,,მაქანის ისტორია: ბიჭი, რომელიც მინაბზე თავდასხმას შეეწირა…
ერთი დაჭმუჭნული ლურჯი პულოვერი და კრემისფერი სპორტული ფეხსაცმელი – სულ ესაა, რაც ბოლო 46 დღის განმავლობაში სკოლის ნანგრევებიდან ამოიტანეს. ეს ნივთები მაქან ნასირის ერთადერთი სახსოვარია. 7 წლის მაქანი – მინაბის “შაჯარე თაიებეს” სკოლის პირველკლასელი – ერთადერთი ბავშვია, რომლის ნაზი სხეულისგან ვერაფერი იპოვეს.
გამოცემა “შარყის” ინფორმაციით, იმ ბავშვის მოსაგონებლად, ვისი საფლავიც ცარიელია, მინაბის ისლამაბადის უბნის მეჩეთში პატარა ყუთი დადგეს – მასში ის ნივთებია მოთავსებული, რაც მაქანისგან დარჩა. მინაბის პროკურორმა 9 აპრილს განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაღუპული მოსწავლის მაქან ნასირის ვინაობა დნმ- ის ტესტითაც კი ვერ დადგინდა და იგი კვლავ დაკარგულთა სიაში რჩება. საბოლოო სტატისტიკის თანახმად, მინაბის სკოლაზე თავდასხმას 156 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 120 -მოსწავლეა (73 ბიჭი და 47 გოგონა), 26 – მასწავლებელი ქალი და 7 – მშობელი. დაღუპულთა შორის არიან ასევე სკოლის მძღოლი, მეზობელი აფთიაქის თანამშრომელი და 6 თვის მუცლად მყოფი ნაყოფი.
მინაბის პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი მასწავლებელი, ზოჰრე შაჰრიარი, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად ექვსი თვის ორსული იყო.
მაქან ნასირის დედა, 40 წლის ასიე, 38 დღის განმავლობაში არ კარგავდა იმედს, რომ საკუთარი შვილის სხეულს იპოვიდა. ბოლოს ქალის ძმამ აფეთქების ადგილიდან ასიოდე მეტრში, ხეებს შორის ნაპოვნი პატარა ბიჭის დაფლეთილი ფეხსაცმელი მოიტანა.
7 წლის ბავშვის ცარიელი საფლავი
28 თებერვალს, დილის 11:16 საათზე, ასიე საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, როცა ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. პირველი კლასის მასწავლებელი, მანდანა სალარი, დედას სთხოვდა, სასწრაფოდ სკოლაში მისულიყო და მაქანი წაეყვანა – როგორც ჩანს, თავდასხმა დაწყებული იყო. ასიემ არაფერი იცოდა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ რამდენიმე საათით ადრე თეირანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მაშინვე სკოლის ავტობუსის მძღოლს დაურეკა. ქალს ტელეფონი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, როდესაც საშინელი აფეთქების ხმა გაისმა — სკოლა დაიბომბა. ასიე და მისი მეუღლე, რომლებიც იმ დროს სახლში იყვნენ, მანქანაში ჩასხდნენ და ალ-მაჰდის დასახლებისკენ გაეშურნენ, სადაც სკოლა მდებარეობდა. ახლოს რომ მივიდნენ, გზა უკვე გადაკეტილი დახვდათ, ამიტომ მანქანიდან გადმოვიდნენ და სვლა ფეხით გააგრძელეს. სკოლასთან ისეთი ქაოსი და ხალხმრავლობა იყო, დედამ აღარ იცოდა, საით წასულიყო, სად ეძებნა შვილი ან ვისთვის ეკითხა — „სად არის მაქანი?“
ასიეს თქმით ნანგრევებში ბევრი ბავშვი იყო მოყოლილი და იქიდან ცოცხალი არავინ ამოუყვანიათ. მინაბელი ბავშვების სასაფლაოს ფოტოს ყველაზე მძიმე კადრია, რაც კი ბოლო ორმოციოდე დღის განმავლობაში გავრცელებულა: პატარა, ცარიელი საფლავები, რომლებშიც მინაბელი მოსწავლეების ნაწამები და დასახიჩრებული სხეულები უნდა ჩაეწვინათ. პატარა ბიჭის საფლავი დღემდე ცარიელი რჩება. დედამისი ხშირად მიდის მეჩეთსა თუ ცარიელ საფლავთან და დაღუპულ შვილს გლოვობს.
შაბათ დღეს მაქანს სპარსულის, მათემატიკისა და სპორტის გაკვეთილი ჰქონდა. სპორტი ბოლო საათი იყო. დედამ არ იცოდა შვილი ეზოში ეძებნა, საკლასო ოთახში თუ სამლოცველოში. შენობა ისე იყო დანგრეული, რომ ოთახების გარჩევა შეუძლებელი გახდა. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმააცის თანახმად, ყველაზე მეტად სწორედ მაქანის კლასი დაზიანდა. სკოლას 12 რაკეტა ესროლეს.
მეოთხე დღეს მაქანის სვიტერი იპოვეს. 38 დღის განმავლობაში მაქანის მშობლები რამდენჯერმე მივიდნენ მორგში ცხედრის ამოსაცნობად, თუმცა ბავშვის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მათ დნმ- ის ტესტიც კი ჩაუტარდათ.
ბავშვის ბიძა იხსნებს, რომ ოჯახი მაქანის გადარჩენის იმედს ბოლომდე არ კარგავდა, თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ბიჭუნას დაფლეთილი ფეხსაცმელი იპოვეს. მისი თქმით, ბავშვის სულის საცხონებლად მემორიალი 2 მეჩეთში მოაწყვეს. ხომეინი შაჰრში (მამის მშობლიური ქალაქი) მაქნის სახელს ერთ-ერთ ქუჩასაც დაარქმევენ”-ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.

