ორშაბათი, ივნისი 8, 2026

ლე პენი და ორბანი საფრანგეთში გამართულ ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე ევროკავშირს აკრიტიკებენ

ლე პენი და ორბანი საფრანგეთში გამართულ ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე ევროკავშირს აკრიტიკებენ

საფრანგეთის მემარჯვენე რადიკალი ლიდერი, მარინ ლე პენი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ორშაბათს საფრანგეთში გამართულ მიტინგზე ევროკავშირის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოვიდნენ, რომელიც ევროპული პოლიტიკის ანტიმიგრაციული ფრთის ერთიანობისა და სიძლიერის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. შეკრებაზე, რომელიც ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ (RN) მიერ ევროპარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მოპოვებიდან ერთი წლის თავზე, პარიზის სამხრეთით, მორმანტ-სურ-ვერნისონში ჩატარდა, ულტრამემარჯვენე ძალების ლიდერებმა მთელი ევროპიდან მოიყარეს თავი. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და კონტინენტის მასშტაბით მიღწეული კარგი საარჩევნო შედეგების ფონზე, შეკრების ორგანიზატორთა განწყობა ოპტიმისტური და თავდაჯერებული იყო. ორბანმა, რომელმაც საკუთარი თავი „შავ ცხვარად“ და „ბრიუსელის კოშმარად“ მონათლა, მიგრაციის ევროპული პოლიტიკა „კონტინენტის კულტურული ბაზის ჩანაცვლების მიზნით მოსახლეობის ორგანიზებულ გაცვლას“ შეადარა.

იმის მტკიცების ფონზე, რომ ბრიუსელიდან სანქციების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, თავის ქვეყანაში „მიგრანტებს უკან დაახევინა“, ორბანმა რამდენიმე ათას შეკრებილ ადამიანს განუცხადა: „ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, გაანადგურონ ჩვენი ქალაქები, გააუპატიურონ ჩვენი გოგონები და ქალები, მოკლან მშვიდობიანი მოქალაქეები“.

„დავასრულოთ თამაში“

თავის მიმართვაში, მარინ ლე პენმა ევროკავშირი დაახასიათა, როგორც „პოლიტიკურად შეუსრულებელი დაპირებების სასაფლაო“ და ევროგაერიანებას „ვოუქი და ულტრალიბერალური“ უწოდა. „ჩვენ არ გვინდა მაგიდიდან ადგომა. ჩვენ გვინდა, თამაში დავასრულოთ და გავიმარჯვოთ, საფრანგეთსა და ევროპაში ძალაუფლება ავიღოთ და ის ხალხს დავუბრუნოთ“, – განაცხადა მან. მისი პარტია ადრე ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლას უჭერდა მხარს, მაგრამ ლე პენი დღეს ევროკავშირში დარჩენას და ევროპულ რეფორმებს ემხრობა, რითაც ის გარდაცვლილი მამის, ჟან-მარი ლე პენის პოლიტიკური მემკვიდრეობისგან გამიჯვნას ცდილობს და სურს, თავის პარტიას არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინოს. პარიზის მახლობლად გამართული მიტინგის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ იტალიის ვიცე-პრემიერი და პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი, ესპანეთის პარტია „ვოქსის“ლიდერი, სანტიაგო აბასკალი და ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში.

ისინი ევროპარლამენტში შედიან ჯგუფში, სახელწოდებით „პატრიოტები ევროპისთვის“, რომელიც მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური ძალების გაერთიანებას წარმოადგენს. თავის გამოსვლაში სალვინიმ მიგრაცია ევროპის „საფრთხედ“ შეაფასა. „ჩვენი შვილებისთვის საფრთხე არის არალეგალი მიგრანტების შემოსევა, ძირითადად ისლამისტების, რომლებიც ბრიუსელის ჩუმი თანხმობით არიან ორგანიზებულები და დაფინანსებულნი“, – განაცხადა მან ტრიბუნიდან და ევროპელ „პატრიოტებს“, „ევროპის ბედსა და მომავალზე კონტროლის დასაბრუნებლად“, ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. შეკრების ორგანიზატორების თქმით, მათი მიტინგის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ, ახლომდებარე ქალაქ მონტარჟიში მემარცხენე, ულტრამემარცხენე ძალების და პროფკავშირების დაახლოებით 4 000 წარმომადგენელი შეიკრიბა, რომლებიც „წინააღმდეგობის გაწევას“ აპირებდნენ და აცხადებდნენ, რომ მემარჯვენე რადიკალი ლიდერები „არასასურველი პერსონები“ არიან.

„თქვენ აქ ხედავთ რასისტული და ქსენოფობიური ევროპული მემარჯვენე რადიკალების ყველაზე უარეს წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ“, – აღნიშნა ფრანგმა მემარცხენე რადიკალმა ევროპარლამენტარმა, მანონ ობრიმ.

„ბრიუსელის გილიოტინა“

ულტრამემარჯვენეების შეკრება ჩატარდა იმ დროს, როდესაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ წელზე ნაკლები დროა დარჩენილი. მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამ არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის. მარინ ლე პენის RN ამაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსს ხედავს. თუმცა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენი მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ის ყალბი სამუშაო ადგილების შექმნის სკანდალში გაეხვა და ამ წლის დასაწყისში გამოტანილი მსჯავრი მას საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრის უფლებას არ აძლევს. მართალია, ლე პენმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სათადარიგო ვარიანტიც არსებობს – კულისებში იცდის მისი პროტეჟე და პარტიის 29 წლის ლიდერი ჯორდან ბარდელა, რომელიც იმ შემთხვევაში იყრის კენჭს, თუ ლე პენს ამის უფლებამოსილი არ იქნება. ბარდელა, რომელსაც გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მოგების შანსი აქვს, თავისი იმიჯის წარმოჩენას სხვადასხვა ხერხით, მათ შორის, ტოპ-წამყვან კარინ ლე მარშანთან ხანგრძლივი სატელევიზიო ინტერვიუს მეშვეობითაც ცდილობს, რომელიც მარინ ლე პენის თანამებრძოლის რბილი მხარეების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

„ჩვენ უარვყოფთ ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპას, უარვყოფთ მაკრონის ევროპას… ჭეშმარიტი ევროპის აღორძინებას ჩვენ წარმოვადგენთ“, – განაცხადა ბარდელამ მიტინგზე. ლე პენთან დაკავშირებული სამართლებრივი გაურკვევლობის გარდა, დიდწილად გაურკვეველი რჩება საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტურებიც. მემარჯვენე-ცენტრისტი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური მოთამაშეა, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ორბანმა ლე პენის „ეროვნული გაერთიანებას“ (RN) არჩევნებში ტრიუმფი უსურვა. „თქვენ გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ბრიუსელის აღებას (…), ვერ შევძლებთ ბრიუსელის გილიოტინისგან უნგრეთის გადარჩენას“, -აღნიშნა ორბანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტრე ცისკარიშვილი – უგუნურება იქნებოდა, არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობები, მიშას გვერდზე გაწევა არაფრის მომცემი არაა, ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე მაღლა – „ლუზერები“...

მიშა ვისზეც თვლის, რომ არის „ლუზერი“, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს - „ლუზერები“ არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს რწმენა გამარჯვების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული.„ოპოზიციის მხრიდან მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი შესაძლებლობები. მიშას გვერდზე გაწევა არაფრის მომცემი საერთო საქმისთვის არ არის.მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაგეს თავის ეგოზე, ამბიციებზე მაღლა იმიტომ, რომ მთავარი ამბიცია არის საქართველოს ამ რეჟიმისგან გათავისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, ეს უნდა იყოს მთავარი ამბიცია და არის და იქნება კიდევაც. მიშა ვისზეც თვლის, რომ არის „ლუზერი“, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს. სოციალური ქსელებით აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სახელები და გვარები გააჟღეროს, მარჩიელობას აქ ხომ არ დავიწყებ?იცით, „ლუზერები“ არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს რწმენა გამარჯვების. ვისაც აქვს მომავლის იმედი, ვინც ხედავს დიდ სურათს, გნებავთ, თუნდაც გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ვისაც აქვს გამარჯვების რწმენა და იმედი ის „ლუზერი“ ვერ იქნება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.კითხვაზე, „ოპოზიციურ ალიანსში“ არის თუ არა ისეთი ვინმე, ვისაც გამარჯვების არ სჯერა“, ცისკარიშვილი ასე პასუხობს:„თქვენ იმ ხალხს შეეკითხეთ, აქვს თუ არა რწმენა. თუ ვინმე გამოიკვეთება ისეთი, რომ არ აქვს არაფრის იმედი და შეგუებულია „ქოცობას“ სამუდამოდ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ის არის ლუზერი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მისი პროცესი გაიმართა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს, მათ შორის ოპოზიციიდან „ლუზერი“ უწოდა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სახალხო ერთიანობა იქნება, „აუცილებლად დამარცხდება რეჟიმი“.„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი და იძახდა, რომ „შევარდნაძე ყოველთვის იქნება და სხვა უნდა მოვნახოთო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

დონალდ ტრამპი – ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“, „მშვიდობის“ შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა უმეცრება ან სისულელე ხელს უშლის

ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, ორივე მხარე მოწოდებულია ცეცხლის შეწყვეტისკენ.„მშვიდობის“ შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა უმეცრება ან სისულელე ხელს უშლის. ბლოკადა სრული ძალითა და ეფექტით დარჩება, ვიდრე „საბოლოო შეთანხმებას“ არ მიაღწევენ. ყველაფერი სწრაფად უნდა წარიმართოს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გია ვოლსკი – პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო – არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს

პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო – არა. უბრალოდ ევროკავშირს სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, რიგ შემთხვევებში, საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ ნეგატიურია.„მოთხოვნებს რომ გადავხედოთ, ვხვდებით, რომ საქართველო საზარბაზნე ხორცის როლში წარმოუდგენიათ, მაშინ, როცა საგარეო კურსზეა საუბარი. მაგალითად, დაპირისპირება იქნება რუსეთთან ეკონომიკური თუ სამხედრო. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს გაცილებით უფრო ნათელი ბოლო პერიოდში გახდა. ევროკავშირისკენ სწრაფვა როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს მსგავსი აქვთ. საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთში ან ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს. ჩვენ სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ. მზად ვართ, ყველანაირი გამოცდილება გავუზიაროთ, თუმცა „მზად ვართ“ არასწორი სიტყვაა. ჩვენ მუდმივად ურთიერთკავშირში ვართ. ევროკავშირისკენ სწრაფვა ყველა მიმართულებით მსგავსი გვაქვს, თუმცა ბრიუსელს გარკვეული ინტერესები აქვს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს არ შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პატრიარქი – თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას – იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი

თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ, არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“ - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III -მ საყოველთაო ნათლობის შემდეგ ქადაგებისად განაცხადა. პატრიარქის თქმით, ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს. "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოველთა წმინდანთა ხსენებას! ეს დღესასწაული დაემთხვა ამ ჩვენს დიდებულ მოვლენას – დღევანდელ საყოველთაო ნათლობას. განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღეს კიდევ ერთხელ, ჩვენი ბავშვების მონათვლას, თქვენი შვილების, თქვენი ნათლულების და მადლობას ვწირავ დღეს უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავაგრძელოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობები, რომელთაც ამდენი სიხარული და სიკეთე მოჰგვარა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. დღეს ვფიქრობთ ნათლობის მნიშვნელობაზე, ამ საიდუმლოებაზე, რომელიც ტარდება ჩვენს ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ ერთხელ უფალი იესო ქრისტე ესაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე თავის საიდუმლო მოწაფე ნიკოდიმოსს და უთხრა, რომ თუ ადამიანი არ იშვება წყლისა და სულისგან, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში (ინ. 3, 5). მაშასადამე, ნათლობა ყოფილა აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და ღვთის სასუფეველში შევიდეს. რა ხდება ამ დიდი საიდუმლოების დროს? სულიწმინდის მადლით ადამიანის სული უხილავად განიბანება და განიწმინდება. როდესაც ის ემბაზში ჩადის, კვდება ცოდვილი კაცი, ძველი კაცი, ხოლო როდესაც ემბაზიდან გამოდის, ეს არის უკვე ახალი ადამიანი, შობილი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, განწმენდილი, განბანილი, შობილი ქრისტესგან. როგორც ხორციელად ყველანი ადამისგან ვართ დაბადებულნი, ასევე ნათლობის დროს იესო ქრისტესგან იბადება ადამიანი სულიერად, საიდუმლოდ; მიეტევება ადამიანს ყველანაირი ცოდვა, პირველქმნილი ცოდვაც და პირადი ცოდვებიც და მის სულში თვით უფალი შემოდის. დღეს ალბათ მოისმინეთ საგალობელი: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“. „ქრისტეს შემოსვა“, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ადამიანის სულში. ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“. მაგრამ ნათლობის შემდეგ თუ ადამიანი არ იცხოვრებს ქრისტიანულად, თუ ყოველგვარი ცოდვებით შეურაცხყოფს უფალს და სინანულით არ განწმენდს თავის სულს, მაშინ ის შეიძლება გახდეს მოუნათლავზე უარესი. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „თქვენ გამო ღმერთი იგმობა წარმართთა შორის“ (რომ. 2, 24), იმიტომ, რომ წარმართებზე უარესად ცხოვრობთ. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გვთხოვს და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული, ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული. რას გვეუბნება ეს დაცემული გონება? – „იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ იცი და არა ისე, როგორც ღმერთი გთხოვს“. ღმერთს კი რა სურს ჩვენგან? – რომ სასუფეველში შეგვიყვანოს. ამიტომ უფალი გვთხოვს, ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მიგვითითა, როგორც მან გვასწავლა. ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, როგორც ინებებს იგი. ეს იქნება კეთილდღეობით, თუ დაუშვებს ჩვენზე განსაცდელებს, თუ სნეულებას, თუ როგორც მისი წმინდა ნება იქნება, ოღონდ გვაცხონოს და არ დაგვაკლოს ღვთის სასუფეველს, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!", - აღნიშნა პატრიარქმა.

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური სახე დაკარგეს, იმის გამო, რომ შედეგი ვერ დადეს, ახლა ერთმანეთს ადანაშაულებენ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში

ფაქტობრივად, ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური სახე დაკარგეს და ეს ყოველ ჯერზე მოხდა, როცა ქვეყნის ინტერესებს, დემოკრატიას, არჩევნებს უპირისპირდებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, იმის გამო, რომ მოჯადოებული წრე ვერ გაარღვიეს და შედეგი ვერ დადეს, ახლა ერთმანეთს ადანაშაულებენ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში.„ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ამ პარტიების რეალურ სახეს აჩვენებს. საპარლამენტო არჩევნების წინ ამბობდნენ, რომ საქართველოს გადარჩენა ამ პარტიების გაერთიანებაში იყო. ვნახეთ, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს პარტიები რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, მათი ურთიერთობებიდან გამომდინარეც შეგიძლიათ გაარკვიოთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ბოლო სიახლეები