ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

მეუფე შიო მუჯირი – ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას

ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, „საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში… ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა ის მძიმე მოვლენა, რასაც ჰქვია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალება…“

​ „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს! როგორც გვიამბობს წმინდა სახარება ამ მოვლენის შესახებ, მთელი ქალაქი შეიძრა, მთელი ხალხი მიისწრაფოდა იერუსალიმისკენ მიმავალი მაცხოვრის შესახვედრად. მას გზაზე უფენდნენ თავიანთ ტანსაცმელს, ხეებიდან ჭრიდნენ რტოებს, ასევე უფენდნენ და გაიძახოდნენ: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით! გვაცხოვნენ ჩვენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!“

აი, ასეთი სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას. შეიძლება ითქვას, თითქოს მოხდა რაღაც საოცარი გამონათება ხალხში, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, მკურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს.

აი, ასეთი გამონათება, ძვირფასო ძმებო და დებო, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ყოველი ჩვენგანის სულშიც, როდესაც თითქოს ნათელი და ცხადი ხდება ყველაფერი: ღმერთის არსებობაც, სულის უკვდავებაც, უფლის სიტყვების ჭეშმარიტებაც.

ასეთი ამაღლებული გრძნობა შეიძლება მოხდეს, როდესაც ვჭვრეტთ და აღიქვამთ ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს მშვენიერებას, იმ კანონზომიერებას და საოცარ სიბრძნეს, რომელიც არის სამყაროში, თუ როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო.

ასევე, შეიძლება, ეს მოხდეს ჩვენს სულში ცხოვრებისეული წარმატების ან წარუმატებლობის შედეგად; შეიძლება იყოს დიდი ბედნიერებისგან ან უბედურებისგან, დიდი მწუხარებისგან ან სიხარულისგან. ასეთ მომენტებში ადამიანი მადლობს და ადიდებს უფალს და წარმოთქვამს თავის ოსანას. ეს ყველას გამოცდილი გვაქვს, იმიტომაც ვართ აქ, ასე ვხარობთ და ვზეიმობთ დღევანდელ დღეს.

შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში.

მინდა, დავამატო ასევე ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პიროვნების დაფასება, მხოლოდ ეს როდი იყო, არამედ ალბათ, პირველ ყოვლისა, იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულების გამოვლინება, რომელთაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა. ეს ნამდვილად ასე იყო, ეს საოცარი დღეები, რომლებიც გამოვიარეთ და რომლებსაც გავდივართ.

ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა ის მძიმე მოვლენა, რასაც ჰქვია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალება.

…მაგრამ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი. ვიცით, რა მოხდა იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლიდან სულ რამდენიმე დღეში. იუდა მოციქულმა მას უღალატა, მოწაფეებმა მიატოვეს, ბრბო კი ყვიროდა: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი ეგე!“

აი, რა საშინელი ცვალებადობაა! მაგრამ განა დღეს ჩვენ არ ვაწყდებით ასეთ მერყეობასა და ცვალებადობას?! ჩვენც ადვილად ვიცვლით გუნება-განწყობილებას და ვკარგავთ ხოლმე ამ გამონათებას, რომელსაც უფალი გვაძლევს.

მართალია, დღეს ადამიანები არ ყვირიან: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც ივიწყებენ უფალს, ღალატობენ მას და შორდებიან. სხვადასხვა ცოდვით, ბოროტებით, უწმინდურობით, უსამართლობით, უკანონობით, ცილისწამებით და ასე შემდეგ, კვლავ და კვლავ ითხოვენ უფლის ახალ ჯვარცმას და ახალ ტანჯვებს.

ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მდგომარეობისგან! ნუ დავუშვებთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ბოროტებამ, უწმინდურობამ, ამ ყველა ცოდვამ და მანკიერებებმა, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობის დიდებულ დღესასწაულს!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ, ვინაიდან ეს არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, ჩვენი სიძლიერის და ჩვენი, როგორც ხალხის და ერის, წარმატების და ღვთის წყალობის ჩვენდამი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ! „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ“. ამინ!“- აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალი მოჯანი-სომეხი ხელოვანების გამოსვლა თბილისში – ქალაქში, რომელიც თავად წარმოადგენს კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინს – გვახსენებს, რომ კავკასია უფრო მეტად კულტურული თანაცხოვრებისა და დიალოგის...

,,დღეს საღამოს თბილისში დავესწარი სიმფონიური ორკესტრის შესრულებას, რომელშიც გამორჩეული სომეხი ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ დავფიქრდი „მუსიკის“ ძალაზე, რომელიც ხალთხა შორის საერთო ენას წარმოადგენს. არამ ხაჩატურიანისა და ავეტ ტერ-ტერიანის ნაწარმოებების შესრულებამ, განსაკუთრებით ბალეტ „სპარტაკის“ ცნობილი ადაჯიომ, არა მხოლოდ სომხური კულტურის სიმდიდრე წარმოაჩინა, არამედ ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას, პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა, ხალხებს შორის ხიდის აგება. სომეხი ხელოვანების გამოსვლა თბილისში — ქალაქში, რომელიც თავად წარმოადგენს კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინს — გვახსენებს, რომ კავკასია უფრო მეტად კულტურული თანაცხოვრებისა და დიალოგის სივრცეა, ვიდრე მხოლოდ გეოპოლიტიკური კონკურენციის არენა. მსგავსმა ღონისძიებებმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი დიპლომატიური უწყებების ინიციატივით იმართება, შესაძლოა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ეფექტური როლი შეასრულოს. მსგავს ღონისძიებებზე „კულტურული დიპლომატია“ სიტყვების ნაცვლად, ნოტებით საუბრობს''- წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს

საქმე თუ აქამდე მივიდა, „ოპოზიციის ალიანსში“ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ პარტია გამხდარიყო „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი, მიღებული იყო მიხეილ სააკაშვილის არა მხოლოდ ჩართულობით, არამედ ინიციატივით.„ჩვენი ამოცანა იყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია, გალვანიზაცია; იმ ადამიანების მოტივირება, რომლებსაც შესაძლოა, ძალიანაც არ მოსწონთ ივანიშვილი, ესმით, რომ ივანიშვილის გადარჩევით თუ გადაგდებით, რეჟიმის ჩამოშორებით, არანაირი ომი არ იქნება, ქვეყანა სწორი მიმართულებით წავა. ე.წ. არჩევნებში, მაგალითად, 20%-ზე მეტის მიმხრობა ვერ მოახერხეს, მათ შორის კახა კალაძისთვის, რომელიც მათი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მობილიზაცია, კონსოლიდაცია, ანუ შემაგრება და გაერთიანება, ასევე გალვანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გაერთიანებული, მაგრამ მოქმედებისთვის არ იყო მზად. გალვანიზაცია ნიშნავს, რომ მოქმედებაშიც მოდიხარ, მყწობრში. მოქმედებაში რომ მოხვიდე, აუცილებელია, მათ შორის, გამარჯვების რწმენა, ნდობა, რომ შეგიძლია, გამარჯვება მოიტანო. სწორედ კონსოლიდაციისთვის, გალვანიზაციისთვის და გამარჯვების რწმენისთვის შევედით „ოპოზიციის ალიანსში“. ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვალსთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, თუ აქამდე მივიდა საქმე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.კითხვაზე, „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა არ იყო, თინა ბოკუჩავა პასუხობს: „არ იყო და ვერც იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს.შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია. ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“.მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს კიდევ ერთი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ. რამე თუ არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ“.ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა გავზარდოთ ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. შეთანხმებაში ცვლილების ოქმს საქართველოს მთავრობის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა ხელი, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კომერციის მინისტრმა, ვანგ ვენთაომ.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელმოწერილი ოქმი მიზნად ისახავს არსებული შეთანხმების კიდევ უფრო გაღრმავებას და თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან მის ადაპტაციას.„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პროცესში და მოლოდინი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი დინამიკა შეიძინა, რაც განპირობებულია როგორც მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით, ისე ბიზნესსექტორებს შორის მზარდი თანამშრომლობით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის შეფასებით, განახლებული შეთანხმება ქმნის უფრო თანამედროვე და მოქნილ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს როგორც არსებული თანამშრომლობის სფეროების დაზუსტებას, ისე ახალი მიმართულებების დამატებას. ამასთან, ინვესტიციებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით იქმნება დამატებითი შესაძლებლობები.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისათვის. ასევე, ითქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩინურ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღინიშნა მიღწეული პროგრესი ფრინველის ხორცისა და ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე დაშვების კუთხით.როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ (2018 წლის პირველი იანვრიდან), 2025 წელს ექსპორტმა შეადგინა 327,6 მლნ აშშ დოლარი, რაც 62 პროცენტით მეტია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 148 პროცენტით აღემატება 2017 წლის მაჩვენებლებს.„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საპატრიარქო – 40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს.„შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა.მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლებით, ამქვეყნად აღსრულებულ საქმეთა მიხედვით, მე-40 დღეს ხდება სულის დამკვიდრება იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება მეორედ მოსვლამდე; მეორედ მოსვლისას კი ხელახლა მოხდება საბოლოო ადგილის მიკუთვნება გარდაცვლილისთვის მის სახელზე შემდეგ აღსრულებულ სხვა სიკეთეთა გათვალისწინებით.ასე რომ, მე-40 დღე ფრიად მნიშვნელოვანია.ფაქტია, მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს.გარდა ლოცვისა, რა თქმა უნდა, სხვა შესაძლებლობებიც მრავალგვარია; დიდად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოყვასისათვის სიკეთის ქმნა.ამასთან, შეგახსენებთ ილია II-ის ერთ სურვილსაც, რომ, ღვთის სადიდებლად, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა და მას სამუდამოდ განვშორებოდით.თუ თითოეული ჩვენგანი ამას ჩვენი პატრიარქის სახელზეც გავაკეთებთ, წარმოიდგინეთ, უფლის რაოდენ დიდი მადლი და წყალობა მოეფინება ჩვენს ერს, როგორ გავახარებთ ამით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და როგორი დიდი შეწევნა იქნება ეს (როგორც ჩვენი, ისე) მისი სულისთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილი – გადავწყვიტე, აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც, ენის მოჩლექის დრო ნამდვილად არ გვაქვს

გადავწყვიტე, აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ენის მოჩლექის დრო არ არის.„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი. ეს რომ მტკნარი სიცრუეა, ძალიან ადვილი შესამოწმებელია ჩემი ყველა პოსტის და საჯარო განცხადების ნახვით. მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი – პრობლემა ის კი არაა, რომ მე თავს ლიდერად ვაცხადებ, ლიდერს ხალხი ასახელებს და ისტორია ადასტურებს, არამედ ის, რომ ლემონჯავა და ზოგიერთ სხვას მართლა მივაჩნივარ ლიდერად და ეს ფაქტი მათ სასტიკად აღიზიანებთ და ფიქრობენ, რა სულ მიშა, რით ვერ დადგა ჩვენი დრო?სინამდვილეში მიმაჩნია, რომ ალიანსს ჰყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები, „ნაცმოძრაობას“ ხომ მთელი თანავარსკვლავედი (ძირითადად ციხეში). მაგრამ არსებობს ლემონჯავას კატეგორიის ხალხი, რომლებიც გაჭედილია, რადგან თვითონ კი მიაჩნიათ თავი პოლიტიკოსად, მაგრამ მათ გარშემო არავინ აღიარებს ამას და ამ ამბავს საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ, ხოდა ისევ „არ დავუშვებთ მიშას ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადებას!“ აწვებიან.ნუ, ჩემი აზრით, ამას მალე დაემატება „მიშა გადადექიც“.გადავწყვიტე აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც. ენის მოჩლექის დრო ნამდვილად არ გვაქვს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები