ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025

მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც, ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი

 ,,მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს… ეს არის სიყვარული… თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს… ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში…”- ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას  განაცხადა.

” სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის.

ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველაზე საჭირო რამეს გვეუბნება ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შევიდნენ ტაძარში სალოცავად? – ერთი იყო მეზვერე, მეორე –  ფარისეველი. მეზვერეები იყვნენ გადასახადების ამკრეფნი რომის იმპერიისთვის, მაშასადამე, დამპყრობელი სახელმწიფოსთვის; მაგრამ, ამავე დროს, ისინი გადასახადს იღებდნენ იუდეის სახელმწიფოსთვისაც და მინიჭებული ჰქონდათ უფლება, იმდენი ფული გამოერთმიათ, რამდენსაც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ. ამიტომ ისინი ართმევდნენ სახელმწიფოსთვისაც და პირადად თავიანთათვისაც. ამიტომ მათი უმეტესობა ძალიან მალე მდიდრდებოდა, ისინი გამოირჩეოდნენ სისასტიკით, უსამართლობით და ხალხს ძალიან არ უყვარდა ისინი.

? ტაძარში შედის ფარისეველიც. ჩვენ მიჩვეული ვართ ფარისევლების ადვილად განკითხვას და მათდამი სიძულვილს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ფარისევლები ძალიან მოღვაწე ადამიანები იყვნენ.  დღევანდელი იგავიდანაც ჩანს, რომ ისინი კვირაში ორჯერაც მარხულობდნენ თავიანთი მოშურნეობის გამო, იმიტომ რომ სულაც არ იყო სავალდებულო კვირაში ორჯერ მარხვა ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ტრადიცია იყო. გარდა ამისა, თავიანთი შემოსავლის საკმაო ნაწილს გლახაკებსაც ურიგებდნენ, ე.ი. ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის წინაშე ფასს კარგავდა იმის გამო, რომ ისინი თავიანთ შრომას ძალიან ძვირად აფასებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თავიანთ ღვაწლზე და საკუთარი თავი მართალი ეგონათ.

? ეს ფარისეველიც ლოცულობს, მაგრამ მის ლოცვას შეიძლება ლოცვაც არ ეწოდოს, იმიტომ რომ იგი უფრო საკუთარ თავს იქებს, საკუთარ სიკეთეებზე საუბრობს და ასე ამბობს: „გმადლობთ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, კვირაში ორჯერაც ვმარხულობ, მეათედსაც დროულად შევწირავ, არ ვარ, როგორც სხვა ადამიანები, ცოდვილი, არ ვარ მემრუშე, არ ვარ მტაცებელი და ა.შ. ესე იგი ის თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, არაფერს ინანიებს, არამედ, მეტიც, პირიქით, გაიხედავს უკან, დაინახავს მეზვერეს და იტყვის: ,,აი, უფალო, ანდა როგორც ეს მეზვერე, ისეთი არა ვარ მე, რომელიც ახლა უკან დგას, მკერდში ხელს იცემს და ლოცულობს”.

? ამრიგად, ფარისეველმა ლოცვის დროს მეზვერე თავის გულში განიკითხა, დაამდაბლა და დაამცირა. ხოლო მეზვერე როგორ ლოცულობს? მან იცის, რომ ძალიან ცოდვილია, იცის, რომ არ იმსახურებს იგი ღვთის წყალობას, იცის, რომ ტაძარში დგომასაც კი არ იმსახურებს თავისი ცოდვების გამო და ამიტომ ძალიან უბრალოდ ლოცულობს: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“. ე.ი. უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.

? და იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ცოდვილი მეზვერე უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა რელიგიურ წესებს და ყველას მართალი ეგონა.

? მაშასადამე, ამ ლოცვის დროს მეზვერე თავს იმდაბლებდა, ხოლო ფარისეველი თავს იმაღლებდა და ამპარტავნობდა.

? აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რას გვასწავლის ჩვენ დღევანდელი იგავი? რას გვასწავლის ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით? გვასწავლის სიმდაბლეს.

? მაცხოვრის სახარება – ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრება, მისი ჯვარზე სიკვდილიც – ეს არის სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინება.  რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, სიმდაბლის სათნოება, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავად უფალი ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძვლად გვიდებს მას? – იმიტომ, რომ მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და  მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების.

მაშასადამე, თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც აღმოფხვრის. ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი, მას განსწმენდს, აღამაღლებს და მიამსგავსებს თავად ღმერთს, მიამსგავსებს იესო ქრისტეს. და როგორც მოგახსენეთ, ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, მეზვერისა და ფარისევლის მაგალითზე ვისწავლოთ, რას ვერიდოთ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, რისკენ ვისწრაფოთ და გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომლებითაც იგი ასრულებს დღევანდელ იგავს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს, ამინ“.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს: ალუღიშვილებს და ზოიძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩინეთის ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ალიევი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო ოთხ წელიწადში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო და არაკეთილსინდისიერი მიდგომების გამო გაუარესდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ცვლილებები ევროპაშიც მოსალოდნელია. „გვახსოვს დრო, როცა პრეზიდენტი ტრამპი იყო შეერთებული შტატების სათავეში და მაშინ ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდებოდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომის გამო კი ისინი უკიდურესად გაუარესდა. პრეზიდენტთან ჩვენი წინა მუშაობის გამოცდილება ძალიან დადებითი იყო. ველით, რომ ის ოთხი წელი რომელსაც ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევ, ისტორიას ჩაბარდება, და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ევროპელ ლიდერებს შორის ბევრი გაურკვევლობაა. მიზეზი მარტივია, ყველამ ვიცით როგორ ეპყრობოდნენ დონალდ ტრამპს როდესაც ის პრეზიდენტი არ იყო, ყველამ ვიცით ვის უჭერდა მხარს მათი უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებისას, და თუ ჩვენ ეს ვიცით, პრეზიდენტი ჩვენზე მეტ ინფორმაციას ფლობს“, - თქვა ალიევმა.

ირაკლი კობახიძე – არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით

არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ინტერესია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა პარტნიორების მხრიდან გაერთიანებულ საამიროებში. „გრძელდება ვიზიტი, დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. აქაც საუბარი გვქონდა ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ განზომილებაზე. ასევე ხაზი გავუსვით მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. გვქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავუხადეთ ზოგადად, ბატონ ემირს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის. ჩვენი ამოცანაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასევე დღეს ვიყავით ჩასული აბუ-დაბი პორტში, სადაც გვქონდა საინტერესო შეხვედრა. გავეცანით პორტის მუშაობას. აქაც გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. აქაც გამოვთქვით სრული მზადყოფნა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.

თეიმურაზ წიქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, უფრო მეტიც, უპასუხა შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი

მინდა განვმარტო დეზინფორმაცია რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა. წინა პროცესზე ბატონმა ბრალდებულმა განმარტა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი არ პასუხობდა გარკვეულ შეკითხვებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე საუბრისას. ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. უ ფრო მეტიც, წიქვაძის თქმით, ივანიშვილმა უპასუხა ისეთ შეკითხვებსაც, რომლებიც განსახილველ საქმესთან შემხებლობაში არ იყო, სწორედ იმ მიზნით, რომ ვინმეს არ ეთქვა, თითქოს დაზარალებული მხარე რომელიმე კითხვას თავს არიდებს. „მინდა განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, რაც მათ გააჩნდათ. უფრო მეტიც, უპასუხა ისეთ შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდა შემხებლობა დავის საგანთან, ანუ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან სწორედ იმ მიზნით, რომ შემდგომ ვინმეს არ გაეცხადებინა, რომ რაიმეს თავს ვარიდებთ, ჩვენ, დაზარალებული მხარე. ამიტომ, ის განმარტებები, რაც ბრალდებულმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა იყო სიცრუე.“ - აღნიშნა თეიმურაზ წიქვაძემ.

„ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის კიდევ ბევრ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ!“ – ერეკლე ღვინიანიძე

„მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი“,- წერს ერეკლე ღვინიანიძე, რომელმაც დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, რჩება ქართული ოცნების გუნდის წევრად და თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე მიიღო. „მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, თანამდებობა იუსტიციის მინისტრთან გარკვეულ საკითხებთან არსებული უთანხმოების გამო დავტოვე. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე და ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს. მრავალ წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი. ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის ჩვენ კიდევ ბევრ ქმედით და წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ!“- წერს ღვინიანიძე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ვებგვერდზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათ) დღეს.

ბოლო სიახლეები