პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ ემუქრება. ამასთან, ის მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, პატივისცემით მოეკიდონ მონაპოვარს, რომელსაც შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია. აღნიშნული განცხადება თამარ ჩუგოშვილმა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებს განიხილავენ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული მონაპოვარის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„პირველ რიგში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მიგვეღო. ახლაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეჩერების მექანიზმის გამოყენება გვემუქრება, მაგრამ მოქალაქეები რომ დაგვეხმარონ, ბოროტად არ გამოიყენონ ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, არ დაარღვიონ უხეშად და ცუდი ფორმით, მათ შორის კრიმინალის ჩადენით, ევროპის სახელმწიფოებთან მიღწეული შეთანხმება, ეს ძალიან შეგვიწყობს ხელს. საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს, რომ ასეთი დარღვევები აღიკვეთოს და შესაბამისად, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ნაკლები პრობლემები შეექმნათ“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.