ჟენევაში, მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი დროს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც მხარეებმა 2008 წელს მოაწერეს ხელი, ჰუმანიტარულ კრიზისზე, კოვიდპანდემიის გამო გაუარესებულ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტების შესახებ ისაუბრებენ.მოლაპარაკებები პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გუშინ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებისას, თუ ვინმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას წამოწევს წინ, საჭირო პასუხი გაეცემა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები ტრადიციულად საკმაოდ მძიმე ფონზე იმართება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რის გარშემოც არის საერთოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილი.
