მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამედიცინო დახმარების სამსახური. გადაკეტილია მეტროს ტერიტორია. ადგილზე მივიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ყველა დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში. ელოდებიან კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ გამოძიება, თუ რა მოხდა რეალურად.
“უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და მოხდება მკაცრი რეაგირება კონკრეტულ ფაქტზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდა, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.