ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

რას წერს უცხოური მედია საქართველოზე – ტელეკომპანია „იმედის“ მიმოხილვა

ყოველ კვირას, 17:00-საათიან „ქრონიკაში“ ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ მიმოხილვას, თუ რას წერს უცხოური მედია საქართველოზე. გიორგი გახარიას ღია წერილი Daily Telegraph-ში, საპარლამენტო არჩევნები, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ეს ის თემებია, რომლებზეც უცხოურმა მედიამ ამ კვირაში გაამახვილა ყურადღება.

ბრიტანულ გაზეთ Daily Telegraph-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილი გამოქვეყნდა სათაურით „ბრექსიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიიდან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება“. პუბლიკაციაში გიორგი გახარია თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხში დასავლეთის საერთო მიდგომაზე საუბრობს.

ყველაზე თავისუფალი, ღია და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც კი ოდესმე ჩატარებულა საქართველოში, გახლავთ ჩვენი ძირითადი ვალდებულება და დიდი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია Fox-ის ახალი ამბების რადიო-ინტერვიუს დროს განაცხადა.

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატას (LCCI) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტის მიზანი საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრებს ერთმანეთთან საქმიანი კონტაქტების დამყარებაში დახმარება და ბრიტანული ბიზნესისთვის საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაა.

ქართული დიპლომატიის ძალისხმევის კიდევ ერთი შედეგია ლონდონის სამრეწველო პალატის ყოველთვიურ პუბლიკაციაში London Business Matters-ში ელჩის ვრცელი სტატია საქართველოზე, რომელიც გასულ თვეს პირველად გამოქვეყნდა.

რა ხდის საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობად თანამედროვე მსოფლიოში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად Casamundi საქართველოს ელჩს ბრაზილიაში, დავიდ სოლომონიას ესაუბრა, რომელიც ბრაზილიაში 2017 წლის ივლისიდან იმყოფება.

ნიდერლანდურმა ვებგვერდმა ANS-online-nl-მა გამოაქვეყნა ბლოგი ღვინის უცნობ ისტორიაზე, რომელშიც აღნიშნავენ ღვინის 8 ათას-წლიან ისტორიას და ქვევრის ისტორიას. ბლოგში ასევე წერია, რომ წითელი, თეთრი და როზე ღვინოების გარდა არსებობს სასმელის სხვა ფერებიც. სტატიის ავტორს მაგალითად ქართული ყავისფერი ღვინო მოჰყვას.

ნიდერლანდური მედია კიდევ ერთ სტატიას უძღვნის Efco-ს ინვესტიციას ქართული მოცვის ბიზნესში და აღნიშნავს, რომ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

ღვინის დაყენების ქართულ, ათასწლოვან ტრადიციას აშუქებს უნგრული მედია. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Baon. HU წერს.

ბრიტანული გამოცემა The Calvert Journal-ი ქართულ არქიტექტურას სტატიას უძღვნის. პუბლიკაციაში სახელწოდებით „ქართული არქიტექტურული სტუდია დაკეცილ ბეტონში ჩამალულ ყავის ქარხანას წარადგენს“ ავტორი ქართული ყავის ბრენდის „მეამას“ სათაო ოფისზე წერს, რომელიც არქიტექტურულმა კომპანიამ Giorgi Khmaladze Architects შექმნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თოვისა და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო, მეორე გვირაბის შემოვლით გზაზე აკრძალულია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მეორე გვირაბში მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად.

ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყაზახეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 922 მლნ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, მზარდია საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი და ყაზახეთთან ურთიერთობა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია. „ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ქვეყნებს შორის, გვექნება ასევე ხელმოწერა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ხელშეკრულების, რაც მნიშვნელოვანია, რომ განვაახლოთ. 1997 წლიდან ჩვენ არ გაგვიახლებია ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის ფორმალური ფორმატი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დინამიური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც თანამედროვე სამყაროში ამ მიმართულებით არსებობს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 922 მლნ დოლარს შეადგენდა. მზარდია საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი, ასე, რომ ყაზახეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყაზახეთი არის ასევე ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. 2024 წელს გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყაზახეთიდან. ჩვენ მომავალში ველოდებით ამ ინვესტიციების ზრდას, როგორც მიმდინარე წელს, ასევე განსაკუთრებით უკვე 2026 წლიდან. რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი განიხილება, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. ასევ ჩვენ გვექნება საუბარი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე. ტრანსპორტი ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც მჭიდეო თანამშრომლობა აქვს ორ ქვეყანას, განსაკუთრებით, სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით. 2024 წელი აქაც გამორჩეული იყო, იმიტომ, რომ პირველი მულტიმოდალური მატარებლები ყაზახეთის გავლით ჩინეთიდან დაიძრა საქართველოს მიმართულებით. შუა დერეფნის როლი ბოლო წლებში კიდევ უფრო იზრდება. ამ კუთხით, ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შევქმენით ერთობლივი საწარმო ყაზახეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ და ეს გაამარტივებს სატვირთო გადაზიდვებს. ასევე ტურიზმი უნდა აღინიშნოს, ყაზახეთი მეექვსე ადგილზეა, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული პარტნიორი ქვეყანა. 200 000-მდე ტურისტი ეწვია საქართველოს ყაზახეთიდან და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური – ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და გაგრძელდება დაკვირვება პატიმრის ჯანმრთელობაზე. „მე მაქვს ასევე კონკრეტულად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვლევები ჩატარდა, ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება დაკვირვება და ზრუნვა ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე, მათ შორის კონკრეტულად ამ პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. აქაც განვსხვავდებით ჩვენ იმ ხელისუფლებისგან, რომელიც არათუ არ ზრუნავდა პატიმრების ჯანმრთელობაზე, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის მიღების შემდეგ, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი, გამჭირვალობის კანონი გაუქმდება. კითხვაზე, „გამჭირვალობის კანონი გაუქმდება?“, – მდინარაძემ უპასუხა: „მისი მიღების შემდეგ, დიახ“. ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა: „დავანებოთ ყველა დეტალს თავი. ლობიზმს შეეხება? ლობიზმის შესახებ იქნება, არ შეეხება? – არ იქნება. რასაც შეეხება ამერიკული კანონი, ზუსტად იგივე იქნება დაკოპირებული და დაინიცირებული“. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი. მამუკა მდინარაძის თქმით, შარშან პარლამენტმა მიიღო  „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც ამოქმედებულა. მდინარაძის განმარტებით, მის ნაცვლად, მიღებული იქნება ახალი, ამერიკული კანონი, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველყოფილი იქნება მისი სრულფასოვანი ამოქმედება. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ  პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში.

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ამბიციური ამოცანა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული, დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქცია

ყაზახეთთან ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება სწორედ ყაზახეთში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ყაზახეთთან აქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. „ჩვენ დღეს ვისაუბრეთ მრავალ თემაზე, რაც უკავშირდება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას მისი ისტორიული ფუნქცია. ეს არის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია და ამ კუთხით საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ვფიქრობ, არის ძალიან დიდი პერსპექტივა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა თემაზე. გარდა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებისა, სხვადასხვა სფეროში შევეხეთ თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორიცაა კულტურა, სპორტი, განათლება და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ყაზახეთისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები