შაბათი, ივნისი 14, 2025

ლე პენი და ორბანი საფრანგეთში გამართულ ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე ევროკავშირს აკრიტიკებენ

ლე პენი და ორბანი საფრანგეთში გამართულ ულტრამემარჯვენეთა მიტინგზე ევროკავშირს აკრიტიკებენ

საფრანგეთის მემარჯვენე რადიკალი ლიდერი, მარინ ლე პენი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ორშაბათს საფრანგეთში გამართულ მიტინგზე ევროკავშირის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოვიდნენ, რომელიც ევროპული პოლიტიკის ანტიმიგრაციული ფრთის ერთიანობისა და სიძლიერის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. შეკრებაზე, რომელიც ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ (RN) მიერ ევროპარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მოპოვებიდან ერთი წლის თავზე, პარიზის სამხრეთით, მორმანტ-სურ-ვერნისონში ჩატარდა, ულტრამემარჯვენე ძალების ლიდერებმა მთელი ევროპიდან მოიყარეს თავი. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და კონტინენტის მასშტაბით მიღწეული კარგი საარჩევნო შედეგების ფონზე, შეკრების ორგანიზატორთა განწყობა ოპტიმისტური და თავდაჯერებული იყო. ორბანმა, რომელმაც საკუთარი თავი „შავ ცხვარად“ და „ბრიუსელის კოშმარად“ მონათლა, მიგრაციის ევროპული პოლიტიკა „კონტინენტის კულტურული ბაზის ჩანაცვლების მიზნით მოსახლეობის ორგანიზებულ გაცვლას“ შეადარა.

იმის მტკიცების ფონზე, რომ ბრიუსელიდან სანქციების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, თავის ქვეყანაში „მიგრანტებს უკან დაახევინა“, ორბანმა რამდენიმე ათას შეკრებილ ადამიანს განუცხადა: „ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, გაანადგურონ ჩვენი ქალაქები, გააუპატიურონ ჩვენი გოგონები და ქალები, მოკლან მშვიდობიანი მოქალაქეები“.

„დავასრულოთ თამაში“

თავის მიმართვაში, მარინ ლე პენმა ევროკავშირი დაახასიათა, როგორც „პოლიტიკურად შეუსრულებელი დაპირებების სასაფლაო“ და ევროგაერიანებას „ვოუქი და ულტრალიბერალური“ უწოდა. „ჩვენ არ გვინდა მაგიდიდან ადგომა. ჩვენ გვინდა, თამაში დავასრულოთ და გავიმარჯვოთ, საფრანგეთსა და ევროპაში ძალაუფლება ავიღოთ და ის ხალხს დავუბრუნოთ“, – განაცხადა მან. მისი პარტია ადრე ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლას უჭერდა მხარს, მაგრამ ლე პენი დღეს ევროკავშირში დარჩენას და ევროპულ რეფორმებს ემხრობა, რითაც ის გარდაცვლილი მამის, ჟან-მარი ლე პენის პოლიტიკური მემკვიდრეობისგან გამიჯვნას ცდილობს და სურს, თავის პარტიას არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინოს. პარიზის მახლობლად გამართული მიტინგის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ იტალიის ვიცე-პრემიერი და პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი, ესპანეთის პარტია „ვოქსის“ლიდერი, სანტიაგო აბასკალი და ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში.

ისინი ევროპარლამენტში შედიან ჯგუფში, სახელწოდებით „პატრიოტები ევროპისთვის“, რომელიც მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური ძალების გაერთიანებას წარმოადგენს. თავის გამოსვლაში სალვინიმ მიგრაცია ევროპის „საფრთხედ“ შეაფასა. „ჩვენი შვილებისთვის საფრთხე არის არალეგალი მიგრანტების შემოსევა, ძირითადად ისლამისტების, რომლებიც ბრიუსელის ჩუმი თანხმობით არიან ორგანიზებულები და დაფინანსებულნი“, – განაცხადა მან ტრიბუნიდან და ევროპელ „პატრიოტებს“, „ევროპის ბედსა და მომავალზე კონტროლის დასაბრუნებლად“, ერთად მუშაობისკენ მოუწოდა. შეკრების ორგანიზატორების თქმით, მათი მიტინგის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ, ახლომდებარე ქალაქ მონტარჟიში მემარცხენე, ულტრამემარცხენე ძალების და პროფკავშირების დაახლოებით 4 000 წარმომადგენელი შეიკრიბა, რომლებიც „წინააღმდეგობის გაწევას“ აპირებდნენ და აცხადებდნენ, რომ მემარჯვენე რადიკალი ლიდერები „არასასურველი პერსონები“ არიან.

„თქვენ აქ ხედავთ რასისტული და ქსენოფობიური ევროპული მემარჯვენე რადიკალების ყველაზე უარეს წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ“, – აღნიშნა ფრანგმა მემარცხენე რადიკალმა ევროპარლამენტარმა, მანონ ობრიმ.

„ბრიუსელის გილიოტინა“

ულტრამემარჯვენეების შეკრება ჩატარდა იმ დროს, როდესაც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ წელზე ნაკლები დროა დარჩენილი. მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამ არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის. მარინ ლე პენის RN ამაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსს ხედავს. თუმცა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენი მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ის ყალბი სამუშაო ადგილების შექმნის სკანდალში გაეხვა და ამ წლის დასაწყისში გამოტანილი მსჯავრი მას საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრის უფლებას არ აძლევს. მართალია, ლე პენმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ სათადარიგო ვარიანტიც არსებობს – კულისებში იცდის მისი პროტეჟე და პარტიის 29 წლის ლიდერი ჯორდან ბარდელა, რომელიც იმ შემთხვევაში იყრის კენჭს, თუ ლე პენს ამის უფლებამოსილი არ იქნება. ბარდელა, რომელსაც გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მოგების შანსი აქვს, თავისი იმიჯის წარმოჩენას სხვადასხვა ხერხით, მათ შორის, ტოპ-წამყვან კარინ ლე მარშანთან ხანგრძლივი სატელევიზიო ინტერვიუს მეშვეობითაც ცდილობს, რომელიც მარინ ლე პენის თანამებრძოლის რბილი მხარეების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

„ჩვენ უარვყოფთ ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპას, უარვყოფთ მაკრონის ევროპას… ჭეშმარიტი ევროპის აღორძინებას ჩვენ წარმოვადგენთ“, – განაცხადა ბარდელამ მიტინგზე. ლე პენთან დაკავშირებული სამართლებრივი გაურკვევლობის გარდა, დიდწილად გაურკვეველი რჩება საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტურებიც. მემარჯვენე-ცენტრისტი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი ერთადერთი ცნობილი პოლიტიკური მოთამაშეა, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ორბანმა ლე პენის „ეროვნული გაერთიანებას“ (RN) არჩევნებში ტრიუმფი უსურვა. „თქვენ გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ბრიუსელის აღებას (…), ვერ შევძლებთ ბრიუსელის გილიოტინისგან უნგრეთის გადარჩენას“, -აღნიშნა ორბანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, თეირანში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა

ირანმა ისრაელისგან ახალი სარაკეტო იერიშების ფონზე, დედაქალაქში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა გაააქტიურა.სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განახლებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.

გაერო-ში ირანის წარმომადგენელი – ისრაელის დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, აშშ სრულ პასუხისმგებლობას იზიარებს შედეგებზე

გაერო-ში ირანის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები.როგორც ამირ საიდ ირავანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დაღუპულთა შორის არიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც.ამირ საიდ ირავანის თქმით, ამის თანამონაწილეა შეერთებული შტატებიც.„ამ დანაშაულების ხელშეწყობისა და დაშვებით, ისინი სრულ პასუხისმგებლობას იზიარებენ შედეგებზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

თუ უქმეებს გეგმავთ ამინდის ეს პროგნოზი ნახეთ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

1-ლი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში! – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.„2025 წლის 1 ივლისიდან, კომერციული მიზნით M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სომხეთის მიმართულებით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისას, სავალდებულო ხდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 95/2 რეზოლუციით განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტი — მგზავრთა სიის გამოყენება.მგზავრთა სია უნდა შეივსოს ელექტრონულად ოპერაციის დაწყებამდე და მაკონტროლებელი ორგანოსთვის წარადგინოთ ბეჭდური ვერსია.გთხოვთ, დაიცვათ პროცედურა და გამოიყენოთ მხოლოდ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და დარღვევები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები