სამწუხაროდ, საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსის გარეთ, გარკვეული ტელეკომპანიის მხრიდან ვხედავთ ფაქტებს: მიდიან კონკრეტულ ავტომანქანებთან, აფიქსირებენ ადამიანებს ავტომობილებში, დასდევენ გამვლელებსა და ეუბნებიან, რომ იქ ყოფნის უფლება არ გააჩნიათ. ეს არის ცალსახად არასწორი ინფორმაცია, რადგან 100 მეტრის რადიუსის გარეთ, თუნდაც მოწოდება, აგიტაცია – არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს. მთავარია, ეს დისტანცია იყოს დაცული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ყოველგვარი აგიტაცია, ამომრჩევლის აღრიცხვა და ასე შემდეგ დაუშვებელია. მდინარაძემ მოუწოდა ყველას, მკაცრად დაიცვან ეს წესი.
„100 მეტრის რადიუსის გარეთ მათ შეუძლია ჩაატარონ ნებისმიერ კანონიერი მოქმედება. თქვენ წარმოიდგინეთ, აგიტაციაც რომ გასწიონ, სულ რომ პარტიული სიმბოლიკის მქონე მაისურებით იყვნენ, 100 მეტრის გარეთ ეს დარღვევა არ არის. ამას ვამბობ ერთი მთავარი მიზეზის გამო. გარკვეული პარტიული ტელეკომპანიები, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თითქოს, აფიქსირებენ პირებს, რომლებიც სიას აწარმოებს, ვიღაც თავის აქტივისტებს არჩევნებზე მოსვლისკენ მოუწოდებს – ეს დარღვევა არ არის. ცალსახად, ოღონდ 100-მეტრიანი რადიუსი მკაცრად უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა მდინარაძემ.