დღეს მართლმადიდებლები კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას აღნიშნავენ.
ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:
ტროპარი
დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაჲ აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ყოველთა აღდგომაჲ, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდითა შენითა წყალობითა.
კონდაკი
გამომეძიებელითა მარჯუენითა გუერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შე-რაჲ-ხვედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი, დიდებაჲ და ქებაჲ აღდგომასა შენსა, ყოვლადძლიერო.
იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ — „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღსდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“
აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

