ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

რატი ბრეგაძე – სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური კამპანიის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და მედპერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რაც დაუშვებელია

პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ, მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან ისტორიას ჩაბარდა.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ როდესაც პატიმარი სააკაშვილი შიმშილობდა, ვგულისხმობ პენიტენციურ დაწესებულებებს, მას პენიტენციური სამსახური შესაბამისი პროტოკოლის განუხრელი დაცვით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი, ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ. ადვოკატების მიერ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პატიმარ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში. ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვასაც ჩვენ შევუწყობდით ხელს, თუმცა ამ შეთავაზებასაც მხარე არ გამოხმაურებია და არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის საკვების მიღება, ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელი ნიმუშების არჩაბარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამუდმებული მუქარა და შეურაცხყოფა, ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც დაინტერესებული შეიძლება იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით.

ბრეგაძის განმარტებით, მოვლენათა განვითარების მთელი ეს ჯაჭვი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას.

„პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ. მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან ჩაბარდა ისტორიას. დღევანდელი ქართული სახელმწიფო კი მოქმედებს პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის პატიმრის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

„500-დღიანი პოლიტიკური კამპანიის, სამედიცინო პერსონალის მიმართ პატიმრის ქცევისა და მისი მხრიდან რეგულარული თვითდაზიანების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება და დაუშვებელია, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეურაცხყოფის, თუ კიდევ უფრო დაუშვებელია ის, რომ ხშირად ხდებიან ისინი მუქარის ობიექტები. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ყოველგვარი მცდელობა, პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკური კამპანიებით მათზე იქნას გადატანილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, აკვირდებიან სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური.

ბრეგაძის განმარტებით, ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.

„ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქეცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანდო შესრულებაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიქინებით პასუხისხმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება. პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა. მოუწოდონ მას მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულებისკენ და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება. და ბოლოს, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც ერთი მხრივ, იცავს პატიმრის უფლებებს, ამავდროულად, უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, რაც ამ შემთხვევაში სასჯელის აღსრულებით არის გამოხატული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მოაქვს მშვიდობას

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზად არის. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.„საქართველოსთან მიმართებით რაც პროგნოზებიც არის, ეს შემთხვევითი არ არის. ამას აქვს თავისი ახსნა. როდესაც საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლაზე, ეს ყველაფერი მოაქვს მშვიდობას. რა ფასად დაუჯდა საქართველოს მშვიდობის შენარჩუნება, საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად ხედავს და აფასებს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მტკიცე, პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ვერავინ მოგვხვევს თავს, ვერ გვიბრძანებს, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შევუერთდეთ, რომელიც დამაზიანებელი და დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნებით სახეზეა ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება. ეს მოგცვემს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ის ადამიანები, ის ოჯახები, რომელთაც დღეს ჯერ კიდევ უჭირთ, მიიღებს ის ბენეფიტი, რაც ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე – უამრავი თანხა იხარჯებოდა, რომ გარედან ჩარევებით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, დღესაც არ ჩერდებიან, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.როგორც თბილისის მერმა მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, წლებია, გარე ძალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ. მთავარია, რომ ქვეყნის მოსახლეობა სწორ ანალიზს აკეთებს.„არ უნდა გაგვიკვირდეს. ვიცით, საქართველოსთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება არსებობს – წლების განმავლობაში უამრავი თანხა იხარჯებოდა, რომ გარედან ჩარევებით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, საზოგადოება დაეპირისპირებინათ, პოლარიზაცია გაეღრმავებინათ. ისინი დღესაც არ ჩერდებიან. ჯერ ჰაკერმანის წიგნს და გარე მითითებებს მიყვებოდნენ.ვიხილეთ რევოლუციის არაერთი მცდელობა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აანალიზებს, რა პროცესები მიდის, ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური მტერი. ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება პროცესებს და აქვს სწორი ინფორმაცია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 415 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 103 698  ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებში „გარკვეული პროგრესი“ მიღწეულია, თუმცა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოება რჩება

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებში „გარკვეული პროგრესი“ მიღწეულია, თუმცა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოება რჩება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა.მისივე თქმით, მოლაპარაკებებში პროგრესს ხელი პაკისტანის არმიის მეთაურის თეირანში ვიზიტმა შეუწყო.„ეს ვიზიტი ეფექტური იყო და უთანხმოება შემცირდა ზოგიერთ სფეროებში, თუმცა პრინციპული უთანხმოება ბირთვული საკითხებზე ჯერ კიდევ რჩება. გაჩნდა მეტი იმედი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდება და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება“, – განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა როიტერთან საუბრისას.მისივე თქმით, ყველაზე რთულ საკითხებად რჩება ირანში არსებული გამდიდრებული ურანის საკითხი და თეირანი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის საკითხი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში”, მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ ორგანიზებულ „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, გამოცდილებისა და ინფორმატიკის სფეროში თანამედროვე გამოწვევების გააზრებას. „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში” მონაწილეობდნენ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების მხრიდან. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ქმნის შესაძლებლობა სტუდენტებმა ცოდნა და უნარები საერთაშორისო კონკურენციის პირობებში გამოსცადონ. დეკანის განმარტებით, ოლიმპიადაში 50-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტის ჩართულობა ნათლად მიუთითებს ღონისძიების მაღალ ავტორიტეტსა და ფართო გეოგრაფიულ დაფარვაზე, რაც მას მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად აქცევს.„საერთაშორისო ოლიმპიადები და მსგავსი სახის კონკურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უმაღლესი განათლების თანამედროვე მოდელის კიდევ მეტად განვითარებაში, რადგან ისინი ქმნიან მრავალმხრივ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც სცილდება თეორიული სწავლების ფარგლებს. ოლიმპიადა, პირველ რიგში, ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას - სტუდენტები მუშაობენ კომპლექსურ ამოცანებზე, რომლებიც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას, ალგორითმულ მიდგომებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას. ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიადა ეფექტური პლატფორმაა კულტურათაშორისი კომუნიკაციის განვითარებისათვის. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ, გაცვალონ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ერთმანეთის საგანმანათლებლო სისტემებსა და პროფესიულ მიდგომებს. გარდა ამისა, მსგავსი ფორმატის კონკურსები ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების უკეთ გააზრებას. მონაწილეები ეცნობიან უახლეს მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში. ასეთი აქტივობები აძლიერებს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომით ბაზარზე და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საერთაშორისო აქტივობებში სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ზრდის საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს და ამყარებს სტუ-ის პოზიციებს გლობალურ აკადემიურ სივრცეში. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, საერთაშორისო პროექტებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ინტეგრირდეს მსოფლიო აკადემიურ სივრცეში, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები უცხოურ საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებთან და გაზარდოს თავისი ცნობადობა საერთაშორისო დონეზე.„საერთაშორისო აკადემიურ აქტივობებში, მათ შორის სხვადასხვა დონისა და ფორმატის ოლიმპიადებში სტუდენტთა სისტემური ჩართულობა, რომელიც ხორციელდება რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. პრაქტიკა ემყარება უნივერსიტეტის მისიასა და მიზნებს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაზე, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებაზე. მსგავსი ტიპის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენების უნარის განვითარებას, კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების გაღრმავებას და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზანმიმართულად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და პროექტებში, რაც განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებისათვის. მსგავსი პროცესები ხელს უწყობს უნივერსიტეტის პოზიციონირებას საერთაშორისო აკადემიურ რუკაზე, აძლიერებს მის რეპუტაციას და ქმნის პარტნიორობის გაფართოების საფუძველს. ამასთანავე, მსგავსი აქტივობების ფარგლებში დასახული ამოცანები მოიცავს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო შრომით ბაზარზე, მათი პროფესიული და კვლევითი უნარების განვითარებას, აგრეთვე ინოვაციური და ტექნოლოგიურად ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტი ამ მიმართულებით განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა უზრუნველყოს სტუდენტებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში და ღირსეულად წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

ბოლო სიახლეები