ხუთშაბათი, იანვარი 9, 2025

ილია მეორე – დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ

დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ყოველივე ეს უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და „აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს“.

„ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).

ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა … ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების“, – ნათქვამია ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„საკალანდოდ თუ ჩამოით ხო კაი, გევიხარებთ ბებრები, თუ ვერ მოახერხო, მამა, აგერ გიგზავნი ყოლფერს“ – წერილი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

ჟურნალისტი, “ლეიბორისტული" პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ. მასში ზედმიწევნითაა აღწერილი თბილისში მცხოვრები გურულებისთვის მშობლიური სახლიდან გაგზავნილი სითბო: „დეკემბრის ბოლოს, რკინიგზის სადგურზე, მამა გურიიდან წამოსულ მატარებლს უცდიდა, ხშირად მეც მივყავდი. ჩემი და-ძმა პატარები იყვნენ, მე კი უკვე დიდი ვიყავი და გურიიდან გამოგზავნილი საახალწლო ნობათით სავსე ჩანთის კიდეში ჩადებული წერილის მოძებნა და მერე წაკითხვა ჩემი მოვალეობა იყო. წერილებს ხმამაღლა ვკითხულობდი სულ, თან ყელში ბურთი მებჯინებოდა. საკალანდოდ გიგზავნით შვილო, ღორის ხორცია კაი გაყოლა, 5 წველა ყველი, ნადუღი, ხაჭაპურია კეცის, ჭადის ქფილი, ჯანჯუხე, ინდოური კია გოჭისხელა, დედალი, კვატიე, ხურმა, ხაპი, თხილიც კია პაწე. ადესაა მაქანე კიდო და ოტკაც ჩავდე. საკალანდოდ თუ ჩამოით ხო კაი, გევიხარებთ ბებრები, თუ ვერ მოახერხო, მამა, აგერ გიგზავნი ყოლფერს. ჩვენ კი ვართ ბებრები ბაღნების მოლოდინში მაინც, ერიგზობა გაციება კი მივილიეთ, ჯერ მე ვიყაი გლახათ, მერე აი დედაბერი შეიქნა მისახედი, მარა ახლა კარგად ვართ. ჩვენი ჯავრი არ გექნეთ. უთენია, თბილისი-მახარაძის მატარებელი რომ ჩამოდგება, კი ვჩივით სულ ბაღნები იქნება მეიყვანა მატარებელმაო, მარა არ იქნა და არ. კია, სიცივი და გლახა ამინდები, მარა აი ბაღნები ბუხართან იქნებოდნენ თბილში, აფერს მიაკლებდა ბებიამისი. საქმე არ შობა თვარა, ვიცი შვილო ჩამეიყვანდი ოჯახს. ჩვენ მაინც ვუცდით მახარაძის მატარებელს ყოველდღე. თუ ჩამოი, მამა, იცი შენ რაცხა მინდა. ჟურნალ-გაზეთები მაქოური, აი სოფლის ცხოვრება კი მოაქ ფოსტალიონს. მარა აფერი წერია შით. ფილტრიანი სიგარეტი და ერთი კაი წიგნი წამეიმღვარიე, აფერი მაქვს საკითხავი ამ ზამთარს. სა მცალია წიგნიზა, მარა გლახა ამინდი როცხაა, კი მიხარია, მაშვინ თუ წევიკითხავ რაცხას. დედაშენი აგერ ჯდანა ჯორკოზე ბუხართან, არ მაჩვენებს თვარა თვალები კურცხალით აქვს სავსე, არ ჩივა აფერს, ენატრებით სულ. მე, აღარ მელაპარაკება, მამაზეციერი შეაწუხა ამდენი თხოვნით და ლოცვით“. ბაბუასგან საკალანდოდ მიღებული წერილი ასეთი იყო სულ. არ მახსოვს არც ბავშვობაში, არც მერე დიდობაში კალანდა გურიაში. არც ნაძვისხე მინახავს ჩვენს ოდაში. არც ჟრიამული. არც ჩვენს ოდაში შემოსული კალანდა. დღემდე, მეფიქრება და მედარდება მათი უსაშველო მოლოდინი. დღემდე მეტკიება ჩვენს ოდაში უბაღნებოდ გათენებული, ბუხრის თავზე შემოდებული ერთი პატარა ჩიჩილაკით შემოსული კალანდა. ბედნიერი კალანდა მინდა გათენდეს საქართველოსთვის! ყველა ბავშვისთვის! ჩვენი ოჯახებისთვის!“ _ წერს ქეთი დოლიძე და დასძენს, რომ წელს მაინც სურდა გურიაში ჩამოსვლა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ვერ შეძლო: „ამ ახალწელს მინდოდა ჩემი ბიჭები წამეყვანა გურიაში, შობას, კალანდას ჩვენი ოდა გაგვეთბო. დამეცხო გურული ღვეზელები, მოგვერთო ჩიჩილაკი. თვეების წინ, ნაძვისხეც კი ჩავიტანე, სააკალანდოდ გურიაში დაბრუნებას ვგეგმავდი. ახლა აღარაა ამის დრო. ახლა საქართველოს გამარჯვების დროა! მერე ქრისტეშობაც სხვანაირი იქნება და კალანდაც!“

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოებრივი მაუწყებელი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, სხვადასხვა მხარის მიერ, პირველი არხის მიმართ სისტემატური ხასიათის თავდასხმების, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობის გამო. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის საქმიანობას ახორციელებს კანონით დადგენილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და ემსახურება მთელ საზოგადოებას, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების სრული დაცვით, ობიექტურად, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით, რაც დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამაც. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას ავლენს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არხის დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან სივრცეში, როგორიც მაგალითად, ევროპარლამენტია. აღარაფერს ვამბობთ მისი მხრიდან არხის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და მოწოდებაზე არხის დასჯის შესახებ, რაც მედიასთან ურთიერთობის ყოველგვარ სტანდარტს მიღმა დგას. პოლიტიკოსებისგან მსგავსი ტიპის თავდასხმები ახალისებს და აქეზებს გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფებს და კერძო პირებს, ლეგიტიმურად მიიჩნიონ მედიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების შეურაცხყოფა, ბულინგი და მათი მისამართით სიძულვილის ენის გამოყენება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს, ამ რთულ დროს შეინარჩუნონ პროფესიონალიზმი და პროფესიული სტანდარტი. შემაშფოთებელია დამოუკიდებელ მედიაზე დეზინფორმაციის საშუალებით წნეხის განხორციელებისა და ჟურნალისტების დაშინების მცდელობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის მთელ საზოგადოებას, არც ერთ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ჯგუფს არა აქვს მისი მონოპოლიზებისა და სხვებისთვის ჩაკეტვის უფლება. აქ ჟღერდება სხვადასხვა იდეა და მოსაზრება, მათ შორის ისეთი, რომელიც, ცხადია, ყველასთვის მისაღები და მოსაწონი ვერ იქნება, რასაც გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა, ვინაიდან სწორედ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება და ამის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ბულინგი დაუშვებელია და ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. განსხვავებულ აზრსა და იდეას აზრითა და იდეით უნდა დაუპირისპირდნენ და არა ჟურნალისტების ღირსების შელახვით. აქვე გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 13 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი განაახლებს პრაიმტაიმის ეთერს და იგი, როგორც ყოველთვის, დაეთმობა ყველა, მათ შორის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ მხარეებს აზრის გამოთქმისა და დისკუსიისთვის. შეძლებისდაგვარად ვეცდებით, დრო დავუთმოთ ყველა მნიშვნელოვან თემას პოზიციების დაახლოებისთვის და არა რადიკალიზაციის გასაღრმავებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ, გიორგი მამარდაშვილის ახალი ოჯახური კადრები

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში თბილ კადრს გვიზიარებს. „ოჯახი“, – წერს ელენე.

მიხეილ სააკაშვილი: ახალი არჩევნებიც ჩატარდება, ესენიც ჩამოიშლებიან, მაგრამ ეს არ მოხდება შეგონებებით, არამედ გაათმაგებული ძლიერი შეტევით და იძულებით

ახალი არჩევნებიც ჩატარდება, ესენიც ჩამოიშლებიან, მაგრამ ეს არ მოხდება შეგონებებით, არამედ შეტევით და იძულებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რასაკვირველია, ახალი არჩევნებიც ჩატარდება, ესენიც ჩამოიშლებიან, მაგრამ ეს არ მოხდება შეგონებებით, არამედ გაათმაგებული ძლიერი შეტევით და იძულებით!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის სოფელ კნოლევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებულები ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ილია ლუტიძის, ნიკა მამასტარაშვილის და ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები