შაბათი, ივნისი 6, 2026

ლიონელ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა

ლიონელ მესიმ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი რეკორდი დაამყარა. გუშინ გამართულ კატალონიურ დერბიში “ბარსელონამ” “ხირონა” დიდი სხვაობით, 6:1 დაამარცხა,

სპორტსმენმა ორი ბურთი გაიტანა, რის შემდეგაც არგენტინელი გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგის 36 გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი.

აქამდე მესი ამ რეკორდს “რეალელ” რაულთან და “ბილბაოელ” არიც ადურისთან ერთად ინაწილებდა, რომელთაც 35 კლუბის წინააღმდეგ აქვთ თავი გამოჩენილი.

შეგახსენებთ, რომ მესი 22 გოლით ლა ლიგას ბომბარდირთა, 12 საგოლე გადაცემით კი ასისტენტთა დავას ლიდერობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ადამიანი არ უნდა გაუცხოვდეს რეალურ ცხოვრებას“ – მეუფე ანდრიას გზავნილი ციფრული ეპოქის შესახებ

,,გუშინ წილად მხვდა პატივი და ბედნიერება შევხვედროდი გორისა და ატენის მიტროპოლიტს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მეუფე ანდრიას — ღირსეულ, თავმდაბალ, ღრმა აზროვნების მქონე და გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეს, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ფილოსოფიისა და თანამედროვე სამყაროში ადამიანის პასუხისმგებლობის შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი დიალოგის შესაძლებლობა შექმნა. შეხვედრისას ვისაუბრეთ მრავალ საკითხზე — თეოლოგიიდან და სულიერებიდან დაწყებული, სოციალური და კულტურული გამოწვევებით დამთავრებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის საერთო საზრუნავი, რომელიც ორივეს გვაერთიანებდა: ახალგაზრდების მომავალი და ე.წ. „ციფრული დამოკიდებულების“ მზარდი პრობლემა. ეს არის გამოწვევა, რომელიც თანდათან ქმნის არასასურველ დისტანციას ადამიანს, ოჯახსა და საზოგადოებას შორის. მისი შედეგები ერთნაირად შესამჩნევია როგორც საქართველოში, ისე ირანში და საჭიროებს სერიოზულ დაფიქრებასა და შესაბამის ნაბიჯებს. ჩვენი საუბრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მონაკვეთში მეუფე ანდრიამ ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მედიის განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოთქვა. მისი შეფასებით, დღეს მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებები ნამდვილად რევოლუციური მასშტაბის მოვლენაა. თუმცა, ამ პროცესისადმი წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, საჭიროა მისი სიღრმისეული გააზრება და ისეთი გზების მოძიება, რომლებიც ადამიანს შესაძლებლობას მისცემს სრულად ისარგებლოს ციფრული ეპოქის შესაძლებლობებით და ამავე დროს არ აღმოჩნდეს იზოლაციისა და რეალური ცხოვრებისგან გაუცხოების საფრთხის წინაშე. ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო შესაძლებლობა, ურთიერთპატივისცემისა და გულწრფელობის ატმოსფეროში გვესაუბრა მართლმადიდებლურ და შიიტურ სულიერ ტრადიციებს შორის არსებულ ზოგიერთ საერთო ფასეულობასა და შეხედულებაზე. დარწმუნებული ვარ, ასეთი დიალოგი ხელს უწყობს ირანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას და კულტურული, სულიერი და ჰუმანური კავშირების განმტკიცებას. ჩვენი საუბრის განმავლობაში არაერთხელ დავუბრუნდით ერთ საერთო იდეას: ადამიანის კავშირი ღმერთთან მხოლოდ პირადი და ინდივიდუალური გამოცდილება არ არის. იგი გავლენას ახდენს ადამიანის პასუხისმგებლობის აღქმაზე ოჯახის, სამშობლოს, საზოგადოების და მომავალი თაობების მიმართ. ეს ხედვა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთო წერტილია ჩვენი ორი ერის სულიერ ტრადიციებს შორის. მეუფე ანდრია ჩემთვის წარმოჩნდა როგორც განათლებული, ფართო ხედვის მქონე და ბრძენი სასულიერო პირი, რომელიც პატივისცემითა და კეთილგანწყობით საუბრობს თანამედროვე ირანზე. ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დიალოგები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთგაგებას, მეგობრობასა და თანამშრომლობას ირანელ და ქართველ ხალხებს შორის''-ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი წერს

პეტერ მადიარმა საზოგადოებრივი მედიის რეფორმა დააანონსა – „მიზანი დაბალანსებული ინფორმირებაა“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი საზოგადოებრივი მედიის რეფორმას აანონსებს.აღნიშნულთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.„მომდევნო კვირას პარლამენტს წარვუდგენთ კანონპროექტს საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ. მიზანი დაბალანსებული ინფორმირებაა. „ახალი ამბები წმინდაა, მოსაზრება – თავისუფალი“, – წერს მადიარი.

ნიკა გვარამია – საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო საქმე რომ დაჩქარდა? სასამართლო პროცესი 11 ივნისს გადმოინიშნა – ახლა თავად...

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ე.წ. საბოტაჟის საქმე, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არის აღძრული, "უცაბედად" 11 ივნისს გადმოინიშნა“.ნიკა გვარამიას თქმით, ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოლაპარაკების მთავარ ნაწილად ადამიანის უფლებების პრობლემას მიიჩნევს.„საინტერესოა ხომ, უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის დადგომის და მოლაპარაკებების დაწყების პარალელურად, საბოტაჟის სამარცხვინო და გამოგონილი საქმე, სადაც ლამის მთელი ქართული პოლიტიკური ლიდერშიპი სამართლდება, რომ დაჩქარდა?25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით „უცაბედად" 11 ივნისს გადმოინიშნა. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც პროცესები უსასრულოდ იწელება, მით უმეტეს, ზაფხულში. და ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირი მოლაპარაკების მთავარ ნაწილად ადამიანის უფლებების პრობლემას მიიჩნევს და მნიშვნელოვან წილად სწორედ ამაზე „ჰკიდია" უვიზო მიმოსვლის ბედი.ახლა თქვენ თავად გადაწყვიტეთ, სინამდვილეში, რა უნდა და რას აპირებს „ქართული ოცნება“,- წერს ნიკა გვარამია.ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ ბრალდება წარდგენილი. უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

გიორგი ბუტიკაშვილი – „ოპოზიციის ალიანსი“ აგრძელებს მუშაობას, ნებისმიერი პარტია, რომელიც ალიანსშია ან არ არის და ცდილობს ან შეიტანს ბზარს საზოგადოებრივ მოთხოვნაში, თავად დაზიანდება

„ოპოზიციის ალიანსი“ აგრძელებს მუშაობას, ვინაიდან ალიანსის მთავარი ამოცანა არის ძლიერი სტრუქტურის შექმნა და ივანიშვილის რეჟიმის დასუსტება ბოლომდე, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი.„ნებისმიერი გზავნილი, რასაც შეიძლება, ტელევიზიით ვისმენდეთ, საერთო საქმეს აზიანებს. ამიტომ ყურადღებას არც ვაქცევ ამ განცხადებებს. ჩვენი კამპანიაა დასაგეგმი, ამაზე დღესაც იყო კომუნიკაცია, ამ კამპანიას რეგიონებშიც გავაგრძელებთ. ნებისმიერი პარტია, რომელიც, მიიჩნევს, რომ საერთო საქმე და ერთობა მნიშვნელოვანია, ამ საერთო კამპანიაში ჩაერთვება“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.როგორც ბუტიკაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი, ვისაც ბზარი შეაქვს საზოგადოებრივ მოთხოვნაში, თვითონ დაზარალდება.„მთავარია საქმე, რასაც ხალხი ითხოვს. ნებისმიერი, ვინც ამ ერთობას, ამ საქმეს გაჰყვება, გააკეთებს საქმეს და ხალხს დაუმტკიცებს, რომ შეუძლიათ მუშაობა და ერთობლივად გადაწყვეტილების მიღება, ის ჯგუფი იქნება ცვლილების მომტანი. ამიტომ ნებისმიერი პარტია, რომელიც ალიანსშია ან არ არის და ცდილობს ან შეიტანს ბზარს საზოგადოებრივ მოთხოვნაში, თავად დაზიანდება“, – აღნიშნა ბუტიკაშვილმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM პროექტების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და „STEM ინოვატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით STEM პროექტების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, კონკურსმა, როგორც წინა წლებში, წელსაც დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 54 საჯარო სკოლა ჩაერთო. მონაწილე გუნდებმა გამოფინეს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაფუძნებული პროექტები, რომელთა შორის საუკეთესო 16 გუნდი ფინალურ ეტაპზე გადავიდა.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ნამუშევრები წარადგინეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, პროექტები მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა რობოტოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებზე დაფუძნებული სისტემები, ჭკვიანი ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია, გარემოს დაცვის ინოვაციური მიდგომები და უსაფრთხოების თანამედროვე გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვრისპირა სოფლების ეკოლოგიური მდგომარეობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი პრობლემების ტექნოლოგიური გზებით გადაჭრას ისახავს მიზნად.„წარმოდგენილმა პროექტებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდების შემოქმედებითი აზროვნება, ტექნიკური უნარები და ინოვაციური ხედვა. მონაწილე მოსწავლეებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული მიდგომები და რეალური გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობებიც წარმოადგინეს. STEM პროექტების კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებების პოპულარიზაციას, მოსწავლეებში კვლევითი და საინჟინრო უნარების განვითარებას, ასევე ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას თანამედროვე ტექნოლოგიებით. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მომავალი მეცნიერების, ინჟინრებისა და ინოვატორების გამოვლენასა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. წარმოდგენილი პროექტების მრავალფეროვნება და ხარისხი ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოში იზრდება ახალი თაობა, რომელსაც აქვს ცოდნა, მოტივაცია და პოტენციალი, შექმნას ინოვაციური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური გამოწვევებისთვის“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.STEM პროექტების კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასულ 16 გუნდს შორის გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსის მაღალი დონისა და წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხის გათვალისწინებით, პირველი ადგილი ორ გუნდს შორის განაწილდა. პირველი ადგილი დაიკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლის და სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის გუნდების მიერ წარმოდგენილმა პროექტებმა - „წყალმომარაგების სისტემის ავტომატიზაცია და კულტურული მემკვიდრეობის არქივი“ და „საზღვრისპირა სოფელში უსაფრთხოების მონიტორინგი“. გუნდებს წარმოადგენდნენ მოსწავლეები: ანა ბერიანიძე; მარიამ ბერიანიძე; გიორგი ზაუტაშვილი; ელენე გლურჯიძე; გიორგი ელიზაბარაშვილი; რუსუდან ტატულაშვილი; ბარბარე ნიკოლაშვილი და თამუნა არჩუაძე. მენტორი თეა ხუროშვილი. მეორე ადგილზე გავიდა თელავის N7 საჯარო სკოლის გუნდი - ნიკო ლომაშვილის, ლიკა კუპატაძის, ზურა ხავაზურაშვილისა და მარაიმ ლაგაზაურის შემადგენლობით, პროექტით - „მღვიმეების მკვლევარი რობოტი“, მენტორ ნათია ბაღათრიშვილის ხელმძღვანელობით. მესამე ადგილზე გავიდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლის გუნდი ინდირა ნატრიაშვილის მენტორობით და ლევან თულაშვილის, ლუკა მელაძის, ზურა ბერიძის შემადგენლობით, პროექტით - „რობოტული ხელი“.კონკურსის ფარგლებში დაწესებული იყო სპეციალური პრიზებიც. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის მიერ დაწესებული 500-დოლარიანი ფულადი ჯილდო ორ გამორჩეულ გუნდს გადაეცა. ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“, პროექტისთვის „მარკშეიდერი – ბზარების დეტექცია“, ხოლო მეორე – ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდი, რომელმაც პროექტი „ბენზინის ხარისხის დადგენა“ წარმოადგინა.ასევე, STEM ინოვატორთა ასოციაცია-ის მიერ დაწესებული 500-ლარიანი სპეციალური პრიზი გადაეცა მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის გუნდს პროექტისთვის „ბიბლიოთეკის ციფრული მოწყობა“.გამარჯვებული გუნდებისთვის ორგანიზატორებმა მნიშვნელოვანი წამახალისებელი პრიზებიც დააწესეს. პირველი ადგილის მფლობელ გუნდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-მა პროექტების შემდგომი განვითარების მიზნით ტექნიკის მაღაზიათა ქსელში გამოსაყენებელი 2000-ლარიანი ვაუჩერები გადასცა, ხოლო STEM ინოვატორთა ასოციაციამ გუნდებს სამი 3D პრინტერი აჩუქა. მესამე ადგილზე გასულ გუნდს უნივერსიტეტმა 1000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ. მისი განცხადებით, მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, ტექნოლოგიური უნარებისა და სამეცნიერო ინტერესების განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ჰყავს ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა, რომელსაც შეუძლია თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანი და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შეთავაზება.„დღევანდელმა კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ახალგაზრდობას. წარმოდგენილი პროექტები გამოირჩეოდა როგორც ინოვაციური იდეებით, ისე მათი პრაქტიკული დანიშნულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიებს რეალური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ და ქმნიან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შეიძლება გახდეს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, STEM განათლების პოპულარიზაციასა და იმ ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროებში ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მონაწილეთა შორის არიან მომავალი მეცნიერები, ინჟინრები და გამომგონებლები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში. ყველა მონაწილეს ვულოცავ წარმატებას და ვუსურვებ ახალი იდეების განხორციელებასა და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.

ბოლო სიახლეები