ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026

პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა და მადლობა გადაუხადა გმირობისა და თავდადებისათვის.

“დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც თავისი სიცოცხლით მოგვცა შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გმირების საქმეებსა და წარსულზე აფუძნებს თავის მომავალს, ვზარდოთ ახალი თაობა, რომლესაც ნათლად შეგვიძლია მივუთითოთ, რომ მათი წინაპრები ურთულეს პირობებშიც კი, არ კარგავდნენ სიმამაცეს, არ კარგავდნენ სამშობლოს სიყვარულს და არ ტყდებოდნენ ვერაგი მტრის წინაშე.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დაეცა არაერთი დიდი მამულიშვილი, რომელმაც მაშინდელი ომის წაგების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სიძლიერეს და ოკუპირებულ ტერიტორიების დაბრუნებას. მათი ნეშთები წლების განმავლობაში რჩებოდა მშობლიური აფხაზეთის მიწაში, თუმცა მოხერხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გადმოსვენება და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მივაგოთ კიდევ ერთხელ პატივი მათ გმირობას. ჩვენ დღეს ვაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმის დაცემის დღეს ერთად იდგნენ და ერთად უპირისპირდებოდნენ მტერს. კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი ოჯახის წევრების გმირობისთვის. მინდა კიდევ ერთხელ თავი დავხარო იმ მამულიშვილების ხსოვნის წინაშე, რომელთა მაგალითზეც იზრდება ახალი თაობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: მერაბ კვინიკაძე, გენური ლიპარტელიანი, შალვა ნადირაძე, გივი პაპუაშვილი, სერგო სილაგაძე ალექსანდრე ფარცვანია, ვახტანგ ფარცვანია, არშაველ შენგელია, ვახტან გორგასლის II ხარისხის ორდენით კი, ელგუჯა შარტავა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მამია ალასანიას შვილი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კრიშტიანუ რონალდუ ხვიჩა კვარაცხელიას – შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!

შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის! - ასე მიმართა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმაკრიშტიანუ რონალდუმ ხვიჩა კვარაცხელიას "ინსტაგრამის" საშუალებით."ფეხბურთში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ხვიჩა, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს გრძნობა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და ნუ მისცემ ერთ რთულ პერიოდს უფლებას, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგატანინოს.შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი! შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!", - დაწერა რონალდუმ "ინსტაგრამზე".საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პსჟ“-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მიღებულ ტრავმას "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა და დაწერა, რომ „უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია“.

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება:„საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მშვიდად განისვენე კაპიტანო“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

გია ვოლსკი – სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო, პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცნენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პარტიების აკრძალვა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პარტია კანონის მიხედვით დაკისრებულ თავის როლს როცა აღარ ასრულებს, ეს გადაწყვეტილება მისაღებია.„პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, ეს პარტიები რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცა. ქვეყნის არსებობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. ადამიანთა ჯგუფი ქვეყნის არსებობას როცა ემუქრება, რას დაირქმევს — პოლიტიკურ პარტიას, თუ ნებისმიერ სხვა სახელს, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. წარმოდგენილი პრეტენზიები არანაირ შესაძლებლობას არ ტოვებს იმისთვის, რომ პარტიად იწოდებოდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საბოტაჟს ინტენსიურად ახორციელებს. ეს არაერთხელ გახდა დაპირისპირების, მათ შორის მძიმე ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. მათი მცდელობები არ გაჩერებულა, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწევიან. ამ ყველაფერმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღო მწვავე ხასიათი, თუმცა ეს მცდელობები არც იმის წინ გაჩერებულა. სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმაზე – თავში მიტრიალებს, რატომ მაინც და მაინც მე? მზად ვარ, ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო – უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე...

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პსჟ“-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მიღებულ ტრავმას ეხმაურება.ხვიჩა კვარაცხელია წერს: „უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია“.„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი, მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია, ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ, პირობას ვდე,ბ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.შეგახსენებთ, „პსჟ“- მა თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.

ირაკლი კობახიძე – ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირი ფორმით ვერ იქნება აღიარებული, ამ პოზიციას გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი

ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება და ბუნებრივია, ეს იქნება ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი, ძალიან მარტივად არის საქმე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას შეეხებოდა.კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ახლა დანიშვნა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაინახა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება კონკრეტულ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობისთვის, მათ შორის, ესენია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები.„გარკვეული დრო გადის, გროვდება გამოცდილება, აკვირდები მოვლენების განვითარებას, როგორია პრაქტიკა. საბოლო ჯამში, დავინახეთ რომ არის კიდევ ერთი არხი საჭირო იმისათვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ შესაბამის საკითხებზე.რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, ერთია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რითაც არის დაკავებული მათ შორის, ჟენევის ფორმატი, ჟენევის ფორმატში ჩვენი წარმომადგენლობა. ეს არის ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმართულებით დავინახეთ დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები