ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025

კალაძე: სტუდქალაქში საცხოვრებელი ფართები 47 ოჯახს დაუკანონდება

თბილისში 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ფართების დაკანონების პროცესი გაგრძელდება. ინფორმაციას 1 tv ავრცელებს.

“47 ოჯახს ვუკანონებთ საცხოვრებელ ფართს. კერძოდ, ესენი არიან წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, მეოთხე კორპუსში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ ამ ფართებში და გარკვეული მიზეზების გამო ფართების დაკანონება ვერ მოახერხეს. თუმცა დღეს მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ. მინდა მივულოცო მათ, მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და აუცილებლად ჩვენს დაპირებებს შევასრულებთ, რომლებზეც წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით”,- განაცხადა კალაძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ნინო დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს.

„ადრე ქონების გადასახადს ერთეულები იხდიდნენ, ახლა მასობრივად უწევთ – საჭიროა სასწრაფოდ რეფორმა“

“თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული ხელზე იღებს თვეში შემოსავალს 1300 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აქვეყნებს.როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, შემოსავალში შეიძლება ჩაითვალოს იჯარაც. მისივე ინფორმაციით, „თუ ოჯახში არის სამი წევრი და თითოეული მათგანი იღებს თვეში 880 ლარს, ის ქონების გადასახადის გადამხდელია“.როგორც გოცირიძე წერს, თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ქონების გადასახადის გადამხდელია, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.„მათ არ იციან, რომ გადასახადის გადამხდელები არიან. ყველაფრიდან უნდა გადაიხადონ გადასახადი: ბინა, მანქანა, სოფელში მამა-პაპისეული სახლი, ავტოფარეხი, მიწა, აგარაკი თუ კომერციული ფართი, რომელიც შესაძლოა, არც კი გამოყენებულა არასდროს, დგას სადღაც შენობა თავისთვის.ერთია, რომ რეპრესიების პოტენციური სამიზნეები არიან ეს ადამიანები და მეორეც, არ შეუძლიათ მისი გადახდა.20 წელზე მეტი გავიდა, რაც ეს გადასახადი შემოვიდა (ჩემი ხელით დაწერილია ეს ნაწილი საგადასახადო კოდექსში, ჩემი გამოგონებაა 40 ათას ლარამდე განთავისუფლება გადასახადებიდან). იმის შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა და ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატეს. დღევანდელი 900 ლარი მაშინდელ დაახლოებით 300 ლარს უდრის. მაშინ ერთეულები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ.საჭიროა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სასწრაფოდ რეფორმა. ამას იმიტომ ვამბობ დღესაც და აგერ უკვე მრავალი წელია, რომ 31 ოქტომბერმადე უნდა შეივსოს დეკლარაცია და 15 ნოემბრამდე უნდა იქნას გადასახადი გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ჯარიმებია. მთავრობა ჯერ-ჯერობით თვალს ხუჭავს, იცის, რომ ყოველ მეორე თუ არა, მესამე ოჯახს უნდა მიადგეს, ამავე დროს არც არაფერს აკეთებს“, - წერს რომან გოცირიძე.ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აქვეყნებს ვიდეოსაც, სადაც ამბობს, რომ აუცილებელია რეფორმა.„ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ალბათ ყოველი მეორე თქვენგანი არის ქონების გადასახადის გადამხდელი, მაგრამ ბევრმა ეს არ იცის და სინამდვილეში იხდის 10-ჯერ ნაკლები. არ იცის, რადგან ჯერჯერობით მთავრობაც თვალს ხუჭავს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მრავალი წელია დღის წესრიგში დგას ამ გადასახადის რეფორმის საკითხი. მთავრობა პირდება საზოგადოებას და ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია.დევს ჩემი ახალი კანონპროექტი პარლმენტში. ყველამ აღიარა, რომ სწორი ვიყავი. მთავრობა გამოასწორებს ამას და მალე შემოვიტანთ ცვლილებებსო. იმის შემდეგ სამი წელი გავიდა და ისევ იმ მდგომარეობაში ვართ. იმეზეზებენ, რომ იურიდიული პირის ქონების გადასახადიც უნდა შევცვალოთო, არფერია შესაცვლელი, მხოლოდ განაკვეთია შესამცირებელი. დემაგოგობენ. არა აქვს რაიმე კავშირი ამ ორ გადასახადს ერთმანეთთან. ჯერ იმას მიხედონ, რაც საჩქაროა. ნუ ჰყავთ ხალხი მძევლად აყვანილი“, - ამბობს გოცირიძე.შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.ფიზიკური პირი კი ქონების გადასახადს მაშინ იხდის, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი წინა საანგარიშო წელს 40 000 ათას ლარს აღემატება.

დონალდ ტრამპი – ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთში მივაღწევდით მშვიდობას, მაგრამ ამას ვერ შევძლებდით რუსეთსა და უკრაინას შორის? ცოტა სხვაგვარად აღმოჩნდა, თუმცა ამასაც...

ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში მივაღწევდით, მაგრამ ამას რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ შევძლებდით? ამასაც აუცილებლად შევძლებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის თქმით, ფიქრობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თავისი ურთიერთობის გამო, ეს ადვილი იქნებოდა, თუმცა „სხვაგვარად გამოვიდა“.„ერთადერთი, რაც არ გავაკეთე, რუსეთ-უკრაინის საკითხია, მაგრამ ესეც გაკეთდება. მეგონა, ეს ადვილი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო, თუმცა ცოტა სხვაგვარად აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ გაკეთდება. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს, არასდროს დაიწყებოდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივაღწევდით მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ვერ შევძლებდით ამას რუსეთსა და უკრაინას შორის? იმიტომ, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შეუძლებელი იყო. შეხედეთ მათ, ჩვენ ეს შევძელით. 3 000 წელი – მათ არასდროს ჰქონიათ მშვიდობა. მათ არასდროს ჰქონიათ მსგავსი რამ. ვფიქრობ, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება, იმედია, სამუდამოდ. იმედია, ესეც მარადიული იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

ლევან ბეჟაშვილი – პარტიების აკრძალვა ევროსასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება, პრაქტიკა და არგუმენტები ჩვენს სასარგებლოდაა, ამიტომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება

„ქართულმა ოცნებამ“ როდესაც დემოკრატიული პროცესის გზით იდეა ვერ დაამარცხა, მოუწია რუსულ სტილში ბრუტალური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, სადაც პარტიებს პირდაპირ აკრძალავენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას სრულად აკონტროლებს და სარჩელზე ობიექტური მართლმსაჯულება ვერ დადგება.„„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წლის განმავლობაში ებრძვის. ყოველ წელს ისინი ჰპირდებოდნენ თავიანთ ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ რადარებიდან გაქრობას. მათ ვერ მოკლეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა, იდეა პატრიოტიზმის, წარმატებული ქართული  სახელმწიფოს, ევროპული საქართველოს. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის გზით ისინი ამ იდეას ვერ ამარცხებენ, მათ მოუწიათ რუსულ სტილში ბრუტალური საკანონმდებლო  ცვლილებების განხორციელება, სადაც პირდაპირ აკრძალავენ. უმრავლესობის დეპუტატები სარჩელს ხელს მოაწერენ და ყველამ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაფრის განმხილველი და ობიექტური მართლმსაჯულების დამდგენი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ იმასაც კი მიაღწია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემადგენლობას სრულად აკონტროლებენ, ორი მოსამართლის გარდა. ბუნებრივია, ამ პროცესს ისინი დაასრულებენ, ეს არის მათი რუსული დავალება, ეს ჯერ კიდევ 2024 წელს ივანიშვილმა დააანონსა, თუ არ ვცდები 29 აპრილს, როდესაც დიდი მიტინგი ჩაატარეს. ისინი შეეცდებიან, ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები არის ცალსახად ჩვენს სასარგებლოდ, პარტიების გაუქმების საკმაოდ მაღალი სტანდარტი არსებობს ევროსასამართლოში, ამიტომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი პრაქტიკულად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაწერილია.„სამართლებრივი არგუმენტები იმდენად აბსურდულია, „ქართულ ოცნებას“ კანონმდებლობაში რამდენიმე ცვლილების შეტანა დასჭირდა, რომ ამ პროცესამდე მისულიყო. მოქმედი კანონმდებლობა პარტიების გაუქმების საფუძველს არ იძლეოდა. მათ ჯერ მაისში, შემდეგ ოქტომბერში შეიტანეს ეს ცვლილებები და პრაქტიკულად გაიმზადეს საკანონმდებლო ბაზა, რომ ეს სარჩელი დაეწერათ. მეტიც, ოქტომბერში შეტანილი ცვლილებებით ისინი აპირებდნენ მოქალაქეებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას და გახსოვთ, რომ სია უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ეს არგუმენტიც კი არ გამოადგათ. ჩვენი ინფორმაციით, მათ აქვთ კომუნიკაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან, პრაქტიკულად  მათი დაწერილია, ამ მოსამართლეების დაწერილია ეს სარჩელი. მათაც კი ვერ გაბედეს, რომ ასე ცალსახად მოქალაქეებისათვის გაეუქმებინათ პოლიტიკური საქმიანობა, სია შეედგინათ და ასე შემდეგ, ამიტომ ამ პროცესისგან საქართველოს ფარგლებში, „ქართული ოცნების“ იურისდიქციის ფარგლებში წარმოუდგენელია, რაიმე ობიექტური მართლმსაჯულება შედგეს და რამე გაირკვეს. თუმცა, ევროსასამართლოს იმედი გვაქვს და ეს პროცესი აუცილებლად ევროსასამართლოში გაგრძელდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

გურამ მაჭარაშვილი – საგამოძიებო კომისიის დასკვნას ვინც წაიკითხავს და 4 ოქტომბრის მოვლენებს ნახავს, მიხვდება, რომ არ უნდა არსებობდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიც „ნაცმოძრაობაა“ თავისი...

არაერთხელ გვითქვამს, რაც ქართული საზოგადოების მხრიდან 2024-2025 წლებში არჩევნებზე დადასტურდა, რომ ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ქვეყანას აზიანებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს.„საგამოძიებო კომისიის დასკვნას ვინც წაიკითხავს, ასევე 4 ოქტომბრის მოვლენებს ნახავს, მიხვდება, რომ არ უნდა არსებობდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით. ქართულ პოლიტიკაში იმის საშუალება იქნება, რომ ბოლოს და ბოლოს ოპოზიციაშიც არსებობდნენ ისეთი ძალები, რომლებიც შეიძლება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, მაგრამ ქვეყანას არ აზიანებდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ბოლო სიახლეები