ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით – „საქართველო იმსახურებს უკეთესს“, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.
გვარამიას თქმით, ეს კამპანია ახალი, დემოკრატიული არჩევნებით უნდა დასრულდეს.
„ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით, სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი. დიახ, საქართველო იმსახურებს უკეთესს. მინდა, მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ – 2023-ში დაპატიმრებულებს, 2024-ში დაპატიმრებულს, 2025-ში დაპატიმრებულებს – 4 ოქტომბერს, ყველას, ვინ პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს. მინდა, მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც დიახ, აქ დგანან ახლა და რომლებიც უკვე ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება. დაბოლოს, მინდა, მოგესალმოთ თქვენ, ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

