ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024

ვოლოდიმირ ზელენსკი სოლიდარობის გზავნილისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეათასე დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის გზავნილისთვის.

„მადლობა თქვენი გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ორივე ერისთვის მშვიდობიანი განვითარებული მომავლის იმედი გვაქვს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსში“.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის დაწყების მეათასე დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოაქვეყნა.

„უკრაინელო მეგობრებო, ათასი დღეა, რაც თქვენ, თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად იბრძვით და თქვენ აწარმოებთ ამ ბრძოლას ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის მცდელობისგან, დაიმორჩილოს და ანექსია მოახდინოს და აკონტროლოს სხვების, მეზობლების ტერიტორიები. ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენი ეს ბრძოლა არასდროს იქნება დავიწყებული. შესაძლოა, დამთხვევაა ან არა, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები აღუდგნენ რუსეთის მორიგ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიისკენ. ეს მცდელობა არ იქნება წარმატებული და ყველგან სადაც ადამიანები დადგებიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ისინი გაიმარჯვებენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის ათასი დღე – თქვენი სიმამაცით რუსული აგრესიისგან იცავს არა მხოლოდ თქვენს დამოუკიდებლობას, არამედ ევროპის საერთო ღირებულებებს. დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, ქართველები მტკიცედ დგანან რუსეთის მხრიდან ანექსიის ძალისხმევის წინააღმდეგ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა იზეიმებს“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ მაჭარაშვილი – ევროპაში მარტო ის კი ვერ დაინახეს, ოპოზიციაში ლიდერი ვინ არის, ვერ დაინახეს, ოპოზიციას საერთოდ რისი თავი აქვს, ბოკუჩავას არავინ აღიქვამს ლიდერად,...

ევროპაში მარტო ის კი ვერ დაინახეს, ოპოზიციაში ლიდერი ვინ არის, ამ ოპოზიციას საერთოდ რისი თავი აქვს, ის ვერ დინახეს. იმიტომ თქვეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაა „ქართული ოცნების“ სახით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას არათუ ლიდერი არ ჰყავს, ერთიანი იდეაც არ აქვს. „ბოკუჩავს თუ ჰგონია, რომ ოპოზიციაში ლიდერი თვითონ არის, ეს იქ გაარკვიოს. არავინ არ აღიქვამს მას ლიდერად, ვაშაძე ლიდერობას არ დაუთმობს. რეალურად დავინახეთ, რომ არამცთუ ლიდერი არ ჰყავთ, საერთოდ ერთიანი იდეა არ აქვთ. იდეა რომ ერთიანი არ გაქვს, ვერც ერთიანი ლიდერი გეყოლება. ეს დაინახეს მათმა პატრონებმა. როცა კითხულობენ, იდეა ან გეგმა რა გაქვთ, ან მტკიცებულება რა გაქვთ და ლიდერი სად გყავთ, ვერაფერზე პასუხი რომ ვერ მიიღეს მათმა პატრონებმა ევროკავშირში, თქვეს, რომ ეს ხალხი უნიათოა და ისევ სჯობს, მოქმედ ხელისუფლებასთან გვქონდეს ურთიერთობაო. ეს არის რეალობა და ბოკუჩავამ თქვა ეს რეალობა, რომ უცხოეთში დაინახეს, ოპოზიციაში არათუ ლიდერი არ ჰყავთ, საერთოდ არ აქვთ იდეა, რა უნდათ, გარდა ერთისა, რომ ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, უკვე ოპოზიციაშიც მიხვდნენ, რომ მათი საქმე დასრულებულია. „ახლა ნელ-ნელა ერთმანეთისთვის გადაბრალებები წავა. საჯაროდ ვიხილავთ ოპოზიციის ცალ-ცალკე აღებულ ლიდერებს, ერთმანეთს რომ დააბრალებენ იმ კრახს, რაც არჩევნებში და არჩევნების შემდგომ განიცადეს. ბოკუჩავას ეს გამოსვლა ზუსტად ამის მანიშნებელია, რომ ყველა აუცილებლად დაიწყებს თავის მართლებას, რომ ეს კრახი მისი კი არა, სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ბრალი იყო. ეს ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, ოთხივე აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არ არის გამორიცხული, პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ – იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის...

არ არის გამორიცხული ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, მათ იცოდნენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს იქამდე, სანამ პარლამენტი მათ უფლებამოსილებას არ ცნობს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატებზე თქვან უარი, რასაც მამუკა მდინარაძის განმარტებით არც ერთი მათგანი არ გააკეთებს. „საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად. იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, ეს დაშვება პირობითია, რადგან მათ იციან, მაგრამ მაინც ამ პირობითი დაშვების ფარგლებში შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა, ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია „ქართული ოცნება“ კვლავ შალვა პაპუაშვილს ასახელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარუდგინა. ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს. პოლიტსაბჭოზე კიდევ რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის, საბიუჯეტო საკითხები. ასევე, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მომდევნო დღეებში პრეზიდენტის არჩევნების თარიღიც ჩაინიშნება.

შალვა პაპუაშვილი: შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა სხვა ქვეყანაში ხალხს მაიდანისკენ და მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა დაიწყეს ამ მაიდანის მომზადება

შვედეთის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ვნახეთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ნორმების დარღვევით: გაეროს წესდების, ვენის კონვენციის - ყველაფერი, რასაც სხვებს ედავებიან, თვითონ დაარღვია ამ ადამიანმა, გამოვიდა მიტინგზე და ხალხს მოუწოდებდა მაიდანისკენ, ამაზე შემდეგ ინტერვიუც მისცა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაზე გამოსვლა და ყურადღება გაამახვილა შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერიკ ოტოსონის მიერ მაიდანისკენ მოწოდების შესახებ. პაპუაშვილის თქმით, ოტოსონის მოწოდებიდან მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაიდანისთვის მზადება დაიწყეს, მსგავსი განცხადებები კი მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ქვეყნის მიმართ კეთილი ზრახვები არ აქვთ. „შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა, რომ უკმაყოფილო იყო ხალხის რაოდენობით თუ იმ ტემპერატურით, რომელიც მას დახვდა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა სხვა ქვეყანაში ხალხს მაიდანისკენ და მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა დაიწყეს ამ მაიდანის მომზადება. ვხედავთ, რომ ისინი არიან თანაორგანიზატორი მათ შორის ამ აქციების, რომელიც გზის გადაკეტვას ეხება. მაშინ უკვე კითხვის ნიშანი ისმევა ვინ ვის რაში არწმუნებს და ვინ ვის რას უკვეთავს. აქ პირდაპირ ჩანს შეკრული წრე, რა თქმა უნდა , თავადვე თქვეს, მათ შორის, ღიადაც განაცხადეს, რომ ამ შეხვედრებზე, ამ შვიდეულთან თუ რვა ადამიანთან, ვინც ჩამოსული იყო, ისინი მოუწოდებდნენ, რომ იყავით უფრო ხმამაღალი, გაგვაგონეთ ხმა, აწიეთ ტემპერატურა. წარმოგიდგენიათ როგორ ევროპელებთან გვაქვს საქმე? ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რომ არიონ ქვეყანა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩვენ ამ წარმომადგენლებიდან ვინმე გველაპარაკოს რაიმე ღირებულებაზე, ევროპულ ღირებულებაზე კი არა, ეს ადამიანური ღირებულებების მიღმაც არის, რაც მათ ჩაიდინეს - შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაიდანისკენ მოუწოდა. შეიძლება ამას კეთილი განზრახვით ვინმე აკეთებდეს საერთოდ? მტერსაც შეიძლება არ უსურვოს ადამიანმა და რა მოყვრობაზე გველაპარაკება ეს კონკრეტული პოლიტიკოსი, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ჩადის სხვა ქვეყანაში, გეუბნება, ქართველო ხალხო, მეგობარი ვარ და მოდი, იქნებ ერთმანეთს დასცხოთ რამენაირადო - ამას რომ აკეთებს ევროპელი პოლიტიკოსი, ვფიქრობ, გასაგებია იქ, რომ კეთილი ზრახვები არ არის.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები