კვირა, ივლისი 13, 2025

მეუფე შიო მუჯირი – ადამიანს თუ სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, სიმდაბლე ავლენს ჩვენში ყველაზე მთავარს, სიყვარულს

სიმდაბლე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია, მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

როგორც მეუფემ განაცხადა, როდესაც ადამიანი სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ვინაიდან დღეს იკითხება სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ წმინდა ეკლესიაში დაიწყო დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ იგავში მაცხოვარი მოგვითხრობს ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან რამეს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შედიან ტაძარში სალოცავად – მეზვერე და ფარისეველი? თქვენ იცით, მეზვერე – ეს იყო გადასახადების ამკრები, რომელიც გადასახადებს კრებდა რომის იმპერიისთვის, ე.ი. დამპყრობელი სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამავე დროს ასევე გადასახადებს კრებდა იუდეის სახელმწიფოსთვისაც.

იმჟამინდელი კანონები ისე იყო მოწყობილი, რომ თუ ადამიანი ვერ გადაიხდიდა გადასახადს, ეს მეზვერე იხდიდა მის ნაცვლად, შემდეგ კი მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ამ გადამხდელი მოქალაქისგან ორმაგი, სამმაგი ან ოთხმაგი გადასახადის გადახდა და თავისთვისაც იღებდა წილს ამ გადასახადიდან. ამიტომ, გახსოვთ, ზაქე მეზვერე, რომელიც ინანიებს, ეტყვის მაცხოვარს, რომ თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხჯერ, ოთხმაგად მივცემო. აი, სწორედ ამიტომ ამბობს იგი ამ სიტყვებს, რომ ასეთი კანონი იყო მაშინ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება სახელმწიფო კანონის წინაშე მართალი იყოს, კანონიერად იმოქმედოს, მაგრამ სინდისის, სინანულისა და მოწყალების წინაშე ძალიან სცოდავდეს და მტყუანი იყოს.

რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები სძულდათ ადამიანებს, რადგან, წარმოიდგინეთ, რას ჩადიოდნენ ისინი, როგორ ეპყრობოდნენ ხალხს, როგორი სისასტიკით, როგორი გამომძალველობითა და უსამართლობით ხასიათდებოდნენ ისინი, მიუხედავად იმისა, ვიმეორებ, რომ სახელმწიფო კანონს არ არღვევდნენ მაშინ.

ასევე, შედის ტაძარში ფარისეველი. დღეს ცოტა არასწორი წარმოდგენა გვაქვს იმჟამინდელ ფარისევლებზე. სინამდვილეში, ისინი იყვნენ ყველაზე პატივცემული ადამიანები იმჟამინდელ რელიგიურ საზოგადოებაში, ვინაიდან ყველაზე მკაცრად იცავდნენ საღვთო სჯულს და, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ბევრი სიკეთეც და სიქველეც, მაგრამ ვინაიდან ისინი ბევრ რამეს მხოლოდ გარეგნულად ასრულებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთ ღვაწლზე, თავიანთ თავზე და მაღალ შეფასებას აძლევდნენ, ამიტომ, როგორც ჩვენ ვიცით მაცხოვრის არაერთგზის ნათქვამიდან, ღვთის წინაშე ეს არ იყო სათნო, ამაო და ფუჭი იყო მათი ეს სულიერი ღვაწლი. მაგრამ, აი, ეს სიკეთეები მაინც ჰქონდათ და ეს ჩანს დღევანდელი სახარებიდან, როცა ეს ფარისეველი ჩამოთვლის ამ სიკეთეებს.

ის ლოცულობს, მაგრამ, სინამდვილეში, ლოცვაც არ შეიძლება ამას ეწოდოს, ვინაიდან იგი ჩამოთვლის თავის სიკეთეებს და ამბობს, რომ გმადლობ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, არ ვარ მეძავი, მემრუშე, ცრუ, სასტიკი, ვმარხულობ კვირაში ორჯერ (ეს ნიშნავს, რომ იგი ორჯერ მეტს ასრულებდა, ვიდრე ევალებოდათ. კვირაში ორჯერ მარხვა სავალდებულო არ იყო ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ნებაყოფლობითი ღვაწლი, შესაწირავი იყო უფლის წინაშე), ე.ი. ვაკეთებ უფრო მეტს, ვიდრე მომეთხოვება, მეათედს შევწირავ დროულად. ე.ი. ეს ადამიანი თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, ღმერთს არ ეუბნება, მეტიც, მიტრიალდება, დაინახავს მეზვერეს და იტყვის, რომ არ ვარ, როგორიც სხვა ადამიანები, აი, ანდა როგორიც ეს მეზვერე, რომელიც ახლა დგას ბოლოში, ხელს იცემს მკერდზე და ლოცულობს. ანუ იქედნობდადაამდაბლა ეს ადამიანიც თავის გულში, მას ზევიდან შეხედა. შემდეგ უფალი მოგვითხრობს, თუ როგორ ლოცულობს მეზვერე. მან იცის, რომ ასეთი ცოდვილია, რომ არ იმსახურებს ღვთის არანაირ წყალობას, არ იმსახურებს ტაძარში დგომასაც კი, ხელს იცემს მკერდზე და ამბობს: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი!“

ბოლოს ეს იგავი მთავრდება ასეთი სიტყვებით, რომ, აი, ეს ვითომ მართალი ფარისეველი სინამდვილეში არ გამართლდა ღვთის მიერ, მეზვერე კი, რომელიც ცოდვილი იყო, უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან და მიდის სახლში.

აი, ასეთი იგავია, ძვირფასო ძმებო და დებო. რას გვასწავლის დღეს ჩვენ ამით უფალი იესო ქრისტე? გვასწავლის სიმდაბლეს ამ დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში – ერთი იმდაბლებდა თავს ლოცვის დროს, მეორე კი, პირიქით, იმაღლებდა თავს და ამპარტავნობდა. მთელი სახარება იესო ქრისტესი – ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრებაც იყო სიმდაბლე, მისი აღსასრულიცა და სიკვდილიც ჯვარზე ასევე იყო უდიდესი სიმდაბლის გამოხატულება.

ამრიგად, უფალი იესო ქრისტე სახარების ამ იგავით სიმდაბლეს გვიდებს სულიერი ცხოვრების საფუძვლად. გახსოვთ, იაკობ მოციქულიც ამბობს: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ასეთი გამონათქვამი არაერთია წმინდა წერილში.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლე ჩვენი სულის ცხონებისთვის, სულიერი ცხოვრებისთვის? იმიტომ, რომ, როგორც მოგიყვანეთ იაკობ მოციქულის სიტყვები, მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის სულიწმიდის მადლი, ცოდვების განწმენდა და გადარჩენა მხოლოდ სულიწმიდით შეიძლება. შესაბამისად, თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, ის ცოდვათა შენდობასაც ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ მასთან არ მოვა სულიწმიდის მადლი.

სიმდაბლე ასევე ავლენს და ხსნის ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე შინაგანს, ჩვენი არსების თვისებას, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული, ეს არის სიყვარული. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია მოიხვეჭოს ნამდვილი სიყვარული. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი სიმდაბლის ღვაწლით, სიმდაბლის მოხვეჭით არის დაკავებული, იგი ძირშივე აღმოფხვრის ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს, რომელიც არის ფესვი და ძირი ყოველგვარი ვნებისა. შესაბამისად, ყველა ვნებას აღმოფხვრის ასეთი ადამიანი. ასეთ ადამიანთან მიდის მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მას აღამაღლებს. აი, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სიმდაბლის მოხვეჭა ჩვენთვის.

ამიტომაც, ძვირფასო ძმებო და დებო, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებითაც დღევანდელ სახარებისეულ იგავს ასრულებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს – ხვიჩა კვარაცხელიას “პსჟ” ლონდონის “ჩელსისთან” დაპირისპირებისთვის ემზადება

პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" ლონდონის "ჩელსისთან" დაპირისპირებისთვის ემზადება.კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და ამჯერად ახალი მიზანი აქვს - მსოფლიო საკლუბო თასის აღმართვა. გუნდებს წინ რთული თამაში ელით. "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, თამაშამდე ტრადიციულად პრესკონფერენციაზე ისაუბრა."პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელები "ჩელსის" მოთამაშეებს ძლიერ მეტოქეებად მიიჩნევენ. პარიზელები მოედანზე გამარჯვებისთვის გადიან. სურვილი კი ყველას ერთი აქვს - კონკურენტის დამარცხება და თასის მოპოვება."პსჟ"-ს გზა თითქმის იდეალური იყო. ფრანგებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მადრიდის "რეალი" დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საოცნებო გუნდთან გოლი არ გაუტანია, ფრანგული მედია მოედანზე ქართველი ფეხბურთელის თამაშს განსაკუთრებულად გამოეხმაურა და მაღალი ქულაც დაუწერა.მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, "პსჟ" ლონდონის "ჩელსის" ხვალ, 13 ივლისს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, "მეტლაიფ სტედიუმზე" დაუპირისპირდება.

მიხეილ სააკაშვილი – „ვარდების რევოლუციას“ ორი-სამი წელი ვამზადებდით, დღეს მთავარია, არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები, არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარი ნაბიჯებით

ხშირად მესმის, რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება, მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, „ვარდების რევოლუციას“  2-3 წელიწადი ვამზადებდით, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, მთავარია, საქართველოში ოპოზიციამ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები არ გაიმეოროს და არ შემოიფარგლოს პასიური პროტესტით და ნახევარი ნაბიჯებით.„ხშირად მესმის, რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება.მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. „ვარდების რევოლუციას“ ჩვენ ვამზადებდით 2-3 წელიწადი. მე მოვინახულე სერბეთი, სადაც შევხვდი და მრავალი საათი ვესაუბრე მილოშევიჩის წინააღმდეგ წარმატებული ორგანიზაციის „ოტპორის“ ლიდერებს, არაერთხელ ვიყავი კიევში „უკრაინა კუჩმას გარეშე“ საპროტესტო ტალღის აქტივისტებთან სასაუბროდ.„ვარდების რევოლუციის“ ტაქტიკა დაფუძნებული იყო ხელისუფლების მოქმედებების ზუსტ პროგნოზირებაზე და ჩვენი ადეკვატური პასუხების დაგეგმვაზე. უფრო მეტიც, ჩვენს პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელიც აიძულებდა შევარდნაძეს შეცდომები დაეშვა.ახლა ივანიშვილი არის ძალიან პროგნოზირებადი, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბევრი ყოველ ჯერზე გაკვირვებულია რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. არადა საკმარისია შეხედო იგივე ბელარუსს და მიხვდე, თუ რა იქნება აქაური რუსული რეჟიმის შემდგომი ქმედება. მთავარია, ჩვენ არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები და არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარ ნაბიჯებით.თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა და ჟურნალისტებმა აჩვენებს ნამდვილი გმირობის მაგალითები. მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას. რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოჩნდება „შავი გედებიც“, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დაველოდებით. შეიძლება, ამასობაში საქართველო დავკარგოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„დედიკომ თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ…“ – რა ვიდეოს აქვეყნებს პატარა  შოშიების მამიკო 

ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი ტყუპების, უსაყვარლესი დანიელის და დაჩის კადრებს თავის გამომწერებს უზიარებს.ცხელიშვილი ემოციურად წერს, რომ სწორედ იმ ჰამაკზე ქანაობენ უდედოდ დარჩენილი ტყუპები, სადაც მათი დედა ხშირად იჯდა ხოლმე:„დედიკოსაც ჰქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ“, – წერს გიგა ცხელიშვილი. 

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობას აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება მეუფე შიომ აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა:„სული წმინდის გარდამოსვლის შემდეგ პეტრე მოციქული იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ხმამაღლა ქადაგება ქრისტესი და მრავალი ადამიანი მოაქცია სარწმუნოებაზე. დიდი იყო პავლე მოციქულის ქადაგების ძალა. ძალიან ბევრი იღვაწა მან სახარების გავრცელებისთვის. მართალია, იგი არ იყო მოციქულთა შორის იესო ქრისტეს მიწიური სიცოცხლის დროს, მაგრამ მან თავისი ნათელი გონებით, ჩასწვდა იმას, რომ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია, რომელიც მოვიდა კაცობრიობის სახსნელად. სიტყვა მოციქული ნიშნავს წარგზავნილს და ჩვენც ყველანი წარგზავნილები ვართ ღვთის მიერ ამ ქვეყნად, რომ შევიმეცნოთ და დავამოწმოთ ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრებით. ესე იგი, ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც ჩვენ გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით კი მოციქულ პეტრესთან და მოციქულ პავლესთან“, - აღნიშნა მეუფემ.

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ, რომ გახარიას მინისტრობის პირობებში, 2019 წლის 20 ივნისს აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რამაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, ეს საქმე...

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი, შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ საქმის ხელახალ გამოძიებას ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს.„შესაბამისად, პროკურატურა იძიებს ამ საკითხს. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი რომ იყო, ეს დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. ამავე სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ, დაშლის ოპერაციის დროს გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება არ იყო სრულყოფილი.ჩვენ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოდან ორი მოცემულობა. ერთი, დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. აბა, პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს. აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი, იმიტომ იყო ის გარეთ. ბრიუსელს ჰქონდა გადახდილი იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე და რას ახალისებდა; მეორე, არის უკვე კანონიერ საზღვარს გაცდენილი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება. ამ საკითხს იძიებს ახლა პროკურატურა. ჩვენ ვნახეთ, რომ, ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში, ამ აქციის დაშლა მოხდა ისეთი მეთოდებით, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები