ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ მონტენეგროში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.
მეზურნიშვილის განმარტებით, დღეს შეხვედრა გაიმართება მალტისა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებთან და საუბარი შეეხება ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებას.
„ბუდვაში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დღეს მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. პირველი შეხვედრა შედგება მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სხვადასხვა ფორმატში მხარს უჭერს. საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საპარლამენტო ურთიერთობები. გავაღრმავებთ მეგობრობის ჯგუფის ფორმატს, რათა ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს. შეხვედრა გვექნება მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. საინტერესოა გამოცდილების გაზიარება, რაც ამ ქვეყანას აქვს ამ რთულ პროცესში. დარწმუნებული ვარ, ეს სამიტი შედეგიანი იქნება, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.
ღონისძიებაში შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტი.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრები.

