ორშაბათი, მაისი 11, 2026

მრავალსაუკუნოვანი კავშირი-ირანულ-ქართული ურთიერთობის კულტურული ხიდი თბილისში-რას წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

,,დღეს საღამოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ თბილისში საკუთარ ფასადზე ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის სიმბოლო გამოფინა — სიმბოლო, რომლის ფესვები ირანელი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ცივილიზაციურ, კულტურულ და ცოცხალ კავშირებშია.
ირანელები და ქართველები ორი კულტურის, ორი ენის, ორი ტრადიციისა და ცხოვრების ორი განსხვავებული წესის მატარებელნი არიან, რომლებმაც ისტორიისა და პოლიტიკის სირთულეების მიღმაც შეძლეს ცოცხალ ურთიერთობებში მეგობრობის, თანამშრომლობისა და პატივისცემის საფუძვლის შექმნა.
ეს კავშირი მხოლოდ ისტორიული მოგონება არ არის; იგი ცოცხლობს ენაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, რიტუალებსა და ორივე ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში. დღესაც მრავალი სპარსული სიტყვა ქართულ ენაში იმავე მნიშვნელობითა და ჟღერადობით გამოიყენება, როგორც ირანში. ამავე დროს, ქართული არქიტექტურა, ხელოვნება, სიმამაცე და სულიერი ძალა ირანის თანამედროვე ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობდით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით და საერთო ადამიანურ მემკვიდრეობას მომავალ თაობებს გადავცემდით. რადგან ხალხებს შორის ურთიერთობები, პირველ რიგში, ცოცხალი და სოციალური კავშირებია — ურთიერთობები, რომლებიც ემყარება ემოციას, აღქმას, მეხსიერებასა და საერთო ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

დღეს ირანის საელჩომ თბილისში მხოლოდ ერთი გამოსახულება კი არ წარმოადგინა; მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ხალხებს შორის კავშირები და ინტერესები ბევრად უფრო ძველი, ღრმა და მდგრადია, ვიდრე ნებისმიერი მსწრაფლწარმავალი პოლიტიკური ურთიერთობა”-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ლაშხი – სლოვაკეთი საქართველოს ერთგული და დამცველი მეგობარია ევროკავშირში, რიხარდ რაშისთან სხვადასხვა მიმართულებით ვისაუბრეთ, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე

სლოვაკეთი არის საქართველოს ერთგული და დამცველი მეგობარი ევროკავშირში. სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან სხვადასხვა მიმართულებით ვისაუბრეთ, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განათლებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.ლაშხის თქმით, ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა განათლების ძალიან მასშტაბური რეფორმა განახორციელა.„ჩვენ მათ გამოცდილებას გავიზიარებთ. მოგეხსენებათ, საქართველო ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ვისაუბრეთ როგორც ზოგად განათლებაზე, ასევე ცენტრალიზებულ მიმართულებაზე გამოცდილების გაზიარებაზე. ჩვენ მალე განათლების კომიტეტს ვუმასპინძლებთ, სადაც უშუალოდ რეფორმის ასპექტებს განვიხილავთ. მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბარი. სლოვაკეთში ამ მიმართულებით კარგი პრაქტიკა არსებობს და იმედია, საქართველოდან ახალგაზრდულ პარლამენტს სლოვაკეთში უმასპინძლებენ, სადაც გაეცნობიან ევროპული ქვეყნის პარლამენტის მუშაობას, ასევე პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადი განათლების კუთხით სკოლებში მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელეს, რაც, ერთი მხრივ, ორიენტირებულია ხარისხის უზრუნველყოფაზე და ასევე ეს არის ევროპული სტანდარტების ინტეგრირება უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე სამეცნიერო მიმართულებით. სამეცნიერო კუთხით კოდიფიცირების გეგმა გვაქვს და ამ თვალსაზრისითაც ევროპული ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინტეგრირება სამეცნიერო ფონდებსა და პროექტებთან, რაც ამ ოჯახთან უფრო მეტად დაგვაახლოებს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში

დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.„შემიძლია, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის ციტირება მოვახდინო. მან თქვა, რომ სლოვაკეთს და ევროპას საქართველო სჭირდებათ იმისთვის, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. მგონი, ამაზე მკაფიო გზავნილი არ არის საჭირო, რომ მოვისმინოთ. დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო საყრდენია.

მეუფე შიო – დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, სამების ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ ეკლესიის ახალი მწყემსთავარი

დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლაწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ახალი მწყემსთავარი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა და პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მეუფე შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების გახსნისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, „თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილების  და ღვთივ გამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ჩვენი არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე“.„ამავდროულად, ეს მოვალეობა გვაძლევს ძალას და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობით და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ“, – განაცხადა მეუფე შიომ.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს დღეს აირჩევენ. კრება ამ დროისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ირაკლი ქადაგიშვილი – ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა

ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და, რა თქმა უნდა, პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა იმ სამი კანდიდატიდან, რომლებიც ცნობილია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ერისა და ქვეყნისთვისაც.„ამ წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არსებობდა პროცესის დისკრედიტაციისა და ურთიერთთავდასხმის მცდელობები. ცდილობდნენ, ამ პროცესისთვის რაღაცნაირად ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც ისე წარიმართა და წარიმართება, როგორც საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან. ტაძარში გაფართოებული საეკლესიო კრება 13:00 საათზე დაიწყება.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

მეუფე გრიგოლი – ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ

ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განაცხადა.„იყავ, უფალო, ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“,-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან.ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდება, გაფართოებული კრება კი 13:00 საათზე დაიწყება.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

ბოლო სიახლეები