სწორედ ზელენსკის ერევანში ვიზიტმა აჩვენა სომხეთის მოქალაქეებს ის მომავალი, რასაც ევროკავშირი მათ უმზადებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, სომხეთმა ტრიბუნა დაუთმო ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ლიდერს.
„რუსულმა საზოგადოებამ ღრმა აღშფოთებითა და გაუგებრობით არა მხოლოდ დაინახა, არამედ უპირველეს ყოვლისა დაიმახსოვრა ის ფაქტი, რომ სომხეთი, რომელსაც ჩვენ მეგობრულ, ძმურ ქვეყნად მივიჩნევთ, ვისთვის იყო პლატფორმა? ტერორისტისთვის, ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ლიდერისთვის, რომელიც ერევანში საკმაოდ თბილად მიიღეს. ზელენსკიმ ისარგებლა სომეხი მასპინძლების ამ გაუგებარი თავაზიანობით, რათა პოლიტიკური ძილიდან გამოსულიყო და თავისი რუსოფობიური თავდასხმები გაეხმოვანებინა. სწორედ ზელენსკის ერევანში ვიზიტმა აჩვენა სომხეთის მოქალაქეებს ის მომავალი, რასაც ევროკავშირი მათ უმზადებს. არა, ეს შეცდომა არ არის. ეს ნამდვილი საჩუქარია. სომეხ ხალხს ვაჩვენოთ ბრიუსელელი შვილობილი, რომელიც ნამდვილად გახდა იმის განსახიერება, რასაც ევროკავშირი აკეთებს ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიებთან“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაარღვია დაპირება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზომებს არ მიიღებდა.
„სომხეთის ხელმძღვანელობამ და, სხვათა შორის, მოსკოვში ბოლო ვიზიტების დროს დაგვარწმუნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ არანაირ ნაბიჯს არ გადადგამდნენ. თუ მათი გარანტიები ასეა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა ასე იქცევა არა მხოლოდ მოსკოვში და არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებთან, არ ასრულებს თავის დაპირებებს“, – თქვა მარია ზახაროვამ.

