მმართველ გუნდსა და ევროპულ საქართველოს შორის, არჩილ ტატუნაშვილის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, არსებულ აზრთასხვადასხვაობაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, ამ ორ დოკუმენტს შორის პრინციპული სხვაობა არ არის.
“ვფიქრობ, რომ ორივე რეზოლუცია, რომელიც არის შემოთავაზებული არის საერთო სულისკვეთების, კერძოდ გმობს ოკუპაციას და იმ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოხდა და შესაბამისად, ჩემთვის პრინციპული სხვაობა ამ ორ დოკუმენტს შორის არ არის,”- განმარტა ჩუგოშვილმა.
5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხოდმაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.