ხუთშაბათი, მარტი 26, 2026

“ნატვრის ხის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ “მონანიება” ელოდა…” – გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე

დაუვიწყარი ფილმების რეჟისორს, თენგიზ აბულაძეს ინტერვიუების მიცემა არ ჰყვარებია, ტელე გადაღებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ამიტომ ნაკლებად თუ შემორჩა მაესტროს ინტერვიუ, რაიმე პორტრეტული ფრაგმენტი… ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც მისმა რძალმა, კინო რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ თენგიზ აბულაძეზე წიგნის გაკეთება გადაწყვიტა, ეს იყო. და წიგნი, რომელსაც „თენგიზ აბულაძე – ანარეკლები“ დაარქვა, 2009 წელს დაიბეჭდა. ქალბატონმა ნანამ ეს არაჩვეულებრივი წიგნი მისახსოვრა და შევეცდები, იქიდან საინტერესო პასაჟები გაგიზიაროთ.

მაშ ასე, 31 იანვარს დიდი მაესტრო 100 წლის გახდებოდა

პირველი ფილმი რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო. „მაგდანას ლურჯას“ დაბრკოლება შეხვდა, ფილმის ჩამორთმევა უნდოდათ. მაგრამ პირველი წარმატება მოულოდნელად მოვიდა. ფილმი კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. კონსტანტინე გამსახურდიამ მწარედ იხუმრა: ევროპაში ვირებით გავედითო. კანში გამარჯვების შემდეგ რეზოს და თენგიზს ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა.

“სხვისი შვილების“ გატანაც ბრძოლით მოუხდა. ასეთი შენიშვნები ჰქონდათ: ბავშვებს პიონერის ყელსახვევი რატომ არ უკეთიათ? რატომ არ გაიარეს იმ ქუჩაზე, სადაც ლენინის ძეგლი დგას? საბჭოთა ფილმი არ არის, იგზავნებოდა ამგვარი შინაარსის ანონიმური წერილები.

„მე ბებია ილიკო და ილარიონსაც” გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. რატომ გურიაში არ არის გადაღებულიო? თენგიზი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სახვით გადაწყვეტას, რომ გურიის სიმწვანემ ხელი შეუშალა.

ფილმ „ვედრებაში“ ვაჟას ბევრი ისეთი უცნობი ნაწარმოებები შევიდა, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ხალხმა ვაჟა-ფშაველას კითხვა დაიწყო. ფილმს ყველაზე დაბალი, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. გრიგოლ კიკნაძემ თქვა, ფილმს რომ ხელს ფელინი აწერდეს, მაშინ ჩვენი სნობი საზოგადოება სხვანაირად ილაპარაკებდაო. შვიდი წლის შემდეგ კი “ვედრებამ” სან-რემოში გრან-პრი მიიღო.

მზია მახვილაძე, თენგიზ აბულაძის მეუღლე: „მონანიებას“ რომ იღებდა, ორი „კაგებეშნიკი“ მივიდა სტუდიაში, თენგიზი ოთახში შეიყვანეს და დაკითხეს. მერე სცენარი მოსთხოვეს და წაიღეს. ძალიან გვეშინოდა. თენგიზმა სახლში მთელი დისიდენტური ლიტერატურა მოაგროვა და სახლიდან გაიტანა, ახლობლებს მიაბარა.

მოახლოვდა 31 იანვარი, თენგიზი 60 წლის ხდებოდა. ზღვა წერილები და მილოცვები დაიბეჭდა. მე ვამშვიდებდი, ნახე, რა ხდება, ალბათ, ფილმი არ დაუხურავთ, თორემ ასე ხომ არ აღნიშნავდნენ შენს იუბილეს-მეთქი. ამათი ამბავი არ იცი შენ. მიხეილ ჯავახიშვილი მაშინ დაიჭირეს, ზენიტში რომ იყოო, მიპასუხა. დაბადების დღეზე 40 კაცი შეიკრიბა. გიგა ლორთქიფანიძე იყო თამადა. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. მოვიდა ედუარდ შევარდნაძის თბილი მოლოცვა.

მეორე დილით რვა საათზე დარეკა ტელეფონმა. თენგიზმა აიღო და მესმის მისი ხმა: დიდი მადლობა, ბატონო ედუარდ. წავიკითხეთ თქვენი მოლოცვა, დიდი მადლობა. ეს ზარი ჩავთვალეთ იმის ნიშნად, რომ  “მონანიების” გადაღების გაგრძელება შეიძლებოდა.

სხვა რეჟისორები რომ მიწვევდნენ გადასაღებად, არ მიშვებდა. მე გადაგიღებო. თვითონაც არ გადამიღო. მე კი არა, მანანა აბაზაძე არ გაუშვა სხვასთან. ეჭვიანი იყო. უნდოდა, რომ თავისი აღმოჩენილი ადამიანი მარტო მისი ყოფილიყო. ორი პატარა ეპიზოდი მერგო – „ნატვრის ხესა“ (ნინოლას როლი, ფუფალას რომ თავის ტკივილის წამალს ასწავლის) და „მონანიებაში“ (მორების ეპიზოდში დედა).

მე მჯერა, რომ თენგიზს მტერი არ ჰყოლია. თვითონ არავის მტერი არ ყოფილა. ყოველთვის ამბობდა, ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოსო.

თენგიზმა იარა თავისი გზით, სწორი გზით, სხვანაირად არც შეეძლო.

თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმი – “მონანიება” საბჭოთა ცენზურას ძლივს გადაურჩა. ამაში ლომის წვლილი ედუარდ შევარდნაძეს, იმ დროინდელი ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს მიუძღვის.

ამდენად, ვინც შევარდნაძეს, როგორც პოლიტიკოსს კიცხავს, იქვე მადლობა უთხრას იმისთვის, რომ დღეს ეს შედევრი გვაქვს. აბა, წარმოიდგინეთ ჩვენი ფილმების პალიტრა “მონანიების” გარეშე.

ფილმის გარშემო შესანიშნავად ჰყვება აბულაძის რძალი, კინო რეჟისორი ნანა ჯანელიძე.

“ნატვრის ხის” გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე მძიმე ავარიაში მოჰყვა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, რეჟისორი სასწაულებრივად გადარჩენილა. მას გაუჩნდა რწმენა, რომ გადარჩა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა შექმნას.

ქუჩაში შეხვდა აკაკი ბაქრაძე. მას უთხრა, რომ ახალი ფილმისთვის სცენარს ეძებდა. აკაკიმ გაიხსენა ამბავი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა: ვიღაცას წარსული ცოდვებისთვის ამოუთხრია მიცვალებული და ჭირისუფალს ჭიშკართან მიუყუდა. ისიც დაუმატა, რომ ამ თემაზე მწერალი ნოდარ წულეისკირი მუშაობდა.

ნანა ჯანელიძე: 1937 წელს მაღალჩინოსან ჩეკისტს ბუღალტრის ლამაზი ცოლი მოეწონა. ჩეკისტმა ბუღალტერი გულაგში (შრომა გასწორებითი კოლონია ციმბირში) გაგზავნა, ცოლი კი საყვარლად გაიხადა. ქალმა თავი ჩამოიხრჩო. გავიდა წლები, ჩეკისტი გარდაიცვალა და შურისძიება შეუძლებელი გახდა. მაშინ მსხვერპლის ვაჟმა საზარელი სასჯელი მოიფიქრა – მიცვალებული ამოთხარა და პატრონს სახლთან მიუგდო.

ეს ზუსტად ის იყო, რასაც აბულაძე ეძებდა. ეს ფაბულა იქცა მისი მომავალი ფილმის კვანძად. სცენარს “აფთარი” დაარქვა.

იმ დროს სტალინური რეპრესიები ჯერ კიდევ აკრძალული თემა იყო, მით უფრო მასზე ფილმის გადაღება. სცენარსა და ფილმს მკაცრი ცენზურა უნდა გაევლო, საქართველოსა და მოსკოვში, ამიტომ ეს ჩანაფიქრი განუხორციელებელი ჩანდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავარია კარგი სცენარი დაიწეროს, შემდეგ კი განგება თავად განკარგავს ფილმის ბედს.

რასაკვირველია, თენგიზ აბულაძე ასე მარტივად არ უყურებდა ამ ყველაფერს. მან გადაწყვიტა, რომ ათგვერდიანი სინოფსისი ეჩვენებინა ედუარდ შევარდნაძისთვის. სინოფსისის ავტორი ნოდარ წულეისკირი იყო. შემდეგ სცენარზე მუშაობისას ის ჯგუფს გამოეთიშა. მუშაობის პროცესში კი სცენარი სრულიად გადასხვაფერდა. (“მონანიების” სრული ისტორია ნახეთ ამ ბმულზე.)

გიგა ლორთქიფანიძე: “მონანიება” იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. მისი გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მახსოვს, სცენარი ედუარდ შევადრნაძეს მისცა წასაკითხად. გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა, მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა. შეუძლებელია ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთო. დაურეკა რეზომ შევარდნაძეს და მან მეორე დღეს დაიბარა ორივე. ეს არის გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს. არც ტელევიზია. ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ. მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო. „მონანიების“ ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოსდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, გამხდარი და შეცვლილი მიდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ასე გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ.

სოფიკო ჭიაურელი: ფუფალა ნათელი ფერია ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ვფიქრობ, სხვა რომ აღარაფერი გავაკეთო, ფუფალა ხომ მაინც დარჩება-მეთქი. ქართული კინოს კი ის პერიოდი დარჩება როგორც კლასიკა.

მაგიჟებდა თენგიზის ინტელექტი. მსახიობისადმი საოცარ ნდობას იჩენდა. იცით, როგორ გიგდებდა ყურს? თითქოს პირველად მოვიდა კინოში. ის არ იყო ის პიროვნება. რომელსაც რაღაც ჩაფიქრებული აქვს და არ გადაუხვევს. ისეთ გენიოსსაც კი, როგორიც ჩაპლინია მოჰყავდა მუშები, გამნათებლელი და აჩვენებდა მასალას, თვითონ უკან ჯდებოდა და აკვირდებოდა, ვის როგორი რეაქცია ჰქონდა.

მარიტას ვირის ტარების ეპიზოდი რომ ეკრანზე პირველად ვნახე, ვეჩხუბე თენგიზს. იცით რატომ? ფუფალას სირბილის ეპიზოდი გრძლად გვქონდა გადაღებული. მორბის ეტაკება ვიღაც, ისევ მირბის, მერე დაეცემა. ეს დაცემა ძალიან კარგად მქონდა მომზადებული. მონტაჟის დროს ამოჭრა. რა ვქნა, სოფიკო, განა ჩემთვის ადვილი იყო? ყოველ კადრს, როგორც შვილს ისე ვემშვიდობებოდიო, მითხრა.

ჩიკაგოს ფესტივალზე ჟურნალისტები ვერ მიხვდნენ, მე ვის ვთამაშობ ფილმში. მარიტა არ ვიყავი, მაგრამ ვინ? როცა ვეუბნებოდი, ფუფალა ვარ-მეთქი, გაოცებულები მიყურებდნენ. “მონანიებას” რომ იღებდა, თენგიზმა დამირეკა და მითხრა, ერთი პატარა როლია, მინდა ფუფალას ხასიათის გაგრძელება იყოს. ცოტა დაგაბერებთ და იქნები ქალი, რომელიც ტაძრისკენ მიდის, ტოვებს ამ ქვეყანასო. რად გინდა ჩემი დაბერება, დედაჩემი აქ არის-მეთქი. გაჩუმდა და მკითხა, დაგვთანხმდებაო? დედაჩემი გადაირია, არსად არ წავალო! აქ მოვიდნენ და ჩვენს პატარა ქუჩაზე გადაიღეს მსხვილი ხედებით… ასე რომ “მონანიებაში” ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანე. ზეიკო ბოცვაძე თურმე ფუფალას როლზე ოცნებობდა, მე კიდევ პირიქით, “მონანიების” ქეთი ბარათელზე…

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა – პიტერ ანდრეოლის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება შეძლოს, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება მიტაცებულია

პიტერ ანდრეოლის ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, პიტერ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა.„შეთანხმება აზერბაიჯან-სომხეთს შორის და სამხრეთ კავკასიაში ნებისმიერი პროექტის განხორციელება უნდა გულისხმობდეს საქართველოს თანამონაწილეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ამ უდიდეს შესაძლებლობას და პოტენციალს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კარგავს, რადგან ის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაჩერების პირობებში, საქართველოში აძლიერებს ისეთი რეჟიმების გავლენებს, როგორებიც არის კომუნისტური რუსეთი, კომუნისტური ჩინეთი და ტერორისტული ირანი, რომელთანაც, იცით, რომ აშშ ღია ომშია. ამაზე ჩვენი ამერიკელი მეგობრები ინფორმირებულები არიან, მათ შორის ისინი, ვინც ახლა საქართველოში იმყოფებიან. თავად დირექტორ ანდრეოლის ჩასვლა ფოთის პორტში და შემდგომ ანაკლიაში, ბუნებრივია, ღიად მიანიშნებს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გადატვირთვისთვის არ დაგეგმილა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხვდება ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ამითაც თავისთავად უნდა შეუქმნას ყველას სურათი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც აქვთ მათ ამ ვიზიტის დროს, რომ, რეალურად, ეს ვიზიტი არანაირ გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება. თუმცა ეს ვიზიტი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ყველა ეკონომიკური პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აშშ-ის ინტერესი რეგიონისადმი ასეა გაძლიერებული. სამწუხაროდ, დღეს ეს არ არის შესაძლებელი, რადგან ხელისუფლება რეჟიმს აქვს მიტაცებული, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხისა და შეერთებული შტატების  ინტერესებს, არამედ ჩვენს ქვეყანაში ირანის, ჩინეთისა და რუსული გავლენების გაძლიერებას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება.

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა

ევროპარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ახალი წესები დაამტკიცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ახალი, საერთო წესების შემოღებას, რომლებიც კორუფციის პრევენციისა და წინააღმდეგობის სამართლებრივი ჩარჩოს ჰარმონიზაციას უზრუნველყოფენ. კანონი 581 ხმით მიიღეს, წინააღმდეგ 21 დეპუტატი წავიდა, ხოლო 42-მა თავი შეიკავა.კანონის თანახმად, კორუფციად მიიჩნევა: ქრთამი, საჯარო თანხების მითვისება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, გავლენებით ვაჭრობა, კორუფციასთან დაკავშირებული უკანონო გამდიდრება და ა.შ. კანონი ასევე უზრუნველყოფს, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში მაქსიმალური სასჯელი არ იყოს ძალიან რბილი. წევრ ქვეყნებს კი შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცრონ სასჯელი.წევრ ქვეყნებს დაეკისრათ მოვალეობა, ყოველწლიურად მიიღონ და განაახლონ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიები, პროცესში ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება, შეაფასონ რისკები, უზრუნველყონ ნდობითი მექანიზმები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევისთვის, გამჭვირვალე გახადონ პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება და სხვა მსგავსი ღონისძიებები.ასევე, ახალი წესების თანახმად, უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროპულ ორგანოებსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო.ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„„ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა“ (გამოცხ. 14:13). ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის უფლისმიერ მიძინების შესახებ.ჩვენს გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ საქართველოს ეკლესიის საყვარელ მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და მრევლს, რომლებიც გლოვობთ ამ საყვარელი მწყემსის დაკარგვას. მხურვალე ვედრებას აღვავლენთ მისი სულის განსასვენებლად, რათა მან ჰპოვოს „ერთგული და გონიერი განმგებლის“ (ლუკა 12:42) კუთვნილი ჯილდო.იყოს ხსენება მისი საუკუნო. ლოცვითა და აღდგომილი უფლისმიერი სიყვარულით“, – ნათქვამია 19 მარტით დათარიღებულ სამძიმარში.

კახა კალაძე – შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სამი პოლონელი დეპუტატის მოთხოვნას, საქართველოში სამი ტელეკომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, ისევე, როგორც ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, აღნიშნული დეპუტატების მოთხოვნაც არგუმენტებს მოკლებულია და მათ პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.„შეტევები, მუქარები გრძელდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მათ არ სიამოვნებთ სიმართლე. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ შანტაჟს. მაგალითად, ბრიტანეთმა გამოსცა დასანქცირების ბრძანება კონკრეტულ ტელევიზიებთან მიმართებით, მაგრამ არანაირი არგუმენტები არ არსებობდა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც საუბარია სიტყვის თავისუფლებაზე, აქ უკვე ორმაგი სტანდარტი შემოდის. მათ უნდათ, არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს. ეს დემოკრატიისგან შორსაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა

შავ ზღვაში, ბოსფორის სრუტის მახლობლად ტანკერ ALTURA-ზე თავდასხმა განხორციელდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.როგორც ცნობილია, ტანკერზე იერიში განხორციელდა უპილოტო ნავით. ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის სატრანსპორტო მინისტრი ურალოღლუ.თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ტანკერი, თუმცა ბორტზე მყოფი 27 მეზღვაური არ დაშავებულა.უკრაინის დაზვერვის ცნობით, ALTURA თურქული კომპანიის, Pergamon Shipping-ის გემია და სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გადასაზიდად გამოყენებულ რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნება.

ბოლო სიახლეები