სერგეი სკრიპალის თანაკლასელმა ვლადიმირ ტიმოშკოვმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ სკრიპალმა ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა და რუსეთში დაბრუნების ნებართვა სთხოვა. ამის შესახებ BBC წერს.
“მან ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს მისწერა და პატიება სთხოვა, რათა მისთვის რუსეთში დაბრუნების ნებართვა მიეცა. მისი დედა რუსეთში ცხოვრობდა. რუსეთში იმყოფებიან მისი ძმა და ნათესავები”, – განაცხადა ვლადიმირ ტიმოშკოვმა.
კრემლს ამ დრომდე არ დაუდასტურებია სერგეი სკრიპალის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი წერილის არსებობა. გავრცელებული ინფორმაცია რუსულ მედიასთან საუბრისას დიმიტრი პესკოვმა უარყო.
ცნობილი გახდა, რომ 26 მარტისთვის 20 ევროპული ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებას გეგმავს.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალევე სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.