ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს.

„ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მსურს, შეგახსენოთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა სასამართლო სისტემაში 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დროს. რეალობა იყო უმძიმესი: სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული, 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს. უსამართლო და რეპრესიული სასამართლო სისტემის პირობებში 25 ათასს მიაღწია პატიმრების რაოდენობამ ციხეებში, სადაც დანერგილი იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა. შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ციხეებში პატიმრების რაოდენობა – 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი ათჯერ შემცირდა. გარდა ამისა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ოცჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი და ა.შ.

წინა ხელისუფლების და მისი სასამართლო სისტემის პირობებში ქართველი ხალხი საქართველოში სამართალს ვერ პოულობდა და იძულებული იყო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა. 2004-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების 5416 საჩივარი შევიდა. შედარებისთვის, 2013-2022 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1132-ს შეადგენდა. 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები – მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ.

სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ნათელი დასტურია იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნებისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია. საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა დღეს ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და დღეს ის უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა.

ხელისუფლებამ არაერთგზის მიმართა საქართველოს მოქმედი სასამართლო სისტემის კრიტიკოსებს მოწოდებით, წარმოედგინათ კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა. თუმცა, კრიტიკოსებმა დღემდე ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. სასამართლო სისტემის კრიტიკოსების არაობიექტურობის ნათელი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ, პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა „რუსთავი 2“-ის მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მხრიდან საქმის მოსამართლის მისამართით „განხორციელებული უსაფუძვლო მედიაშეტევები შეიძლება, განხილული იყოს, როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და აღნიშნულმა შეტევებმა, ზოგადად, წვლილი შეიძლება, შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში“. გვინდა, შეგახსენოთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები.

ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება, როგორც ერთ-ერთი მოწინავე. IPSOS FRANCE-ის კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში. პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს.

ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს.

ამიტომ, ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენისადმი გაგზავნილ ილია დარჩიაშვილის წერილში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნათია თურნავა – სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი და მაღალი რანგის შეხვედრები გვქონდა

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.მისი თქმით, ინტენსიური კვირა იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა თუ დისკუსია.„საუბრები გვქონდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე. უახლოეს პერიოდში საქართველოში სსფ-ის მისიების ვიზიტებს ველოდებით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. მეოთხე მუხლის მიმოხილვა, რომელიც აჯამებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას. იცით, რომ წინა მიმოხილვის შემდეგ გამოქვეყნდა ძალიან პოზიტიური ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარება და მედეგობა სხვადასხვა შოკის მიმართ, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა. დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი მიმოხილვაც ასეთივე პოზიტიური შეფასებებით დასრულდება. ასევე იცით, რომ სსფ-თან მიმდინარე ტექნიკური დახმარების მისიები და ტექნიკური დახმარების პროექტები გვაქვს. მივმართეთ თხოვნით, რომ გაზარდონ და გააფართოონ ეს თანამშრომლობა, რაზეც ასევე პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის და აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს.გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ნათია თურნავა ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტს, სანჯაი მალჰოტრას შეხვდა, რა დროსაც საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ის, Citibank-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარდგა.აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ფოკაა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ეკა გიგაური – ღარიბაშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ძირგამომთხრელებს გვეძახდა, გარკვეულ კანონებსაც იღებდნენ მისი ლობირებით, მაგრამ მაინც ახერხებდა, რომ ქვეყანა არ იყო იზოლაციაში

ღარიბაშვილს არ უქნია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.გიგაურის თქმით, ძალიან აშკარაა, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებასაც აქვს ადგილი.მისივე შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ქვეყანა იზოლაციაში არ იყო.„ღარიბაშვილს არ უქნია არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს ძალიან ბევრი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი. ჩემი აზრით, აქ ალბათ მაინც საუბარი იმაზეა, რომ ღარიბაშვილს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის „ოცნებაში“. მიუხედავად იმისა, რომ ის იმავეს აკეთებდა, მაგალითად, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ძირგამომთხრელებს ის გვეძახდა, გარკვეულ კანონებსაც იღებდნენ მისი ლობირებით, მისი მხარდაჭერითაც და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც ახერხებდა, რომ ქვეყანა არ იყო იზოლაციაში. ის არის ადამიანი, რომელიც თავიდანვე იდგა „ქართული ოცნების“ სათავეებში. 2012 წელს ის იქ იყო და კობახიძე მახსოვს, ჩემთან ოფისში დადიოდა, გაერო-ს ექსპერტი, თუ რაღაც იყო. არ ვაქებ და ნამდვილად მან დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ თვითონ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი უფრო მისიანია, ვიდრე დღევანდელი მათი პრემიერ-მინისტრი. ამიტომ ეს ყველაფერი ალბათ შიგნით არის სანერვიულო, მათ შორის კობახიძისთვისაც, რადგან, ფაქტობრივად, იგივეს აკეთებდა ადამიანი, მაგრამ იზოლაციაში ქვეყანა არ ჰყავდა. ახლა ამათ ხელსაც არავინ ართმევთ – სანქციები, ბევრი რაღაც მოხდა. მგონია, რომ ეს არის შიგნით უკმაყოფილების, ეჭვიანობის საგანი“, – განაცხადა ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი).

„ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია…“ – თემურ მიქელაძის რჩევა

ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია..., - ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს და რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას ავრცელებს.„ანტივირუსული მალამო მარკეტინგული ხრიკია. ბავშვი წლის განმავლობაში, ვირუსული ინფექციებით, დაახლოებით, 8-დან 10-ჯერ უნდა ავადდებოდეს“, - ამბობს პედიატრი.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები