ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

თავდაცვის მინისტრი: 10-20-წლიან პერსპექტივაში ჩვენ განვსაზღვრეთ საქართველოს მომავალი. ამ პოლიტიკით შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მხოლოდ განვითარებაზე დაფუძნებული

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

მან მან ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტებს, რომელსაც ქართული მხარე პარტნიორ ქვეყნებთან აწარმოებს.

„პრემიერ-მინისტრი ჩეხეთში გამართულ სამიტზე არის თანათავმჯდომარე, დღეს მქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და იმ ფონზე, როდესაც ყოფილი თავდაცვის მდივნის მოადგილე ადასტურებს, რომ ჩვენი გატარებული პოლიტიკა არის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ რეგიონში სახელმწიფოები, ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში ვართ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. მარტო მე გახლდით ოთხჯერ ერთი წლის განმავლობაში ბრიუსელში სამიტზე, ასევე, საკონტაქტო ჯგუფის წევრები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებთ პირდაპირ სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად, არცერთი ვიზიტი არ გაშუქებულა ჩვენს ოპოზიციურ არხებზე, ეს არ არის ნორმალური ჟურნალისტიკა, ასეთ ჟურნალისტიკას არ იცნობს ცივილური სამყარო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მან რეგიონში არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხეები არ შეცვლილა, უბრალოდ, ომთან დაკავშირებით, გაზრდილია საფრთხის ინტენსივობა.

„ჩვენს პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენი პოლიტიკის შედეგად, არამარტო დღევანდელ საქართველოს აცდა ეს პრობლემები, არამედ 10-20 წლიან პერსპექტივაში ჩვენ განვსაზღვრეთ საქართველოს მომავალი. ამ პოლიტიკით შესაძლებელია, რომ საქართველოს მომავალი იყოს მხოლოდ განვითარებაზე დაფუძნებული“ – განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი 5-ტომეული გამოცემის - „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, საინჟინრო ლექსიკონი რამდენიმე წლის განმავლობაში სამშენებლო ფაკულტეტზე მუშავდებოდა. მისი ავტორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები - პროფესორი თამაზ ხმელიძე, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი და დამოუკიდებელი მკვლევარ-დიზაინერი კახაბერ ხმელიძე არიან.ახალი ტექნიკური გამოცემის წარდგენა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ - ფარგლებში მოხდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი) პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის მონაწილე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შედგენაში, ძირითადი ავტორების გარდა, წვლილი შეიტანეს სამშენებლო ფაკულტეტის 48 პროფესორმა და სტუდენტებმა, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. გამოცემაში 16 350 ტერმინია თავმოყრილი. ზურაბ გვიშიანის თქმით, 5-ტომეულის ავტორთა მიზანია, ქართველ მშენებლებს, არქიტექტორებს, გეოლოგებს, ენერგეტიკოსებსა და ჰიდროინჟინრებს, ასევე აღნიშნული მიმართულებების სტუდენტებს, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს მშენებლობასა და მის მომიჯნავე დარგებთან დაკავშირებული ტერმინები და მათი სრულყოფილი განმარტებები.ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორის, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ თამაზ ხმელიძის განცხადებით, ახალი გამოცემა სამიზნე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი, ილუსტრირებული და ამავდროულად, იოლად გასაგებ ენაზეა შედგენილი. თამაზ ხმელიძის თქმით, ლექსიკონი, რომელიც მშენებლობის ძირითადი მიმართულებების კლასიფიკაციას მოიცავს და მაქსიმალურად სრულყოფილად გადმოსცემს ტერმინებს, სიტყვებსა და ტექნიკურ ფრაზეოლოგიებს, სპეციალისტებს მშენებლობის დაპროექტება-განხორციელების პროცესში თანამედროვე მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენების საშუალებასაც მისცემს. ამ მიზნით, ავტორებმა გამოიყენეს პროგრამა TLTERM-ი (ტერმინთა ბაზის პროფესიული რედაქტორი) და ტერმინოლოგიის მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამა TLEX SUITE-ი.როგორც „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია, რადგან ენა მუდმივად ცვალებადი ფენომენია, რომელიც ასევე მუდმივად ივსება ახალი სიტყვებით, ტერმინებითა და მცნებებით, ხოლო ეს პროცესი განსაკუთრებით აისახება მშენებლობის სფეროზე. დავით გურგენიძის თქმით, ლექსიკონზე მუშაობას ართულებს ის ფაქტიც, რომ განუწყვეტლივ იცვლება ტერმინთა და მცნებათა გამოყენების არეალი.„მშენებლობის დიდი მასშტაბები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის ამოცანები მოითხოვს სამშენებლო ინდუსტრიის, კერძოდ, საშენი მასალების, კონსტრუქციების, ტექნოლოგიების, დაგეგმვის, მენეჯმენტის, დაპროექტების, გაანგარიშების მეთოდების, უსაფრთხოების ნორმების და სხვა მრავალი ნიუანსის გათვალისწინება-ასახვას. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, სამეცნიერო კვლევებთან, IT ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან. ვიმედოვნებთ, ახალი ხუთტომეული ლექსიკონი გაამდიდრებს, როგორც ქართულ ენას, ასევე, ახალგაზრდა სპეციალისტებს დარგის პროფესიონალებად ფორმირებაში შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ – ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა, მოგიწოდებთ ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ პოლიტიკური დევნის მორიგ, კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.„არალეგიტიმური ე.წ. პრემიერის გუშინდელი სამარცხვინო წერილის შემდეგ, რომელიც ცხადად აჩვენებს ივანიშვილის დაჯგუფების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას, „მეგობარი აქტით“ დაანონსებულ მკაცრ სანქციებს და ქართული საზოგადოების უწყვეტ ბრძოლას რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა.თეა წულუკიანის და კრიმინალთა, მოღალატეთა რეჟიმის მიერ ორგანიზებულ სამარცხვინო, რუსულ, ფსევდოსასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და რუსებთან თანამშრომლობაზე დემონსტრაციული უარის თქმის გამო სანქცირებულმა მურუსიძის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.ჩვენთვის ცხადია, რომ, საერთაშორისო ზეწოლის გარდაუვალ ზრდასთან ერთად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ეცდება მარწუხების მოჭერას და საზოგადოების დატერორებას, თუმცა მათი რესურსები იწურება, წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების ნება კი ძლიერი და გაუტეხელია.ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.მოგიწოდებთ სიმტკიცის, პრინციპულობის, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისაკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისათვის“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი თავიდან ბოლომდე, შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან – როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გავლენები ტრამპმა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა

ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, - განაცხადა დღის ქრონიკაში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ტრამპი მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ ბოლომე ვერ აღმოფხვრა „დიფ სთეითის“ გავლენები და სწორედ ამას უკავშირდება აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პაუზა, თუმცა მისივე თქმით, საქართველო ვალდებული იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოზიცია დაეფიქსირებინა.„მოდით შევახსენოთ საზოგადოებას რა იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში: ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ერთ-ერთი მთავარი; ჩვენ გვახსოვს ბაიდენის ცნობილი სიტყვები - ტრანსგენდერი არის ამერიკის სულიერი მისიაო. ჩვენ ვამბობდით, რომ ოჯახური ღირებულებაა მთავარი. ამავდროულად კანდიდატი იყო ტრამპი და ის ამბობდა, რომ ოჯახური ღირებულება მთავარი. ასევე, მეორე ფრონტი იყო პრობლემა საქართველოში, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ მეორე ფრონტი აუცილებელია, რათა რუსეთი დასუსტდეს. უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში - ამას ამბობდა წინა ადმინისტრაცია ამერიკაში, იმიტომ რომ მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოემზადება მერე ევროპაში შეჭრისთვისო და ასე შემდეგ. ჩვენ კი ამას ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, რომ მეორე ფრონტი ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. თქვენ იცით რომ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ფარკასი, პირდაპირ ტელევიზიით, ინტერვიუში ამბობდა - მერე რა რომ რუსეთი შემოიჭრება, თქვენ 10 000-20 000 ადამიანი დაგეხოცებათ, მეტი არა, მერე გავარდებით, პარტიზანული ბრძოლები თქვენთვის მოსახერხებელია, იბრძოლებთ და ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებითო. როგორ არიან უკრაინის გვერდით, ჩვენს დავინახეთ. ანუ ეს რეალური იყო და შესაბამისად პრეზიდენტი ტრამპი ამ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ბაიდენს და რეალურად არჩევნები მან მოიგო იმიტომ, რომ ტრანსგენდერულ სიგიჟეებს დავასრულებ და ოჯახურ ღირებულებას ამოვწევო, სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ ჩარევებს აკრძალავო ეს მართლაც გააკეთა, USAID-ი გააუქმა. სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობდა, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა უნდა წამოწიონ წინა ხაზზე თავიანთი ეროვნული ღირებულებებიო. რეალურად ამით მოიგო ტრამპმა არჩევნები. 3 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ, ხალხის ძალამ იმ განცხადებების გაკეთება, რასაც მერე უკვე ტრამპი, ოფიციალურად პრეზიდენტის რანგში ამბობდა და საუბრობდა. თუმცა, მოლოდინები არ შეგვიქმნია არასდროს რომ თუნდაც ტრამპი 24 საათიდან 1-2 საათი დაკავდებოდა დღეში საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ის რა პერიოდიც გავიდა ახლა, უკვე 4 თვე და ცოტა მეტი, - ეს ნიშნავს იმას რომ უკვე რაღაც დღის წესრიგი უნდა შექმნას პარტნიორმა, ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა. ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყანაში არ უნდა ჩაერიო, სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი პირიქით წერია ამ ე.წ. მეგობარ აქტში.როგორც ჩანს დიფ სთეითის გავლენები მთლად ბოლომდე ვერ აღმოფხვრა ტრამპმა, ანუ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამ პაუზის, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს ვალდებულება გვაქვს, (პრემიერმაც ამიტომ მიწერა ეს წერილი და ჩვენც განცხადება ამიტომ გავაკეთეთ დადგენილებით პარლამენტში) რომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ცნობილი, არა მხოლოდ ტრამპის მიმართ, არამედ მსოფლიო საზოგადოების მიმართ. სიმართლე ძლიერია, სიმართლეს სად გაექცევი? სამი წელი რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით ოჯახურ ღირებულებაზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ჩაურევლობაზე უსამართლობაზე, მერე მოდის პრეზიდენტი ტრამპი და იგივე ნარატივით იგებს არჩევნებს, აგრძელებს მერე მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას და ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში იღებენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ეგრეთ წოდებული მეგობარ აქტს - სად არის აქ სიმართლე? იმედია, რომ არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველი რიგში თავისივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, რომლებიც დაგეგმილია 15 მაისს სტამბოლში. ამის შესახებ იუწყება „კომერსანტი“ წყაროს მითითების გარეშე. სხვა დეტალებს გაზეთი არ ასახელებს.ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით უცნობი რჩება.14 მაისის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ არ არის მზად, დაასახელოს რუსული დელეგაციის შემადგენლობა, რადგან ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუცია შესაბამისი მითითებები.

პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით.მისი თქმით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.კანონპროექტით, შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს.

ბოლო სიახლეები