შაბათი, ოქტომბერი 11, 2025

,,რასაც ადამიანი გულში მალავს, ის მის თვალებში იკითხება”-მამა სერაფიმე

ცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში მოღვაწე მოძღვარი, მამა სერაფიმე ბით-ხარიბი, რომელიც წარმოშობით ასირიელი გახლავთ და ქრისტეს ენაზე გალობით გაითქვა სახელი, ბავშვობაში ზოგ მასწავლებელს უჯანყდებოდა და მათ გაკვეთილზე აღარ შედიოდა.
მამა სერაფიმე ბავშვობაში თბილისში ცხოვრობდა. მერე, ოჯახური პირობების გამო, ციმბირში მოუწია წასვლა და სკოლაც იქ დაამთავრა. გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც ტაიკვანდოში სპორტის ოსტატიც გახდა, მაგრამ ბოლოს გულმა საქართველოში და იმ ადგილას გამოუწია, სადაც მისი თანამემამულეები ცხოვრობენ. ასურელების ქანდაში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ისინი  ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან  და სირიიდან გადმოსახლებულან. ამჟამად  სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი ცხოვრობს. ოჯახების უმეტესობა შერეულია და ისინი ქართულად და ასურულად საუბრობენ.  მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.
მამა სერაფიმე ბავშვობიდან მღერის.  ერთი პერიოდი საესტრადო სიმღერებს მღეროდა. უკვე სასულიერო პირი იყო, არამეულ ენაზე გალობა რომ შექმნა. მან „ეტალონს“ საკუთარ ბავშვობაზე უამბო და ქრისტეს ენაზე გალობის შექმნის ამბავი მოუყვა.
მახსოვს, ბაღის გამოსაშვები საღამოსთვის ფოტოს გადაღება უნდოდათ ჩემთვის და მე არაფრით ვთანხმდებოდი. მასწავლებელმა შემოიტანა დიდი ბურთი და შემპირდა, ამ ბურთს გაჩუქებ, ოღონდ სურათი გადაიღეო. დავთანხმდი და გადავიღე.
სკოლაში სწავლის დასაწყისი პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო. 7 წლის ასაკში ბეტონის ამრევ მანქანაში ჩაავვარდი და 2 წელი საერთოდ არ ავმდგარვარ ფეხზე. მერე რაღაც ექსპერიმენტალური აპარატი მეკეთა და იმით დავდიოდი სკოლაში.
– ბეტონის ამრევ მანქანაში როგორ ჩავარდით, ძალიან ცელქი იყავით?
– კი, ძალიან ცელქი ვიყავი. გარეთ ვთამაშობდით ბავშვები. მუხიანში ხდებოდა ეს ამბავი – პირველი მიკრორაიონის მე-9 კორპუსს აშენებდნენ. ეს კარგად მახსოვს. პატარა მანქანა მქონდა და ის ჩამივარდა იმ ბეტონის მანქანაში. ხელი ჩავყავი, ამ დროს ჩაირთო და ბეტონთან ერთად დამატრიალა… ორი წლის მერე დავდექი ფეხზე. ხელი ისეთ დღეში მქონდა, მხოლოდ იმ ხელზე 11 ოპერაცია დამჭირდა. ფეხიც საშინლად მქონდა…
– სკოლაში სწავლობდით, როცა ეს ამბავი მოხდა?
– დიახ, მეორე კლასში უნდა გადავსულიყავი. დაწყებით კლასში გვასწავლიდა ინგა შოთაევნა. კომუნისტების დროს ვსწავლობდი და მაშინ სახელითა და მამის სახელით მივმართავდით მასწავლებლებს. ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი იყო და ყველანაირად გვერდით დამიდგა. მოდიოდა, მასწავლიდა… მისი წყალობით, სასწავლო წელი არ გამიცდა და მადლობელი ვარ ღმერთისა, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა. ძალიან ბევრი რამაა და დამოკიდებული მასწავლებლებზე.
მე-5 კლასში უფრო თამამი გავხდი და დამჯერი აღარ ვიყავი. სულ ვჩხუბობდი, შარიანი გახლდით, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი. რომელი მასწავლებელიც არ მიყვარდა, მის გაკვეთილზე არც შევდიოდი. მე-8 კლასში ფიზიკის მასწავლებელმა ჩემი გარიცხვა მოითხოვა სკოლიდან – არც ერთხელ შემოსულა ჩემს გაკვეთილზეო. გადაირია ქიმიის მასწავლებელი, თქვენთან შეიძლება არ დადის, მაგრამ მე 5-იანს ვუწერო. იგივე თქვა ლიტერატურის მასწავლებელმა. რომელი მასწავლებელიც მიყვარდა, მათ საგანს ვსწავლობდი. ბოლოს, ფიზიკაში გამოცდა ჩავაბარე და ისე გადავედი მომდევნო კლასში. თან ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სხვა მასწავლებლისთვის ჩამებარებინა გამოცდა და არა იმისთვის, ვის გაკვეთილზეც არ დავდიოდი. ამის მერე, რუსეთში, ციმბირში გადავიდა ჩემი ოჯახი და იქ ვსწავლობდი. დღემდე მიყვარს ჩემი 175-ე სკოლა. მივდივარ ხოლმე. ჩემი ალგებრისა და გეომეტრიის და კიდევ სხვა საგნების მასწავლებლები ჩამოდიან ხშირად ჩემთან, მონასტერში. ძალიან მიყვარდა ალგებრა, რადგან უნიკალური მასწავლებელო გვყავდა – ქალბატონი ლიდა. მკაცრი იყო, მაგრამ მთელ კლასს მაინც სასწაულად გვიყვარდა.

როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ბავშვს უყვარდეს? ან, ფიზიკის მასწავლებლის მიმართ თქვენს პროტესტს რა იწვევდა?

– ფიზიკის მასწავლებელს ერთხელ ეგონა, რომ მე ვლაპარაკობდი და სახაზავი ჩამარტყა თავში. ეს ფაქტი იმდენად შემზარავი იყო… არასდროს არავის ვუცემივარ მანამდე და ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი… ალბათ ამპარტავანიც ვიყავი მაშინ, მაგრამ მას მერე  მის გაკვეთილზე აღარ შევსულვარ. ახალგაზრდა იყო და ალბათ პრაქტიკაც აკლდა.

ქალბატონი მანანა გიორგევნა, ლიტერატურის მასწავლებელი გვიყვარდა ყველას, რადგან, მაგალითად, როცა ლექსს ვყვებოდით, გვეუბნებოდა, მხოლოდ ზეპირად ნუ ამბობთ, შეიგრძენით, იმ ლექსში იცხოვრეთო… ყველაფერს ისე მხატვრულად და ლამაზად აკეთებდა, თეატრი გეგონებოდათ მისი გაკვეთილი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას ისე ყვებოდა, აშკარად განიცდიდა. მეგობარი იყო ჩვენი. სხვა მასწავლებლებიც ტკბილად მახსენდება. ვენერა ვლადიმეროვნა იყო მერე ჩვენი დამრიგებელი და თან შრომას გვასწავლიდა. თუ დირექტორთან დამიბარებდნენ, შემომყვებოდა და ეუბნებოდა, გავითავალისწინოთ, რომ ბავშვს ესა და ეს პრობლემა აქვსო. ასევე იქცეოდა ჩემს მშობლებთან – დედაჩემი რომ ბრაზდებოდა, ეუბნებოდა, ქალბატონო მაია, ძალიან გთხოვთ, არ ეჩხუბოთო.

სკოლა მეორე სახლია ბავშვისთვის. დილის 9-ზე უკვე იქ ხარ და 2-3 საათამდე რჩები. ხანდახან 4 საათამდე გვიწევდა ყოფნა, რადგან, თუ რამეს ვერ გავიგებდით, მასწავლებელი რჩებოდა ჩვენთან ერთად და გვამეცადინებდა. ბავშვებს სულ ვეუბნები, სკოლა თქვენი მეორე სახლია და როგორც ოჯახში გასწავლიან ზნეობას, სკოლამაც უნდა ჩაგიტაროს მორალური ცხოვრების გაკვეთილები-მეთქი. 12 წელი სწავლობ იქ და სახლია აბა რა არის?! ყველა ბავშვს მოვუწოდებ, ვურჩევ, რომ ეს ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები იმდენად სასიკეთოდ გამოიყენონ, რომ, საბოლოოდ, საქართველოს ეამაყებოდეს ისინი. ღვთის წყალობა ყველა ჩვენგანშია. ბავშვი კი სუფთა და სპეტაკია. პატარა რომ ვიყავი და 2-იანი მივიღე, დედაჩემმა იტირა. ეს რომ დავინახე, მას მერე დავიწყე სწავლა, რომ დედაჩემის გული გამეხარებინა. ბავშვებს მიზნად უნდა ჰქონდეთ, რომ გული გაუხარონ მშობლებსა და მასწავლებლებს და ისევ მათ გამოადგებათ ეს ყველაფერი.

– მამაო, ციმბირში წასვლა რატომ მოგიწიათ?

– ეს 90-იანი წლები იყო და ცხოვრება რთული გახლდათ. სურსათსაც ვერ ვყიდულობდით… როგორც ყველა ასურელი, მამაჩემიც ხელოსანი კაცი იყო. მას ციმბირიდან სამსახურის შემოთავაზება ჰქონდა და იქ გადავედით. გაჭირვებამ წაგვიყვანა. იქ დავამთავრე სკოლა და რომ დავბრუნდი, საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე.

– ბავშვობიდან მღეროდით?

– დიახ, ვცდილობდი… ორი ვოკალის მასწავლებელი მყავდა – ლალი ნიკოლაძე და ალი მხეიძე. ბადრი ასათიანი სწავლობდა ამ სასწავლებელში. დღეს ის რეჟისორია. მას დავეხმარე, რაღაც წავიმღერე  და ამ დროს  ლალიმ იყვირა, ალი, შეხედე, რა მასალა აქვს ამ ბავშვსო. მეხვეწებოდნენ, თუ გინდა ნუ ივლი, ოღონდ გამოცდები ჩააბარეო. იშვიათად მივდიოდი სასწავლებელში…

სპორტით ვიყავი დაკავებული – ტაიკვანდო იტეეფში ვვარჯიშობდი და სპორტის ოსტატიც გავხდი. საქართველოში ოთხგზის ჩემპიონი რომ გავხდი, უკრაინაში წავედი და იქ დავიწყე ამ დარგში მუშაობა. დღესაც ჩამოდიან ჩემთან ის სპორტსმენები, ვინც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა.

– ესტრადაზეც მღეროდით…  მაშინ არამეული გალობის შესახებ უკვე იცოდით?

– არა, მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ქართულ-არამეული სიმღერა სცენაზე. ქართულად იწყებოდა და არამეულში გადადიოდა. ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა. ჩვეულებრივი, საესტრადო სიმღერა იყო.  მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ბესო კალანდაძის „ტირიფები“. სხვა დროს მხოლოდ იმას ვმღეროდი, რასაც მე თვითონ ვწერდი. მხოლოდ ჩემი და ჩემი დის დაწერილ სიტყვებზე და მუსიკაზე ვმღეროდი.

– გალობა როდიდან დაიწყეთ?

– უეცრად. 2013 წლის იანვრის დასაწყისი იყო. უკვე სასულიერო პირი ვიყავი. სეფისკვერებზე გავუშვი ჩემი მრევლი და გაბრაზებული დაბრუნდა უკან. ვტრაპეზობდით. რა გჭირს შვილო-მეთქი, ვკითხე. რაღა რა მჭირს მამაო, სეფისკვერებზე რომ ვიყავი იკითხეს სადაა ძველ ქანდაში ქრისტიანული ტაძარი, მანდ თათრები არ ცხოვრობენო. ვუთხარი, დამშვიდდი შვილო, არ ინერვიულო, ისეთ გალობას დავწერ, მთელი მსოფლიო გაგვიცნობს-მეთქი. ეს სიტყვები ისე, წამომცდასავით, არც მიმიქცევია ყურადღება. ტრაპეზს რომ მოვრჩით, თავისთავად, გულში დავიწყე გალობა. მერე თითქოს ხმებში დავალაგე. დავუძახე მგალობლებს და… 2013 წლის შობის ღამეს, 7 იანვარს პირველად ვიგალობეთ არამეულ ენაზე და ეს გალობა ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა მართლმადიდებლურ სამყაროში.

ქანდაში  2000 ასურელი ცხოვრობს, თუმცა დედები უმეტესობას ქართველები გვაყავს. ბევრი მთიული ქალია ჩვენს სოფელში გამოთხოვილი, სვანებიც… განათლების სამინისტრომ ახლა უკვე დაგვინიშნა არამეულის გაკვეთილი. ვერ გადახვალ მე-7 თუ მე-8 კლასში, თუ არამეული არ ჩააბარე.

– მამა სერაფიმე, მღეროდით, სპორტით იყავით დაკავებული… სასულიერო ცხოვრების გზას როგორ დაადექით?

– მადლობა ღმერთს, მონასტერში რომ წამოვედი. უფალს შევპირდი და ღვთის წყალობით შევასრულე. უფალს რომ შევპირდი, მის გზას დავადგებოდი, დიდხანს გავურბოდი ამ დაპირებას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე.

– დღესაც წერთ საგალობლებს?

– რა თქმა უნდა! მსოფლიომ გავიცნო. ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში და მუსიკის საღამოებს ვატარებთ. ვიყავით კვიპროსზე, იტალიაში, შვედეთში… პოლონეთში და კანადაში ახლა მივდივართ.

– როგორ აღიქვამენ ქრისტეს ენაზე გალობას?

– სტოკჰოლმში ოფიციალურად მიგვიპატიჟა საქართველოს ელჩმა შვედეთში, ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ. რაღაც ფესტივალი ტარდებოდა და უნდოდა, ჩვენს შესახებაც გაეგო მსმენელს. ამ ფესტივალს ესწრებოდნენ შვედეთის მეფე და დედოფალი. რომ მოვრჩი გალობას, ერთი წუთის განმავლობაში არავინ უკრავდა ტაშს. ვიფიქრე, მორჩა, არ მიგვიღო ხალხმა-მეთქი. თურმე ყველა ელოდებოდა, როდის ექნებოდათ რეაქცია მეფესა და დედოფალს. ისინი ფეხზე ადგნენ და ისე დაგვიკრეს ტაში. ამის მერე ტაში აღარ ჩერდებოდა. დედოფლის ცრემლები რომ დავინახე… ეს უსაზღვრო ემოცია იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

17 წლის მარიამ ამბალიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია 17 წლის მარიამ ამბალიას მდგომარეობის შესახებ, რომელსაც სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა ესაჭიროება.17 წლის მარიამ ამბალია, რომელიც მძიმედ დაშავდა სანადირო თოფიდან შემთხვევით გასრილილი ტყვიით იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად.მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთში გადაყვანას.საზოგადოებას უმორჩილესად ვთხოვთ, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მარიამს!თანხის მიმღები: ეკა გაბისონია.პ/ნ 29001009563ანგ.საქ.ბანკი GE55BG0000000609401350

ვიქტორ ჯაფარიძე გიორგი კაკაურიძეს: სახელმწიფოს უსაფრთხოება ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ძალოვანი სტრუქტურებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება აუცილებელია

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მოხსენების განხილვისას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა.ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს და ძალოვანი სტრუქტურებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აუცილებლად უნდა განახლდეს.„ბატონო გიორგი, ხელფასის 10%-იანი ზრდა კარგია, მეტი ჯობია, მაგრამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, გაუმჯობესება და გაზრდა ძალოვანი სტრუქტურებისთვის აუცილებელია. თუ ამის საშუალება არ არის, რაღაც პროექტებს ნამდვილად უნდა მოაკლოთ და სახელმწიფოს უსაფრთხოება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, უსაფრთხოება ნამდვილად პრიორიტეტული მიმართულებაა და საჭიროების შემთხვევაში რესურსების მობილიზება ხდება.

„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსულმა ტვირთმა ვეტერინარული კონტროლი ვერ გაიარა

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციით და 1000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა''- ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, მასშტაბური პროექტის – „ინოვაციური იდეების კონკურსი“, ჩატარება დაანონსდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) მრავალწლიანი პარტნიორობის ფორმატში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, მასშტაბური საუნივერსიტეტო ინიციატივის - „ინოვაციური იდეების კონკურსი - მომავლის პროექტები“ - ჩატარება სპეციალურად მოწვეულ საორგანიზაციო შეხვედრაზე ოფიციალურად დაანონსდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საორგანიზაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.„შეხვედრაში მოწვეული ექსპერტების სტატუსით ჩართულნი იყვნენ პარტნიორები დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ - კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი, დოქტორი კოლინ რიგბი და ამავე სკოლის პარტნიორობის განვითარების მენეჯერი ციფრული და კრეატიული ინდუსტრიების მიმართულებით - ემა ბონფილიო.როგორც საორგანიზაციო შეხვედრაზე აღინიშნა, ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო ინიციატივის - „ინოვაციური იდეების კონკურსი - მომავლის პროექტები“ - მიზანი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა თანამშრომლებს შორის ახალი სამეწარმეო ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება, ახალი ბიზნესების ამოქმედების ხელშეწყობა და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერაა, რაც საერთო ჯამში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის სტიმულირებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ინოვაციური იდეების საუნივერსიტეტო კონკურსის განხორციელება, რაც მოიცავს ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკულად აღსრულების ხელშეწყობას, რამდენიმე ეტაპად წარიმართება„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმატის კონკურსები საუნივერსიტეტო სივრცის მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ინოვაციური იდეების კონკურსი ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ინტეგრირებას რეალურ ბიზნეს და ეკონომიკურ პროცესებში, გააღრმავებს თანამშრომლობას აკადემიურ სექტორსა და ინდუსტრიებს შორის, ხოლო ახალგაზრდა კონკურსანტებისთვის ამით იქმნება ერთგვარი საუნივერსიტეტო პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად აჩქარებს მათ პროფესიულ, სამეწარმეო და კარიერულ წინსვლას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ეხმიანება თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებს, საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინდუსტრიებთან ეფექტიან კოლაბორაციას. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული პროცესები ხელს უწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩამოყალიბდეს სამეცნიერო და პრაქტიკული ინოვაციების ცენტრად.ინოვაციური იდეების კონკურსი სამ ძირითად კატეგორიაში ჩატარდება. ესენია: „ციფრული ტექნოლოგიები“; „სოციალური გავლენა“; „შემოქმედებითობა“; გარდა ამისა, ცალკე კატოგორიად განვიხილავთ „ფენტეზის“. საგულისხმოა, რომ ინოვაციური იდეების გენერირება და მათი პრაქტიკაში შესრულება მოხდება ინკუბაციისა და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით. გამარჯვებული ახალგაზრდები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიური გამოავლენს მაქსიმუმ 10 ინოვაციურ იდეას, რომელთა წარდგენაც ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, მიმდინარე წლის დეკემბერში, ავტორების მიერ პრეზენტაციის სახით მოხდება. კონკურსში ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდურად. გუნდის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს. კონკურსანტები, რომლებიც დასკვნით ეტაპზე დამუშავებულ პროექტებს წარადგენენ და გაიმარჯვებენ კონკურში, სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან. გვინდა ჩვენმა ახალგაზრდებმა გაითვალისწინონ, რომ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ჩვენს კურსდამთავრებულებს - 18-დან 35 წლის ასაკამდე პირებს, რომლებსაც შესწევთ უნარი წარმოადგინონ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და ამასთან ერთად, სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ,“ - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.საორგანიზაციო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარების, რეგისტრაციის ვადების, საკონკურსო პირობებისა და ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. სტუ-ის ინფორმაციით, ინოვაციური იდეების კონკურსის ჩატარებას ორგანიზებას უწევენ სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი და საუნივერსიტეტო ცენტრი - „ერთად“. კონკურსის მთავარი პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური სერვისების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი; ღონისძიების აკადემიურ მხარდაჭერას სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სამეწარმეო მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამა ახორციელებს, ხოლო კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეებს კონსულტაციებს ბრიტანელი ექსპერტები გაუწევენ.

ნიკოლ ფაშინიანი – პროექტი „ტრამპის გზა“ დსთ-სთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის

„ტრამპის გზა“ დსთ-სთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე განაცხადა.ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი „ტრამპის გზაზე“ აშშ-სთან და შეთანხმებულ მესამე მხარეებთან იმუშავებს.ფაშინიანის თქმით, TRIPP-ის (ტრამ­პის გზა სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის) პროექტი სომხეთს დსთ-ს წევრ აზერბაიჯანთან და დსთ-ს სხვა წევრებთან სარკინიგზო, ასევე სხვა სატრანსპორტო კავშირებით უზრუნველყოფს.„ეს მნიშვნელოვანი ცვლილება და გარემოებაა, რომელიც უდავოდ ხელს შეუწყობს დსთ-ს ფარგლებში ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდას“, – განაცხადა ფაშინიანმა.როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, პროექტი თანამეგობრობის ქვეყნებისთვის ექსპორტისა და იმპორტის ახალ შესაძლებლობებს ხსნის.ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებაზე. მისი თქმით, დამყარებული მშვიდობა არ ნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები ამოწურულია.„ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავამყაროთ ორმხრივი სავაჭრო, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული კავშირები და მოვაგვაროთ ჰუმანიტარული საკითხები. მტრობის მრავალწლიანი ისტორიის გათვალისწინებით, ეს მარტივი საქმე არ არის, თუმცა დამყარებული მშვიდობა იძლევა რწმენას, რომ ეს საკითხები თანდათან მოგვარდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ბოლო სიახლეები