კვირა, ოქტომბერი 26, 2025

ზურაბ აბაშიძე: „ერთობლივად დასახული მიზნები უნდა ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს – ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას“

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ამჯერად ზურაბ აბაშიძემ ლეონიძის, იაშვილის, ქიქოძის, ასათიანის, თაბუკაშვილისა და ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებისგან მოისმინა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ყოველდღიურად ადგილობრივი მოსახლეობა.

შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო სახლებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობის შესაძლებლობებს. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივები და ხედვები განიხილა.

„სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში აუცილებელია, თითოეული ქუჩის მოსახლეობის პოზიციები იყოს გათვალისწინებული, რათა ერთობლივად დასახული მიზნები  ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს – ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს რეგულარულად გამართავს და ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას მოიცავს.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საუკუნის ძარცვა ამწის გამოყენებით და გაქცევა მოტოციკლებით – როგორ გაძარცვეს ლუვრი რეკორდულ დროში – 7 წუთში

საუკუნის ძარცვა ამწის გამოყენებით და გაქცევა მოტოციკლებით - ლუვრის ძარცვის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. გუშინ დააკავეს 4-დან 2 ეჭვმიტანილი. სამართალდამცველები ბრალდებულებთან ერთად მთელი საფრანგეთის მასშტაბით, სამეფო გვირგვინებს და უნიკალურ ძვირფასეულობას ეძებენ.მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუზეუმიდან წაღებულია იმპერატორ ნაპოლეონის მიერ მეუღლისთვის ნაჩუქარი ბრილიანტებისა და ზურმუხტების ყელსაბამი, ეუხენიას საიმპერატორო ტიარა და გულსაბნევი, ასევე დედოფალ მარია-ამელიას სამკაულები.როგორ გაძარცვეს ლუვრი რეკორდულ დროში - 7 წუთში? ბოროტმოქმედებს ნიღბები ეკეთათ და ხელოსნების უნიფორმა ეცვათ. მძარცველები დარბაზში აივნის ფანჯრებიდან შევიდნენ, აივანზე კი მოძრავი სატვირთო ლიფტით მოხვდნენ. ისტორიული სამკაულები ლუვრის სამხრეთ ფლიგელის მეორე სართულზე, "აპოლონის გალერეის" ორ ვიტრინაში ინახებოდა. ამავე ფლიგელშია დაცული ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა" და სამი უდიდესი ბრილიანტი.მძარცველებმა ყველაფერი ვერ წაიღეს, სიჩქარეში მათ ბრილიანტებით მორთული გვირგვინი დაუვარდათ, რომელიც დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე დარჩათ ინსტრუმენტები, ხელთათმანები და რადიოგადამცემი, რაც გამოძიებას დამნაშავეების ძებნაში დაეხმარა.100-მდე გამომძიებელი იძიებს "საუკუნის ძარცვას". დრო სამართალდამცველების წინააღმდეგ მუშაობს. მოპარული სამკაულები პირველადი სახით შეიძლება უკვე აღარც არსებობს.

მეუფე შიო მუჯირი – ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად ქრისტეს სიტყვისა და საღვთო...

ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად ქრისტეს სიტყვისა და საღვთო სიბრძნის მისაღებად, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეოცე კვირას, ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, უნდა დავფიქრდეთ, ვცხოვრობთ თუ არა სახარების მიხედვით, რადგან წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს იგავი მთესველის შესახებ, რომელსაც თავად მაცხოვარი განმარტავს და ბოლოს დასძენს ასეთ სიტყვებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლკ. 8, 18); იგულისხმება, როგორ ისმენთ წმინდა წერილს. მაცხოვრის ეს გაფრთხილება არ არის ამაოდ ნათქვამი, ვინაიდან ხშირად გვგონია, რომ ვისმენთ წმინდა წერილს და გვესმის ის. შეიძლება, ყურით ვისმენთ და გონებითაც ვიმახსოვრებთ ზოგჯერ, მაგრამ მიდის თუ არა ის ჩვენს გულამდე და ვცხოვრობთ თუ არა სახარებით, აი, ეს არის მთავარი, რადგან წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს. აი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ დღეს.რამდენი ადგილია წმინდა სახარებიდან, რომელიც გვიყვარს, კარგად ვიცით, მაგრამ ხომ არ მოხდება ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დადგება ჩვენი სამსჯავროს დღე, რომ ჩვენთვის ეს აღმოჩნდება სამხილებელი?! არა იმიტომ, რომ ვკითხულობდით და არ გვესმოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ გვესმოდა, მაგრამ არანაირად არ ვიცხოვრეთ სახარების მიხედვით. აი, ამაზე გვაფიქრებს დღეს ეს იგავი.რამდენჯერ ყოფილა, ძვირფასო ძმებო და დებო, როდესაც მოგვისმენია წმინდა წერილი, რომელმაც თითქოს დაგვაფიქრა, აგვაღელვა კიდეც, მაგრამ სულ ერთ წამში, ჯერ კიდევ ტაძრიდან გასვლამდე გაგვიტაცა ამაო მეტყველების, ამაო საზრუნავების რაღაც ნაკადმა და იმ ყლორტისგან, რომელიც ჩვენში უნდა გაზრდილიყო და ნაყოფი გამოეღო, არაფერი აღარ რჩება და დავცარიელდით, იმიტომ რომ ქარივით წაიღო ჩვენგან, მოგვტაცა ღვთის სიტყვა ამ უქმმეტყველებამ და ამაო საზრუნავებმა.ამიტომ უნდა დავუფიქრდეთ უფლის ამ სიტყვებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლკ. 8, 18). სასჯელად ან დასასჯელად ხომ არ ვისმენთ წმინდა წერილს? აბა, მაშ, თუ ასე არა, როგორ, საცხონებლად ვისმენთ?ეს იგავი გვაფიქრებს, თუ ვინ ვარ მე, როგორი ნიადაგი ვარ, რომელიც ნახსენებია ამ იგავში; სად ვარდება ეს თესლი – ღვთის სიტყვა; გზის პირას, სადაც ფრინველები აკენკავენ და ქარი წაიღებს თუ სხვადასხვა ხილული თუ უხილავი მტერი მოგვტაცებს? თუ ქვიან ნიადაგში ვარდება, სადაც უწყლობისა და ნიადაგის სიმწირის გამო მალე გახმება? თუ ეკლიან ნიადაგში, სადაც ეკალ-ბარდი იზრდება, რომელიც მოაშთობს ამ თესლს და ნაყოფი ვერ ასწრებს დამწიფებას? თუ კეთილ ნიადაგში ვარდება და გამოიღებს კარგ ნაყოფს? მაშ, რომელია ჩვენი ნიადაგი?შეიძლება ითქვას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ალბათ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა დროს აქ ჩამოთვლილი ოთხივე ნიადაგი ვართ ხოლმე. ამ იგავის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აღძრას ჩვენი სინდისი, გააღვიძოს ჩვენი ცნობიერება და მოგვანდომოს, გვიბიძგოს, ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნაყოფიერ ნიადაგად ქრისტეს სიტყვისა და საღვთო სიბრძნის მისაღებად, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცთმოყვარებით, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.მისივე განმარტებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დღეს ლოცავენ შემდეგ გვარებს: გვარმიანებს, გვარლიანებსა და გვარამიებს.

სალომე ზურაბიშვილი – კიდევ ცოტა გაუძლოს ჩვენმა გულმა და მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება – ახალი არჩევნები, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან გვჭირდება

ამ რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებული ვართ,  ცოტა კიდევ გავუძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მალე იქნება ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან საჭიროა.„ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის, ასხვისებს საქართველოს მიწებს. აქვეა გახსნილი ახალი ოფისი, სამშენებლო, მაგრამ ასევე მიწების გარიგების არაბთა ემირატებთან, ვითომც კინო „რუსთაველი“ ვერ დარჩებოდა რუსთაველზე. ეს არის ამ რეჟიმის ქმედებები და ამიტომ ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი, რომ გააგრძელოს. მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებული ვართ, ცოტა კიდევ გავუძლოთ. მინდა, ვუთხრა პოლიტპატიმრების მშობლებს, მე მესმის, როცა ვამბობ, კიდევ ცოტა გავუძლოთ, ეს არ არის მარტივი სიტყვები, მე ამას რომ ვამბობ, არ არის მარტივი სიტყვები იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ყოველდღე აქ დგანან და იღებენ თავიანთ თავზე ამ მოძრაობის უწყვეტობას. მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი არასდროს არ არის ადვილი, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს ქვეყანა არ დავუთმოთ რუსეთს და რუსებს, თუნდაც გადაცმულებს ქართულ ტანსაცმელში.აქ უკვე არის ჩვენი, თქვენი გამარჯვება, კიდევ ცოტა გაუძლოს ჩვენმა გულმა და კიდევ მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება – ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და აქ, ამ მომავლისთვის ყველანი ერთად ვდგავართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა – საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ასევე შეუერთდნენ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეებიც, რომლებიც რუსთაველოს გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებიან. აქციას, ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უწყვეტად უკვე 333 დღეა მიმდინარეობს. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციების ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას.

შალვა პაპუაშვილი – ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც რეფერენდუმად გამოაცხადეს, ერთი წელი გავიდა.მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მიიღო რეფერენდუმის გამოწვევა და ქართველ ხალხს შესთავაზა მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის ყველაზე მკაფიო სურათი მარტივ და გასაგებ ენაზე – არა ომს, კი მშვიდობას.„დღეს 26 ოქტომბერია. ერთი წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც რეფერენდუმად გამოგვიცხადეს, ჩვენი მრავალწლიანი შრომით მოპოვებული მშვიდობისა და განვითარების დასასრულად დაგვიანონსეს და სამეზობლო ომში ჩართვას დაგვპირდნენ. ჩვენ რეფერენდუმის გამოწვევა მივიღეთ და ქართველ ხალხს შევთავაზეთ მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობისა ყველაზე მკაფიო სურათი მარტივ და გასაგებ ენაზე – არა ომს, კი მშვიდობას.  2,1 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და მათი 54%-ის არჩევანი იყო ცალსახა და ხმამაღალი – ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, უარს ვეუბნებით ომს. თუმცა ეს ცალსახა და მარტივი პასუხი გულისხმობდა მრავალ არჩევანზე პასუხს, რომელიც მიმდინარე პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელად იქცა. ეს არჩევანი, მშვიდობასთან ერთად, იყო ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, ოჯახის, კულტურის, რწმენისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ მიცემული ხმა. ეს იყო ის შინაარსი, რის დასაცავადაც იბრძოდა „ქართული ოცნება“. იბრძოდა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, იცავდა სახელმწიფოს თვითმყოფადობას და მის უფლებას თავად ემართა საკუთარი თავი. ამ ბრძოლას შეუერთდა საქართველოს 1 120 053 პატრიოტი, რომელთაც უმტკიცესი ნება გამოხატეს და საქართველოს მომავალი განვითარების ვექტორი განსაზღვრეს.26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს განმსაზღვრელი მომენტი. ჩვენ, ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად, დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმმართველ, საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ. ამ ძალებმა, ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად, განგვიცხადეს, რომ უკეთ იციან, რა სჯობს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, რა გვაქვს სამეცადინო და ჩასაბარებელი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. სამიათასწლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიერება დაგვიწუნეს და უფსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახვევენ თავს. როდესაც საშიშროებასა და რისკებზე ვლაპარაკობდით, ზოგს არ სჯეროდა, რომ ამგვარი ძალები მართლაც არსებობდნენ. უმცირესობაში მყოფმა სკეპტიკოსებმა დაქსაქსულ ოპოზიციას მხარი დაუჭირეს. მყარად მდგომმა უმრავლესობამ კი „ქართული ოცნება“ და სამშობლოს ეროვნული ინტერესები აირჩია.26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, სამართლიანი არჩევნების სრულიად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგ ჯერზე ხელოვნურად აგორებამ, მარიონეტი ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა. ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება, სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაჰყვნენ. ამავე დროს, განვლილ წელიწადში სიახლე და უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ გარკვეული დასავლური ქვეყნებისა და მათი დიპლომატიური მისიების სრულიად უხეში, მზაკვრული და დესტრუქციული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაიხსნა ყველაფერი, რაც იყო დაფარული და როგორ გაცხადდა ის გეგმა, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს გეგმა არ ეხებოდა არც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, არც ხალხის ნების გამოვლენას, მის გაძლიერებას თუ შემდგომ ინტეგრაციას. ეს გეგმა შეიცავდა ნებისმიერ ფასად ეროვნული ხელისუფლების შეცვლის სურვილს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ერთდროულად უნდა ამოქმედებულიყო ყველა ძალა, გავლენის ყველა აგენტი, ღია თუ ფარული, ყველა მედია თუ „ენჯეო“, უსარგებლო აკაცუკი თუ სასარგებლო იდიოტი. გამრუდებულ რეალობას საბურველი შემოეძარცვა და ჩვენ წინაშე მხილებული, შიშველი ბუნებით წარმოსდგა.ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყანა მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა. ამ ბრძოლაში ფრონტის ხაზი ჩვენს მოქალაქეებზე გადის. ხალხების გონებისთვის მიმდინარე ომში სწორედ ისინი არიან მთავარი სამიზნე – მათი აზრები, ფიქრები, რწმენა და ქცევა. ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური იერიშით, როგორც ბოროტ ძალას სჩვევია, მოწყვლადი პირები დაარწმუნეს, რომ ეროვნული ხელისუფლება თითქოს რუსულია, რომ ომი არ არსებობს, რომ დამარცხებული გამარჯვებულია, ქველმოქმედება ქვეყნის ნგრევაა, ეკონომიკური აღმავლობა კი – სიღარიბე. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ყოველგვარ სპეკულაციას, სიცრუეს და სიმრუდეს წერტილი დაუსვა. თავისუფალ გარემოში საქართველოს ერთგული ამომრჩევლები იმავე სიმრავლითა და სულისკვეთებით საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და საკუთარი, უკვე არაერთხელ გამოხატული ნება დაამოწმეს. ლეგიტიმაცია, რომელიც გასული 13 წლის განმავლობაში ცხრაჯერ მივიღეთ, ქართველმა ხალხმა მეათეჯერ გადმოგვცა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ დღეს მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ნამდვილ პატრიოტებს. მადლობა ეკუთვნის ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებას უჭერს მხარს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც აფასებს მშვიდობას, ახსოვს ისტორიის მწარე გაკვეთილები და უკეთესი ხვალინდელი დღე ეიმედება. ჩვენ კი ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ქვეყნის წინაშე არ გავაცრუებთ, არ ვუღალატებთ, ზურგს არ შევაქცევთ. ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, ყველა ხილული თუ უხილავი მტრისაგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას“, – წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები