ორშაბათი, მაისი 18, 2026

მეუფე შიო – ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, რამდენი საუბარია, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

ჩვენ დღეს ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა. ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა – უნდა იყოს ურთიერთგაგება, კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის, მიმტევებლობა, პატიების უნარი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ საზოგადოებას კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

მეუფე შიოს თქმით, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც.

„დღეს წაკითხულ სახარებაში მოვისმინეთ, რომ მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა – მშვიდობა თქვენდა. მერვე დღეს როდესაც გამოეცხადა, თომა მოციქულიც მათთან ერთად იყო და კიდევ ერთხელ უთხრა – მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს ამ მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. მაშასადამე, უფლის მიერ მოცემული მშვიდობა განსხვავდება ამასოფლიური მშვიდობისგან. ეს უკანასკნელი ვერ იძლევა ნამდვილ მშვიდობას, ვერც ღმერთთან, ვერც ადამიანებთან. ამის დასტური არის მთელი კაცობრიობის ისტორია. საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება. მაშ, როგორია იესო ქრისტეს მიერ დატოვებული მშვიდობა? ის ორგვარია – ერთია მშვიდობა ღმერთთან, როდესაც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული წინაღობა იხსნება და ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, არა მხოლოდ მივუახლოვდეთ ღმერთს, არამედ მის საღვთო ბუნებასაც კი ვეზიაროთ. ეს არის მშვიდობა ღმერთთან, მაგრამ ეს მიიღწევა სწორი სულიერი ღვაწლით.

მეორე მშვიდობა არის მშვიდობა ადამიანებთან, რაც მიიღწევა სახარებისეული ცნებების დაცვით. ჩვენ დღეს ასევე ვფიქრობთ, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, რომელიც უფალმა დაგვიტოვა, რა პირობებია ამისთვის? ამისთვის რამდენიმე მთავარი პირობაა – ერთი, რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, მეორე – უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის და მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი. ეს მთავარი პირობებია, რაც მიიღწევა ადამიანების ძალისხმევით და ღვთის შეწევნით.

გახსოვთ, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია ხშირად გვახსენებდა ამ სინერგიის შესახებ სწავლებას – ორივე ნება უნდა იყოს. მარტო ჩვენი ნებით რაც არ უნდა ვეცადოთ, მშვიდობას ვერ დავამყარებთ, თუ არ შეგვეწია ამაში ღმერთი. როგორ შეიძლება, დამყარდეს ურთიერთგაგება, როცა არის ცილისწამება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა. ეს ხომ შეუძლებელია. რასაც ჩვენ ასე უხვად ვხედავთ მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს. იციან თუ არ იციან ფაქტები, თუ მარტო აღქმებს ეყრდნობიან, თუ ჭორებს ეყრდნობიან, ასე იმეტებენ ძალიან სასტიკად ადამიანებს, უშვერი სიტყვებით. ეს რაზე მეტყველებს? – უკიდურესად დაბალ განვითარებაზე, ვგულისხმობ როგორც გონებრივ განვითარებას, ასევე სულიერს, რომ სხვა გამოხატვის საშუალება ადამიანს არ აქვს, რომ რაღაც დაწეროს ან თქვას, თუნდაც კრიტიკული. ამიტომ, უფალი ყველაფერს ხედავს, ის ხედავს ჩვენს ამ ქცევას, რითიც ვარღვევთ ამ მშვიდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არა მხოლოდ მოწყალეა, არამედ მსაჯულიც არის. ამიტომ თუ ჩვენ მშვიდობა გვსურს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ, ეს მანკიერება გამოვასწოროთ და ურთიერთგაგება რომ დამყარდეს, აუცილებელია, როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ, სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში, რა გინდ არ ვეთანხმებოდეთ და არ მოგვწონდეს მისი ქცევა. იცით, კიდევ რა არის აუცილებელი? ჩვენი სისუსტეც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი პირადი სისუსტეები და უძლურებებიც უნდა გვახსოვდეს, როცა სხვაზე ვლაპარაკობთ.

გახსოვთ, უფალი იესო ქრისტე როგორ გვასწავლის, ყოველივე, რაც გინდათ, რომ ადამიანებმა გაგიკეთონ, თქვენც გაუკეთეთ მათ. შემდეგი პირობა არის მოსიყვარულე ურთიერთობები, კეთილი დამოკიდებულება ადამიანებთან. ჩვენ როცა თანავუგრძნობთ ადამიანებს, მათ მწუხარებებს, მათ სიხარულებს, უკვე ვხდებით ქრისტეს მშვიდობის მუშაკები. როგორც უფალი ამბობს, თუ გინდა, რომ პირველი იყო, იყავი ყველაზე უკანასკნელი და სხვების მსახური. რამდენი საუბარია დღეს იმაზე, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში და ა.შ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება, დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების დამკვიდრება. მესამე პირობა არის პატიების უნარი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვებრძოლოთ ბოროტებას და ყველას ყველაფრის კეთების უფლება მივცეთ, ამით ბოროტება წავახალისოთ, არა, ეს სულაც არ ნიშნავს ამას. ბოროტებასთან ბრძოლა მოვალეობაა ყოველი ქრისტიანის, როგორც თავის თავში, ასევე მის გარშემო. ამასთან, აუცილებლად უნდა გვქონდეს ლმობიერი და გულმოწყალე დამოკიდებულება ადამიანებთან და როდესაც საჭიროა, ამას უნდა ვავლენდეთ. მტერთან მოქცევაშიც გულმოწყალება აუცილებელია. უფალი იესო ქრისტე ორჯერ ამბობს – მშვიდობა თქვენდა და ეს მშვიდობა დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ამიტომ უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენს გარშემოც“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული დების ისტორია – რა არის ცნობილი მათი ცხოვრების შესახებ

ბრაზილიაში აღმოაჩინეს სამი და, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულებად მიიჩნევიან. მათ შესახებ ცნობილი გახდა ორგანიზაცია LongeviQuest-ის წყალობით, რომელიც ასაკოვან ადამიანებს იკვლევს.რეკორდსმენებს შორის არიან 108 წლის ლევიტ დე დეუს ნუნესი, 104 წლის ზორაიდა დე დეუს მოტა და 103 წლის ზულინა დე დეუს ნუნესი. ქალები ბრაზილიის სოფლის რეგიონში დაიბადნენ და გაიზარდნენ ოჯახში, სადაც რვა ბავშვი იყო.ლევიტი ყოველთვის ოჯახის საყრდენი იყო: ის ზრუნავდა უმცროს და-ძმებზე, მოგვიანებით კი — დისშვილებსა და ძმისშვილებზე. ქალი 15 წლის განმავლობაში ტელეარხზე მუშაობდა, სადაც მასობრივ სცენებში მონაწილეობდა. ახლა ის საწოლს არის მიჯაჭვული,  ლევიტის საყვარელი საქმიანობა კითხვაა.ზორაიდამ მასწავლებლის პროფესია მიიღო, შემდეგ კი ექთნების სკოლა დაამთავრა. მედიცინაში კარიერის შექმნის შემდეგ, ის გათხოვდა და ხუთი შვილი გააჩინა.ზულინა ექვსი შვილის დედა გახდა და განქორწინების შემდეგ მათ თავად არჩენდა. ქუჩაში ნაქარგების გაყიდვით მან შეძლო თითოეული შვილის განათლების დაფინანსება. 103 წლის ასაკშიც კი ის კვლავ უძღვება საოჯახო საქმეებს და თავისი დიდი ოჯახისთვის საჭმელს ამზადებს.მკვლევრების თქმით, დები მხოლოდ ასაკით კი არა, ერთმანეთისადმი ერთგულებითაც გამოირჩევიან. მათ უამრავი სირთულე გადაიტანეს, თუმცა ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნეს.

ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 43 ადამიანი დააკავეს

ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 43 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.პოლიციის ცნობით, 20 დაკავებული მიგრაციის წინააღმდეგ მარშში მონაწილეობდა.როგორც „გარდიანი“ იუწყება, მსვლელობისას აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, თავდასხმა განხორციელდა ხუთ პოლიციელზე, თუმცა მათგან არცერთს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.შეგახსენებთ, ცენტრალურ ლონდონში ერთმანეთის პარალელურად ორი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქ შიო III-ის ქადაგების გამო აკრიტიკებს

ასეთი ოჯახი განწირულია ? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“ "ასეთი ოჯახი განწირულია ? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი … იმედს რომ არ ტოვებს, არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის???!!!", - წერს ზურაბიშვილი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და დემოგრაფიულ საკიხებზე გამახვილა ყურდღება. პატრიარქის თქმით, თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“ . შიო მესამის განცხადებით, პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება. "როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას“, - მიმართა პატრიარქმა სამების ტაძარის ეზოში შეკრებილ მრევლს.

დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის – შიო მესამის მიმართ – თამარ ჩიბურდანიძე

„დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა, უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და 17 მაისის დღის მიმართ რადიკალი ოპოზიციონერების განწყობებზე აკეთებს აქცენტს.როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამოსული ადამიანების სიმრავლემ ოპოზიციას იმედი გაუცრუა და აიძულა რადიკალები ემოქმედათ მათთვის ჩვეული ნარატივით - გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, თითქოს წელს ნაკლები ადამიანი გამოვიდა საზეიმოდა და რეალობა დამახინჯებულად წარმოეჩინათ.„წარმოუდგენლად ბევრი ხალხი გამოვიდა დღეს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. კიდევ უფრო მეტი, ვიდრე წინა წლებში. ეს არის ქართული ხასიათი - უდიდესი პატივისცემა გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორისადმი და ამასთანავე, დიდი სიყვარულის გამოხატულება ახალი პატრიარქის შიო მესამის მიმართ. ოპოზიციის მოლოდინი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ შედგა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ არის დაშორებული ოპოზიცია ქართველ ხალხს და როგორ არ ესმის მათი. ან კი, როგორ უნდა ესმოდეთ? ხალხს რომ გაუგო, ქართულ სულს და რწმენას უნდა ატარებდე. ესენი კი, მთელი დღე საკუთარი აგენტებით დაძრწოდნენ ხალხში და სადაც ცარიელ ადგილს დაინახავდნენ, მხოლოდ იმას იღებდნენ, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ წელს ცოტა ხალხი გამოვიდა. ამ ტყუილითაც დამარცხდნენ!დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია! ქართველი ხალხი, ზღვასავით რომ მოედინებოდა დღეს თბილისსა და რეგიონებში, დგას დედა ეკლესიასთან, რომელიც არასოდეს ჩამოიშლება, როგორადაც არ უნდა ეცადოს ამას მავანნი. ამ ეკლესიასთან დგას მთავრობაც, სწორედ ამიტომ არის უძლეველი ეს ქვეყანა, როგორც რწმენის და ეროვნული ღირებულებების საუნჯე. ვულოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველი ხალხისთვის ყველაზე წმინდას და საფიცარს!” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

თეთრი სახლი – ჩინეთი აშშ-ისგან ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს

ჩინეთი აშშ-ისგან ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც ცნობილი ხდება, ჩინეთი ვალდებულებას იღებს, რომ 2026, 2027 და 2028 წლებში ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძინოს. ამ შეთანხმებას ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებმა პეკინში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს.ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი ჩინეთში გასულ წელს მკვეთრად შემცირდა ტარიფების გამო და 65.7 პროცენტით დაეცა.თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ შეიქმნება ორი ახალი ერთობლივი საბჭო, სავაჭრო და საინვესტიციო, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

ბოლო სიახლეები