ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებით, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არიან პროცესში, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ყაველაშვილის თქმით, მათთან ძალიან თბილი, გულწრფელი კომუნიკაცია შედგა, რომელიც მოიცავდა საქმიან საუბარსაც.

„პირველ დღეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამი, სადაც ქვეყნის ლიდერებთან ერთად იყვნენ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების. ამ ფორმატში სასიამოვნო იყო, რომ მომესალმა მარკო რუბიო, ჯეი დი ვენსი, პატარა, თბილი, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი შედგა. ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. გაკვირვებული ვიყავი, თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი, პატრიარქიც კი ახსენა.  შემდეგ ამას მოაყოლა, რომ ლოცვის დღე, 17 მაისი დააფუძნეს სულ ახლახან. რომ ვუთხარით, 10 წლის წინ, ზუსტად 17 მაისი პატრიარქის ინიციატივით  ოჯახური სიწმინდის დღედ არის საქართველოში გამოცხადებული, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა.

ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო, შეიმჩნეოდა კიდეც, მგონი საზოგადოებამ ნახა სურათები. როცა საუბრობ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მით უმეტეს, ქრისტიანულ ღირებულებებზე, ძალიან თამამები ვართ ქართველები, რადგან ამხელა ქრისტიანული ისტორიის მქონე ერი ვართ. ისიც განვუცხადეთ,  რომ 1 700 წელს აღვნიშნავთ წელს და საკმაოდ დიდი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს საქართველოში ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა. შედგა მცირე საქმიანი საუბარიც, მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. რა თქმა უნდა, ბევრი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად, ამ კონტექსტში, რომ ასეთი თბილი საუბარი შედგა, ეცდებიან, განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა“ , – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, კიდევ ერთ შეხვედრაზე მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით.

„ეს იყო პირველი დღე და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე მეორე დღეს, როცა უკვე მხოლოდ ქვეყნის ლიდერები ვიყავით წარმოდგენილი იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში. იქ უფრო მეტი სივრცე და დროც იყო. მე ვიმყოფებოდი საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩემს მეუღლესთან ერთად. მეორე დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ისევ გვქონოდა გასაუბრების საშუალება. ჯეი დი ვენსი მოგვესალმა, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტ ხანს შეჩერდა ჩვენთან, საუბარი უფრო მეტად სიღრმისეული, უფრო საქმიანი გამოდგა. მან აღნიშნა – მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს – რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა, ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება, არ ითარგმნება ინგლისურიდან, უფრო სიმყრალესთან. აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო ის წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებით. თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გააანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და ისინი უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებიან სათანადოდ, რათა ჩვენი ურთიერთობები შედგეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მარკო რუბიოც საკმაოდ გაცნობიერებული იყო იმ საკითხში, რაზეც ჯეი დი ვენსთან ისაუბრა – საერთო ღირებულებებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი ზუსტად ამ ღირებულებებით პოზიციონირებდა, ვიდრე გაიმარჯვებდა და შემდგომაც.

„ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება, როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, რადგან არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში. ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა, ამ კონტექსტში იყო განხილული. პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ, ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ, ყველაფერი გააანალიზონ და სათანადო, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება, ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჯერ ნაადრევია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები, იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, თუ ირანთან ბრძოლა განახლდება.„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, როგორ დასრულდება ან როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი დასაყრდენის“ განადგურებასთან ახლოსაა.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ თავდაცვის ძალებს სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის გაძლიერების ბრძანება მისცა.ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისა და შეერთებული შტატების მიზნები ომთან დაკავშირებით კვლავ თანხვედრაშია.

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევენ, რაშიც ვხედავთ ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.სამხარაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ინტეგრაციის მიმდინარეობა და არსებული დაბრკოლებები.„შევხვდით ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ევროინტეგრაციის პროცესზე ვისაუბრეთ. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რა ხდება საქართველო-ევროკავშირს შორის, როგორ მიმდინარეობს ინტეგრაციის პროცესი და რა დაბრკოლებებს ვაწყდებით. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარემ გაგვიზიარა უახლოესი ინფორმაცია, რა ხდება მათ შემთხვევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ, სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველოს მსგავსად, წინ ვერ მიიწევს. შეიძლება, სხვადასხვა მიზეზები იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ქვეყანა ამ დროისთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევს და ამაში უსამართლო დამოკიდებულებას ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, ჩრდილოეთ მაკედონიაც უსამართლოდ იჩაგრება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

პეტერ მადიარი – ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას

ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა და ქვეყნის მომავალმა პრემიერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.პეტერ მადიარმა მის წინამორბედს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა.„ვიქტორ ორბანმა სესხი დეკემბერში დაამტკიცა, საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ნავთობი ვიდრე არ იქნება, ფულიც არ იქნება“, – აღნიშნა მადიარმა.მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების აღდგენა უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.პეტერ მადიარმა ასევე უახლოეს მომავალში რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების სახით იმოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, „დრუჟბა“ მუშაობას თუ განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს მოხსნის“, – განაცხადა მადიარმა.ცნობისთვის, ფინანსურ სქემაზე ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში შეთანხმდა, თუმცა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თებერვლის შუა რიცხვებში სამართლებრივი პროცედურის დასაბლოკად ვეტო გამოიყენა. ამის მიზეზი კიევთან არსებული დავა გახდა, რომელიც „დრუჟბას“ ეხება. სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით მიეწოდება უნგრეთს რუსეთიდან დაბალ ფასად ნავთობი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე ხელმისაწვდომი იქნება

ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.ევროკავშირი შექმნის ევროპულ კოორდინაციის მექანიზმს, რათა ასაკის დადასტურება უზრუნველყოფილი იყოს შესაბამის ეროვნულ სქემებში.„პირველ რიგში, ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელია. თქვენ ატვირთავთ აპლიკაციას, აყენებთ მას თქვენი პასპორტით ან პირადობის მოწმობით. შემდეგ თქვენ ადასტურებთ თქვენს ასაკს ონლაინ სერვისებზე წვდომისას. მეორეც, ის პატივს სცემს მსოფლიოში უმაღლეს კონფიდენციალურობის სტანდარტებს. მომხმარებლები დაამტკიცებენ თავიანთ ასაკს სხვა პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ის სრულიად ანონიმურია. მომხმარებლების თვალყურის დევნება შეუძლებელია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს აპლიკაცია მშობლებს, მასწავლებლებსა და მზრუნველებს ბავშვების დასაცავად ძლიერ ინსტრუმენტს აძლევს.„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არ სცემენ პატივს ჩვენი შვილების უფლებებს. ევროპის კავშირში ბავშვთა უფლებები კომერციულ ინტერესებზე მაღლა დგას და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ასე იყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – წლებია, ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებას ვაკვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით კამპანიას პატრიარქის, მოსაყდრის, ეკლესიის წინააღმდეგ

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, ამას, წლებია, ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით, გაშავების რა კამპანია ჰქონდათ პირდაპირ, პერსონალურად პატრიარქის, მოსაყდრის, ცალკეული მეუფეების, ეკლესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.„ვიცით, როგორი არის მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა. ამის ყველაზე დიდი დასტურია ის, რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, რაც ხდება დღეს მათ სხვადასხვა ტელევიზიაში. ამიტომ ასეთი საუბარი მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს, ეს არის ჩახუტებით დახრჩობა – ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში უმტრონ ქართულ ეკლესიას. ამას თუ აპირებენ, არ ვიცი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს. არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

ბოლო სიახლეები