მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების მომხრეა.
“სასჯელები განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსში და, რა თქმა უნდა, პროკურატურა ვერ გაცდება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სანქციებს. ჩვენ ვმოქმედებთ ამ კანონის ფარგლებში და ყველა სანქცია, რასაც სასამართლო იყენებს გამომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსიდან. ჩემი პირადი აზრია, რონ არის გარკვეული სამართლებრივი საკითხები, რომელიც საჭიროებს დახვეწას, ეს ეხება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს, გარკვეულ ქმედებებს, სანქციებს და ამ მიმართულევით მიმდინარეობს ინტენსიური საკანონმდებლო მუშაობა. ამ პროცესში ჩართულია საქართველოს პროკურატურაც და ჩვენ ვფიწრობთ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმა საჭირო”, – განაცხადა შოთაძემ.
5 მარტს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.