ხუთშაბათი, ივნისი 4, 2026

მარკო რუბიო – საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება

საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რისი გაკეთება იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს გარკვეული პოზიტიური პასუხებიც.

მისივე თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ურთიერთობებში წინსვლა შესაძლებელი იქნება. როგორც რუბიომ აღნიშნა, „შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც“.

რაც შეეხება ჯო უილსონის კითხვას, მან მარკო რუბიოს ჰკითხა: „თქვენ მიაღწიეთ ისტორიულ ერთიანობას ახლო აღმოსავლეთში, სადაც ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა, მხარს უჭერს ამერიკის ძალისხმევას ირანისა და მისი ბირთვული შესაძლებლობების წინააღმდეგ. ევროპაშიც, ნატო და ევროკავშირი ისე არიან გაერთიანებული, როგორც არასდროს, თავდაცვის ხარჯების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, პრინციპით – „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, რაც საბოლოოდ უკრაინის გამარჯვებასა და ომის დამნაშავე პუტინის დამარცხებას ემსახურება. ამ კონტექსტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სამხრეთ კავკასია, სადაც დიდი შესაძლებლობა გაჩნდა ე.წ. ტრამპის მარშრუტის ფარგლებში, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ალიევთან ერთად მიაღწიეთ. ეს მართლაც დიდი მიღწევაა, თუმცა პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელსაც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას რეგიონში. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთანავე, ისინი ხელს უწყობენ „ისლამურ რევოლუციურ გვარდიას“ და გვერდს უვლიან თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ შეჩერდეს სწრაფად მზარდი რადიკალიზაცია, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა უწყობს ხელს?“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხი კითხვაზე ასეთია: „საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული შეშფოთების საგანია. მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიანიშნებს, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ, რას მოითხოვს ეს და რისი შესრულება იქნება საჭირო. მათგან გარკვეული პოზიტიური პასუხებიც მივიღეთ. ამიტომ, იმედია, საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება იმ მიმართულებასთან შედარებით, სადაც ქვეყანა დღეს იმყოფება. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს?“ ჩვენ მათ ამაზე პასუხი გავეცით და ვიმედოვნებთ, ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და, შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორი მთავარ მიზანს ემსახურება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას

თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ დიალოგს, მეტ ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს არა მზა იდეოლოგიურ პასუხებს, არამედ განსხვავებული გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლას, რაც მისი თქმით საბოლოოდ უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიყვანას უზრუნველყოფს.„საერთაშორისო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, თავს იმკვიდრებს კოლექტიური აზროვნება, კრიტიკული აზრის უგულებელყოფა, იდეური მარწუხების თავსმოხვევა, და პლურალიზმის მიუღებლობა. ჩვენ გვახსოვს, როგორ მუშაობდა კომუნისტური პარტიის გენერალური ხაზი, როგორ ისჯებოდა განსხვავებული აზრი და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს მსგავს ფენომენს საერთაშორისო მასშტაბით ვხედავთ და ვაცნობიერებთ. თვალში საცემია, რომ არგუმენტების სიმწირის დროს, თავშესაფრად, მორალური პიედესტალიდან საუბარი იქცა. პათეტიკით გაჯერებული მორალისტობა დღეს ლამის საერთაშორისი პოლიტიკური რიტორიკის ნორმად დამკვიდრდეს და ამას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ შეფასებაშიც ვხედავთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ, თუკი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს, ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჩეხვის გარეშე.ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, რეალისტური და რაციონალური პოლიტიკის შუალედურ შედეგებს კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც ესმის საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები. და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და აუცილებლად მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველ შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ფორუმიც ხელს შეუწყობს სწორედ ასეთ – ღია, პატივისცემაზე დაფუძნებულ და შინაარსიან დიალოგს. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს არა მზა იდეოლოგიურ პასუხებს, არამედ განსხვავებული გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლას, რაც საბოლოოდ უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, ხარისხიანი განათლება

ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.„მოხარული ვარ, რომ თბილისი განაგრძობს მრავალწლიან ტრადიციას და უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომელმაც მასშტაბური გლობალური პლატფორმის სტატუსი შეიძინა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქი კვლავ რჩება რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად. ბოლო წლებში ჩვენ არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და ამ ფონზე, წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი – „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“, – კიდევ უფრო აქტუალურია. მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც ზესახელმწიფოები მცირე ქვეყნებს მხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის განმტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი კვლავ უკავია მშვიდობის პლატფორმას. გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე, პროგრესსა თუ კეთილდღეობაზე საუბარი შეუძლებელია. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში. მადლობას გიხდით ფორუმის ორგანიზატორებს, პარტნიორებსა და მონაწილეებს და ყველას ნაყოფიერ დისკუსიებს გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი – გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს ხელისუფლებაა, ესაა მშვიდობა, სტაბილურობა

მოხარული ვარ, რომ თბილისის მერია კვლავ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომლის სახელწოდებაც „ამიერკავკასიის დაკავშირება მდგრადი მომავლისთვის“ ზუსტად უპასუხებს იმ გეოპოლიტიკურ და ეგზისტენციალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი რეგიონი და სრულიად მსოფლიო დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა.„დღეს ჩვენ ვართ მოწმენი იმისა, როგორ იწერება კაცობრიობის ისტორიის სრულიად ახალი ფურცელი. საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება. სამყარო ერთპოლუსიანი სისტემიდან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე გადადის, მომავალი კი სულ უფრო გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ხდება. კონფლიქტების მდგრადი და სამართლიანი გადაჭრა კიდევ უფრო გართულდა, ხოლო გლობალური მშვიდობა დღეს უფრო მყიფეა, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ურთიერთობებში წინა პლანზე გადმოდის ძალის ფაქტორი, მკაცრი რეალიზმი და პრაგმატიზმი. გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

14 წლის გოგონა ამბობს, რომ მამა, 6 წლის განმავლობაში, მასზე სექსუალურად ძალადობდა – უმძიმესი ამბის დეტალები კახეთიდან

კახეთში , 35 წლის მამაკაცი დააკავეს - სამართალდამცველებს დასაბუთებული ვარაუდი აქვთ, რომ ის არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა.დანაშაულის კვალიფიკაციისა და ბრალის ზუსტი ფორმულირების დასადგენად, 14 წლის გოგონა შესაბამის ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.სამართალდამცველებთან გოგონა ამტკიცებს, რომ ბიოლოგიური მამა მასზე 6 წელია სექსუალურად ძალადობს. არასრულწლოვანმა პოლიციასთან კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა. მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მამაკაცი ცოლზე ძალადობისა და მისი ტანსაცმლის დაწვის ფაქტზე დააკავეს.ინფორმაცია ოჯახური კონფლიქტის თაობაზე სამართალდამცველებს მამაკაცის მეუღლემ მაშინ მიაწოდა, როცა დაკავებული, ნათესავებთან სტუმრად მყოფი შვილის სახლში ძალით დაბრუნებითა და მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდა.დაკავებული მამაკაცის მიმართ, ახლო ნათესავზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე წლის წინაც მიმდინარეობდა, თუმცა მას ბრალი არ დაუმტკიცდა. 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სასჯელს იხდის მისი ნათესავი მამაკაციც. იმ დროისათვის, სისხლის სამართლის საქმეში იკვეთებოდა, რომ ნათესავთან გარკვეული თანხის სანაცვლოდ, გარყვნილი ქმედების ჩადენას გოგონას სწორედ მამა აიძულებდა.ადგილობრივების ინფორმაციით, მისგან განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე მოზარდმა დედას და ბებიასაც უამბო, თუმცა უშედეგოდ.ამ დროისათვის, მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით: 11 პრიმა 138, 11 პრიმა 151, 126 პრიმა და 11 პრიმა 187 - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, მუქარა, ნივთის დაზიანება და არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

ბოლო სიახლეები