სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს ჯილდო მიანიჭეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

ღონისძიება ბილბაოს თეატრში ბასკეთის მმართველი პარტიის ორგანიზებით შედგა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს ჯილდოსთვის. ჩემთვის დიდი პატივია იმ ადამიანად ყოფნა, ვინც ერთგულია ბასკებთან და ბასკეთთან მეგობრობის.

მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას – საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის – საბინო არანას სახელს ატარებს.

რამდენიმე მეცნიერული დასკვნით დასტურდება, რომ ბასკებსა და ქართველებს შორის ისტორიული კავშირი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბასკეთსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული მანძილი საკმაოდ დიდია, აშკარაა მსგავსება კულტურაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში. მეღვინეობა ჩვენი კულტურების არსებითი მახასიათებელია, რაც მეტყველებს, რომ ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს. ასევე, ქართული და ბასკური ენები სტრუქტურულად ახლოსაა ერთმანეთთან. ქართველებმა კარგად იციან ეს კავშირი და ძალიან ამაყობენ ამით.

ამ კავშირმა მოტივაცია მისცა ქართველების წინა თაობებს, ასევე მე და ჩემს კოლეგებს, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის შემდგომ გაღრმავებას. თბილისი და ბილბაო, ვიტორია და ქუთაისი, ლაგუარდია და გურჯაანი ათწლეულების მანძილზე დაძმობილებული ქალაქები არიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბასკური ენის განყოფილება დაარსდა. არსებობს უწყვეტი პარტნიორობა, მაგრამ ასევე ძალიან ფართო სივრცე კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, გასტრონომიისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ნება მომეცით აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავრგეთ რამდენიმე გერნიკას ხე, რაც ბასკ და ქართველ ხალხებს შორის ძლიერი კავშირისა და მეგობრობის სიმბოლოს გამოხატავს.

თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზი ქვეყანა საოცრად ლამაზი ბუნებით, პეიზაჟებით, ქალაქებითა და სოფლებით, მაგრამ ბასკეთის ყველაზე ღირებული სილამაზე მისი თბილი ხალხია. თითოეულმა ბასკმა, ვისაც ჩვენ შევხვედრილვართ, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, გაგვეძლიერებინა ჩვენი მეგობრობა. დიდი მადლობა ამისთვის!

ჩემი ქვეყანა – საქართველო დღესდღეობით რამდენიმე ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მისი მშვიდობიანი დეოკუპაცია ჩემი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული მიზანია. უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში არსებობდა საფრთხე, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოზეც გავრცელდებოდა. ეს იყო ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი, რომ თავიდან აგვერიდებინა ომი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამას წარმატებით მივაღწიეთ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველა საერთაშორისო ფორუმზე. ამავდროულად, ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ხელი შევუწყოთ მშვიდობას რეგიონში. საქართველო ასევე ცდილობს, ფასილიტატორის როლი შეასრულოს ორ მეზობელ ქვეყანას – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ყველა ერი თანმიმდევრულად უნდა გაჰყვეს ამ გზას.

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას აზიასთან და აქვს დიდი პოტენციალი, შემდგომ განავითაროს სატრანზიტო ფუნქცია და შესაძლებლობები. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაყოფიერ ნიადაგს ეკონომიკური საქმიანობისა და ინვესტიციებისთვის ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში. ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის.

ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განაცხადი და იმედია, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს. თქვენი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად.

საერთო ჯამში, ასევე ზოგადი კონტექსტი იძლევა ნაყოფიერ ნიადაგს ბასკეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. მე მივიჩნევ ამას, როგორც ჩემს პასუხისმგებლობას, გავაკეთო ყველაფერი ამ პოზიტიური ტენდენციის ხელშეწყობისთვის.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საბინო არანას ფონდს და ყველა ჩვენს ბასკ კოლეგას ჯილდოსთვის, ასევე შესანიშნავი მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტრას აუსტრევიჩუსი – სასწრაფოდ საჭიროა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა

სასწრაფოდ საჭიროა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.„საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციით დაარსებული ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება გადაწყვიტა, როგორც გარედან თავსმოხვეულის. სასწრაფოდ საჭიროა ვიზალიბერალიზაციისა და სხვა სექტორული გადაწყვეტილებების გადახედვა“, - წერს აუსტრევიჩუსი.შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იტალიელ კოლეგებთან პარტნიორობით, ახალ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროექტის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამის შემუშავება ხელს შეუწყობს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გამოცდილების გაფართოებას, მთის კვლევისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადებას, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მილანის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.სამუშაო შეხვედრებში, რომელსაც მოცემულ ეტაპზე მილანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ჩართულნი იყვნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ქობლიანიძე და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე.პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მოდელთან დაკავშირებული მოსაზრებები შეაჯერეს და სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს CIF საგრანტო პროექტის მიზნები და მისი მდგრადობის საკითხები. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შეხვდნენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-ის ხელმძღვანელს, პროფესორ ანა ჯორჯის, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ რიკარდო ჯუჯეტის და აკადემიურ პერსონალს. როგორც ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, შეხვედრებს ფასილიტაციას უწევდა მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სტეფანო კორსი.სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიელი კოლეგების მხარდაჭერით შედგა შეხვედრა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ ლუჩია ანჯოლინისთან, რომელთან ერთადაც სამთო-გეოლოგიური მიმართულების განვითარებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, გაიმართა ონლაინ შეხვედრები ევროპის მთის კვლევის ქსელის (NEMOR) და ევროპის მთიანი რეგიონების ასოციაცია EUROMONTANA-ს ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც შეაჯერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.როგორც პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე აღნიშნავს, მილანის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები ასევე მნიშვნელოვანი იყო სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სამომავლო განვითარების მხრივ. გიორგი ჭიჭინაძის თქმით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტებისთვის მილანის უნივერსიტეტში ორდიპლომიანი პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობები.პროფესორ თამარ ქობლიანიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ედოლოში საჯარო ლექციები გამართეს UNIMONT-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის. თამარ ქობლიანიძე ამბობს, რომ მილანის უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერსპექტივით, შესაბამისად, სტუ-ის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, კვლევითი ინფრასტრუქტურა და ის შესაძლებლობები, რომლითაც სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტები სარგებლობენ.როგორც სტუ-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პროცესისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა იტალიის მთიან რეგიონებში მდებარე სარეკრეაციო და საკვლევ სივრცეებში ვიზიტებს ენიჭება: ლივინიოს მთიან მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს Milano-Cortina 2026-ის ოლიმპიური ობიექტები და გაეცნენ კომპანია „მოტოლინოს“ საქმიანობას, რომელიც ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა პასუხისმგებელი; დაათვალიერეს ტრენტოს მეცნიერების მუზეუმი (MUSE), ხოლო მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეხვედრის ფარგლებში, იმსჯელეს სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მოქმედი მუზეუმების განვითარების შესაძლებლობაზე და მათ ბაზაზე ერთობლივი საგანმანათლებლო ფორმატების შემუშავების შესახებ; გაეცნენ იტალიის მთიან რეგიონებში დაფუძნებულ ისეთ მცირე საწარმოებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-თან, საქმიანობის პროცესში კი ინოვაციურ ცოდნასა და უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პრაქტიკულ მოდელებს იყენებენ.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა გიბრალტარი სტუმრად დაამარხა

ევოპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მან გიბრალტარში 1:0 მოიგო.გოლი 53-ე წუთზე დოლტმურზიევმა გაიტანა.მატჩის ბოლოს მსაჯმა ფეხბურთელებს ხუთი წითელი ბარათი უჩვენა: საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გააძევეს დოლტმურზიევი, ძნელაძე და ხუციშვილი, გიბრალტარიდან – ჩარვეტო და გარო.

მარტა ბარამიძე სიცოცხლისთვის იბრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ფოტოგრაფი, გიორგი ცაავა სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს. „ჩემო მეგობრებო, ჩვენი დახმარება სჭირდება ძალიან კარგ, კეთილ და შრომისმოყვარე ადამიანს, მარტა ბარამიძეს.ის იბრძვის სიცოცხლისთვის და იმსახურებს იცოცხლოს. ვისაც რა საშუალება გაქვთ, გეხვეწებით, 1 ლარიც მნიშვნელოვანია! მადლობა წინასწარ და ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.საქართველოს ბანკი: #GE88BG0000000184031700 თიბისი ბანკი: #GE08TB7102445061100081ამ პოსტის გაზიარებაც ძალიან დაგვეხმარება“ - წერს ფოტოგრაფი გიორგი ცაავა სოციალურ ქსელში.

თბილისი-გორის მაგისტრალზე მიკროავტობუსი იწვის

თბილისი - გორის მაგისტრალზე მიკროავტობუსი იწვის.როგორც „პრაიმტიამს“ აცნობეს, მომხდარის შესახებ არავინ დაშავებულა.„ტიფლისნიუსი“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

ბოლო სიახლეები