბიზნესმენის ანგარიშები ბრიტანეთში.

ასევე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, გაერთიანებულ სამეფოში მყოფმა 23-მა რუსმა დიპლომატმა ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვოს.

ეს გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალშვილის მოწამვლის შემდეგ მიიღეს. გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ სკრიპალი, რომელმაც თავშესაფარი ბრიტანეთში 2010 წელს მიიღო, ე.წ. ნერვული აგენტით მოწამლეს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და თავდაცვის მდივანმა მომხდარში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.როგორც ცნობილია, ტანკერზე იერიში განხორციელდა უპილოტო ნავით. ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის სატრანსპორტო მინისტრი ურალოღლუ.თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ტანკერი, თუმცა ბორტზე მყოფი 27 მეზღვაური არ დაშავებულა.უკრაინის დაზვერვის ცნობით, ALTURA თურქული კომპანიის, Pergamon Shipping-ის გემია და სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გადასაზიდად გამოყენებულ რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნება.

თამარ ბაგრატიონი – დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან...

დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.როგორც თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით სამიტი იყო მასშტაბური, ხოლო თემა – გლობალურად მნიშვნელოვანი.„45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში თავიანთ ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი, რომ პირადი ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა, ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, მისივე ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

რობერტ ჰაბეკი – ტრამპმა იმავე მიზეზებით მიიტანა ირანზე იერიში, რა მიზეზებითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე

დონალდ ტრამპმა იმავე მიზეზებით მიიტანა ირანზე იერიში, რა მიზეზებითაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.ბრიტანულ გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში ჰაბეკმა დაწერა, რომ პუტინმაც და ტრამპმაც ომები დაიწყეს „განდიდების მანიით“ და „საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფით“.ამასთან, გერმანელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვერ შეაფასეს „ამ ქვეყნების მზადყოფნა, წავიდნენ მსხვერპლზე“ და ასევე ვერ გაითვალისწინეს უკრაინისა და ირანის პოტენციური მოკავშირეების ინტერესები.„როგორც ევროპა (და იმ დროს აშშ, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში) არ აპირებდა, უბრალოდ დაეცადა, რომ პუტინს საკუთარი სურვილისამებრ ემოქმედა უკრაინაში, ახლა რუსეთი და ჩინეთი დაინტერესებული არიან, რომ აშშ დიდხანს დარჩეს ირანზე ორიენტირებული, ხარჯავდეს საბრძოლო რესურსებს და ინარჩუნებდეს სამხედრო ხომალდებს რეგიონში“, – მიიჩნევს ჰაბეკი.ჰაბეკმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე ომმა ენერგორესურსებზე ფასების ზრდა გამოიწვია და მათი მიწოდება კვლავ გამოიყენება „ევროპის მოწყვლადობის დემონსტრირებისთვის“.ჰაბეკი იყო გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი 2021–2025 წლებში და მონაწილეობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში. ახლა იგი მოუწოდებს ევროპას, მოემზადოს ხანგრძლივი ომის სცენარისთვის და გააძლიეროს თავდაცვა, მათ შორის დააგროვოს დრონების გამანეიტრალებლები და შექმნას ახალი თავდაცვითი საწარმოები.მისი აზრით, აუცილებელია, სასწრაფოდ განხორციელდეს ევროპული ენერგეტიკული სტრატეგია, მათ შორის ენერგიის წყაროების განვითარება.„ვინც ამბობს, რომ ეს ძალიან ძვირია, შევახსენებ: ევროკავშირი წელიწადში დაახლოებით 450 მილიარდ დოლარს ხარჯავს წიაღისეულ საწვავზე. ხშირად, ეს საწვავი იმ ქვეყნებიდანააა, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას განსაკუთრებით არ ემხრობიან. უკეთესი იქნება, ეს თანხები შიდა ენერგიის წარმოებასა და ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვაში დაიხარჯოს“, – წერს ჰაბეკი.

საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი – მარიამ ლაშხი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა აშშ-ში საქართველოს პირველი ლედის მიწვევის ფაქტი შეაფასა.„საქართველოს მოწვევა და საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია გლობალური პოლიტიკის ფორმირებაში“, - განაცხადა ლაშხმა.აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში იმყოფება. გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციასაც შეხვდა.

ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა

ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა.Times of Israel-ის ცნობით, თეირანის სამიზნე გახდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებები.გარდა ამისა, ირანის იერიშის შედეგად დაზიანდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები.სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელზე დარტყმების დროს, სავარაუდოდ, კლასტერული საბრძოლო მასალა გამოიყენა.

ბოლო სიახლეები