ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – მზია ამაღლობელი და გურამ მურვანიძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელების და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის დაკავების მიუკერძოებელ გამოძიებას. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელი წარმატებით დასრულდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის – ტურისტების ოდენობამ 5.1 მილიონს გადააჭარბა

„წარმატებით დასრულდა 2024 წელი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, დაფიქსირდა რეკორდული ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, რომელმაც  5.1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა გასულ წელს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ოდენობა, როგორიც არის ისრაელი, აშშ, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას განაცხადა. 2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი - 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2023 წლის მაჩვენებლებს 4.2%-ით აჭარბებს. „რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, რადგან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები არაერთ წამყვან ავიაკომპანიასთან 2024 წელს. საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარს მიმდინარე წელს დაემატება ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი,“ „იზიჯეტი“, ისევე როგორც შვეიცარიის დაბალბიუჯეტიანია ახალი ავიაკომპანია  „ედელვაისი.“ მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება დამატებით პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან, მილანთან, ციურიხთან, ასევე ჟენევის მიმართულებით“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მსყიდველუნარიანი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში.

პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას. ამასთან, გენერალური პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე არსებული შედეგების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მოცულობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, გამოძიების პროცესში ასევე ჩართულია თბილისის და საოლქო პროკურატურების ყველა საგამოძიებო დანაყოფი. გამოძიების შესწავლის საგანია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მასმედიის, ასევე ცალკეულ პირთა მიერ საჯაროდ, ან სოციალური ქსელების მეშვეობით გაკეთებული და საქართველოს პროკურატურაში შემოტანილი განცხადებები, რომლებიც არჩევნების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე მიუთითებდნენ. გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია რვაასამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. არსებული და მოსაპოვებელი მტკიცებულებების დასაცავად, გამოძიების მიერ საწყის ეტაპზევე დაილუქა ცესკო-ს შესაბამისი საცავები, სადაც განთავსებული იყო ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები. ხსენებული აპარატებიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ მიერ მოწვეული იქნენ შესაბამისი ცოდნის უცხოელი ექსპერტები, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული კომპანიის, „სმარტმატიკის“ წარმომადგენლები. „სმარტმატიკის“ ექსპერტთა უშუალო ჩართულობით, გამოძიების მიერ სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, 2300-მდე ვერიფიკაციის აპარატიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, რომლებზეც განთავსებულია თითოეულ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია. ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვერიფიკაციის აპარატებიდან გამოთხოვილია მასში არსებული გამოძიებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის შემდეგაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ყველა ვერიფიკაციის აპარატი დაილუქა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების და გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო მასიური გაყალბება გამოიწვია, ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის არაერთჯერადმა მიცემამ, რასაც საარჩევნო უბნებზე უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებამ შეუწყო ხელი. აღნიშნულის შესასწავლად გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნების ანალოგიური საარჩევნო უბნები, რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით, ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე ხმის განმეორებით ან/და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა. ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში, იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამორიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა. მოცემული ფაქტი ასევე დადასტურებულია ცესკო-დან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც. მიუხედავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებისა, გამოძიების მიერ დამატებით დაინიშნა კომპლექსური კომპიუტერული ექსპერტიზა, რათა საექსპერტო კვლევების შედეგად დადგინდეს ამომრჩეველთა ორმაგი ან/და არაერთჯერად ვერიფიკაციის შესაძლებლობა. ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე. გამოძიების მსვლელობისას ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულ მარკირების სითხის ვარგისობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამისათვის გამოძიების მსვლელობისას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა. ექსპერტიზას შესაბამისი კვლევისათვის წარედგინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დღეს გამოყენებული მარკირების სითხის (როგორც გამოყენებული, ასევე გამოუყენებელი) ნიმუშები და მარკირების დადგენისთვის საჭირო სპეციალური ფარნები. ჩატარებული კვლევით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში, ულტრაიისფერი სხივებით დანათებით ლუმინისცირებას (ნათებას) ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში, ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა იმ პირს, ვინც მიუთითებდა არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მიეცა შესაძლებლობა მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ მტკიცებულებები, მათ მიერვე გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საჯაროდ გაცხადებული სურვილისა, გამოძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე, მათმა დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა, ნაწილმა კი საერთოდ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ გამოიკითხა იმ პირთა უმრავლესობა, ვინც დასახელდა რაიმე სახის ქმედებაში მონაწილედ და ფაქტების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ჩატარდა სათანადო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების მიერ ასევე გამოიკითხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ცალკეული წევრები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ოთხასამდე ფიზიკური პირი და მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის შედეგებთან დაკავშირებითაც პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა. საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 315-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო საყოველთაო მობილიზაციის შესახებ 310-მა დეპუტატმა. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ეს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის გასახანგრძლივებლად ჩატარებული მე-14 კენჭისყრაა.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს საზოგადოება – ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მცდელობაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. „მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის, პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ, სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს – საზოგადოება. ამ შემთხვევაში ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს

სომხეთის რესპუბლიკის მიერ გატარებული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა თავის მთავარ ეტაპს აღწევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რეგიონის მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე. „ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია, ვიდრე ოდესმე. ეს ურთიერთობები ეფუძნება ბუნებრივ ინტერესებს, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და სტაბილურობის გარანტია. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. სომხეთის რესპუბლიკამ წარადგინა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანთან ურთიერთობების ყველა არსებულ საკითხზე. სომხეთმა შემოიტანა არა მხოლოდ წინადადებები, არამედ გადაწყვეტილებები. ამ კონტექსტში, რეგიონში ესკალაციების პროვოცირების ყველა მცდელობა მოკლებულია ლეგიტიმაციას და საფუძველს, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის ესკალაციის მცდელობები წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან უფრო პრაგმატულია, ვიდრე ოდესმე, აქცენტი კონკრეტულ საკითხებზე ემოციური შეფუთვის გარეშე. ჩვენ მოწოდებული ვართ, განვავითაროთ ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. ჩვენი მეგობრობა საფრანგეთთან გამყარდა და განვითარდა. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, რაც დაფიქსირდა ასევე ბრიუსელში. სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენმა ურთიერთობამ ინდოეთთან ახალი წონა და მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ვითარდება და ღრმავდება. ახლო აღმოსავლეთში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ეს პოზიციონირება ქმნის მყარ საფუძველს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მარადიულობის დღის წესრიგის წარმატებით შესრულებისთვის, რომელიც განხორციელდება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომავალ ეტაპებზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ბოლო სიახლეები