მე ზოგადად, სერიოზულად ვერ ვუყურებ ამ პროცესს, – ასე უპასუხა, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა.
„მე სერიოზულად ვერ ვუყურებდი იმას, რომ ხაბე ბიძინას ემუქრებოდა დამხობით, ამას ვერ ვუყურებდი სერიოზულად ისევე, როგორც გასულ წელს ამ დროს, „ლელო“ ემუქრებოდა ბიძინას მოსკოვში გაშვებით 20 დღით, თუ რაღაც დარჩაო, რომ იძახდნენ. მე ვერ ვუყურებდი სერიოზულად და ვერც ვერასოდეს ვერ ვუყურებ იმ კამპანიას, რომ ბიძინას შეეშინდა და ამიტომ, ხაბე დაიჭირა. ზოგადად, მთელი ეს პროცესი რაც არის, ჩემთვის დადგმულ სცენარს ჰგავს, თითქოს ერთი რეჟისორი ჰყავსო, რომელიც სხვადასხვა როლს ანაწილებს, საჭირო დროს გაჰყავს გმირები თამაშიდან შემოჰყავს ახალი გმირები, რათა ადამიანების ყურადღება სულ იყოს გაფანტული რაღაც უაზრო საკითხებზე, არავინ არ კონცენტრირდეს თბილისში არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან და კონცენტრაცია მოხდეს უაზრობაზე სადღაც შუადღისას, მერე ეს ხალხი უნდა გაატარონ ქუჩებში A წერტილიდან B წერტილამდე და ამით უნდა მორჩეს ეს ამბავი. მერე ვიღაც გაბრაზდება, მერე ვიღაც იტყვის, აი, რა ტყუილად დაშალეთ ხალხი და საბოლოო ჯამში, არავის არ დაბრალდება. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არავინ არ არის პასუხისმგებელი ამ დღეზე. ვინც ვითომ პასუხისმგებელი იყო, ის გაარიდეს პასუხისმგებლობას და ჩასვეს ციხეში. შესაბამისად, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი, ციხეში ვარო, იტყვის, დანარჩენმა კი არავინ არ იცის, რა ხდება, ჩემი ინფორმაციით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება 5 ოქტომბერი „გირჩისთვის“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ იმედია, ეს დღე საზეიმო იქნება.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი, სამწუხაროდ, არის მოწყენილი და ქართულ სინამდვილეში, წინასაარჩევნო პერიოდებს შორის ალბათ, ყველაზე მდუმარე.
„ჩვენ ვიხვეწებით ლაპარაკს. ვიძახით, დაგველაპარაკეთ ხალხო, გახსენით საკუთარი მედიასაშუალებები, გახსენით უნივერსიტეტები. წარმოიდგინეთ, რამდენი ქარტეხილია გადავლილი ბოლო პერიოდების განმავლობაში სტუდენტების თავს, რამდენი ციხეში ზის, რამდენი რაღაც უაზრო აქციაზე დადის დღემდე, რამდენი ადამიანი როგორ ტყუილად გაიშარა და უნივერსიტეტები დაკეტილია პოლიტიკური აზრისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა მოახლოებული არჩევნები ერთგვარი გზამკვლევი იმისა, თუ ვინ დარჩება პოლიტიკაში და ვინ გაქრება პოლიტიკური ცხოვრებიდან, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნამდვილად ასე იქნება.
„ჩვენ დავინახავთ, რომ 5 ოქტომბერს აღარ არსებობს „ღვაწლმოსილი“ პოლიტიკური პარტიები, როგორებიც არიან 4 და 5. რომელიღაც პოლიტიკური პარტიები ნამდვილად გაქრებიან. არ ვიცი, ვინც დარჩენას აპირებს, მაგალითად, „ლელო“ ხომ აპირებს დარჩენას, იმიტომ, რომ ფული აქვს, იმ ტყუილებით, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც აკეთებენ და მანამდეც აკეთებდნენ, დიდხნიან პერსპექტივაში როგორ უნდა დარჩნენ, მე ესეც არ ვიცი. ასევე, ვერ ვხედავ მაგალითად, როგორ რჩება გახარიას პარტია, რომელმაც უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ერთადერთი, რაც მგონია, რომ ამ არჩევნების შედეგად პოზიტიური შეიძლება იყოს, მართლა ის არის, მე პირადად შევამოწმებ იმას, რამდენი პროცენტია საზოგადოების, რომელიც უარს აცხადებს ნაც-ქოცურ დაპირისპირებაზე, ჩხუბზე უარს აცხადებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.