სამშაბათი, მარტი 17, 2026

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.

უწყების ცნობით, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორე მხრივ, ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ.

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, მუდმივი საბჭოს სხდომაზე ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება კვლავ ადასტურებს ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომიდან 17 წლისთავზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაშინ როცა გაერო-ს წესდება და ეუთო-ს ჰელსინკის დასკვნითი აქტი ნათლად ადასტურებს სუვერენული უფლებების, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის დაუშვებლობას.

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება.

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის განგრძობითი სამხედრო ყოფნის, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების და ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გამოხატავს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველყოფისათვის, ერთადერთი ფორმატის მიმართ. ხაზგასმით არის აღნიშნული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ადგილზე სტაბილურობას უწყობს ხელს.

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთო-სა და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად.

განცხადების დასასრულს ხაზგასმულია ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა, რომელთა დადგენილი წესების მიხედვით ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესკალაციის პრევენციისთვის. ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს გალში აღნიშნული მექანიზმის მუშაობის უპირობოდ განახლებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ეხმარება, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად

ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისთვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო რეალურად სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს.„რაც შეეხება ჭიათურის მანგანეზს, ამაზე თქვენი შუამდგომლობა არ გვჭირდება, სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული ამ საწარმოს ფუნქციონირებაში და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისთვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და ყველა საკითხზე გვაქვს მუდმივი განხილვები და თქვენი შუამავლობის გარეშე მივხედავთ ამ საკითხს.მაღაროელებისა და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც რეალურად სახელმწიფო სუბსიდიით ფუნქციონირებს, ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს უამრავი წელია. პრობლემურია თავისი შინაარსით, გლობალურად ფასებია დაცემული მანგანეზზე და არის უამრავი პრობლემა, რის გამოც მოგებაზე ვერ გადის. ვერც მაშინ გადიოდა, როცა თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი და ვერც დღეს გადის. არც მისი ბრალი იყო და არც ჩვენი, რადგან ობიექტური მიზეზები აქვს. ფასები ბოლო წლების განმავლობაში არის ბევრად შემცირებული წიაღისეულზე, რის გამოც, ტექნიკურად შეუძლებელია მისი მოგებაზე გასვლა. ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ და ჩვენი ირიბი, ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი სუბსიდირების ქვეშ არის ეს საწარმო იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და როგორმე მოხერხდეს მათთვის შესაბამისი სოციალური პირობების შექმნა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ბერდია სიჭინავს.

დონალდ ტრამპი – ირანი მათგან 1000 მილის რადიუსში მყოფ ყველა ქვეყანაზე ისვრის რაკეტებს, ათასობით რაკეტას უშენენ ქვეყნებს, რომლებიც ომში ჩაბმას არ ელოდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მეზობელ ქვეყნებზე იერიშების გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„მათგან 1000 მილის რადიუსში მყოფ ყველა ქვეყანაზე ისვრიან რაკეტებს. ისინი ათასობით რაკეტას უშენენ ქვეყნებს, რომლებიც ომში ჩაბმას არ ელოდნენ“, – აცხადებს ტრამპი.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სულ რომ სცოდნოდა იმის შესახებ, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე იერიშებს განახორციელებდა, ირანის წინააღმდეგ ომს მაინც დაიწყებდა.„გავიგე, რომ ისინი გაერთიანებულ საამიროებს რაკეტებს ესროდნენ. ვთქვი, ეს უცნაურია, არა? გაერთიანებული საამიროები ირანის ბანკირივითაა. ბანკირი, ასე ვთქვათ. კატარი, მათთან კარგად იყვნენ. მერე კი უცებ საუდის არაბეთი. ქუვეითი, ქუვეითს ურტყამენ. ბაჰრეინს ურტყამენ. ყველა ამ ქვეყანას ურტყამენ. ვერც ერთი ექსპერტი ამას ვერ იწინასწარმეტყველებდა. და საქმე იმაში არ არის, უნდა გვცოდნოდა თუ არა. თუნდაც გვცოდნოდა, მაინც ის უნდა გავაკეთოთ, რაც გასაკეთებელია“, – თქვა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე – მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის...

200-ზე მეტ პირს შეეხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის საკმაოდ მაღალი სტატისტიკა, როდესაც საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულებს. რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, 2500-მდე პირია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკურია კითხვა, რამდენად ეფექტური იყო მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა და ამაზე პასუხია, რომ არ იყო.„რომ ყოფილიყო ეფექტური მუშაობა, ბუნებრივია, ეს ადამიანები უფრო ადრე იქნებოდნენ დაკავებული და დაპატიმრებული. თუმცა, ამ შემთხვევაში წინ უნდა გავიხედოთ. რაღაც ეტაპზე არ იყო ეფექტური შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, მიზეზი კორუფცია იყო თუ სხვა რამ იყო, ამას ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება ეფექტურობას, აქ იყო სერიოზული ჩავარდნა. თუმცა, აქაც წინ ვიხედებით. ისევე, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევაში, მიგრაციაც ხშირად გვიხსენებია. ათი წლის განმავლობაში რამდენიც იყო გაძევებული არალეგალი მიგრანტი, იმდენი არასრულ ერთ წელიწადში გააძევა შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. ორგანიზებული დანაშაული – აქაც იყო სერიოზული პრობლემები თბილისში, თუმცა არა მარტო. აქაც გადამჭრელი ზომები მიიღო შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ. რაღაც ეტაპზე იყო სერიოზული ჩავარდნები, თუმცა ეს ყველაფერი გამოვასწორეთ შსს-ს ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად და მთავარი ეს არის. ავიღოთ ნებისმიერი თემა, ქოლცენტრი იქნება, ნარკოტიკული დანაშაული თუ ნებისმიერი სხვა თემა, კონკრეტული ფაქტები გვითხარით. რაც შეეხება კონკრეტულ ქოლცენტრს, რომელიც დაკავშირებული იყო კონკრეტულ დანაშაულთან, რა თქმა უნდა, ეს ქოლცენტრი არ არსებობს. ჩვენი ღიაობა ამით არის გამოხატული – გვითხარით ერთი კონკრეტული ფაქტი და მერე ვნახოთ, გვექნება თუ არა ამ ფაქტზე რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერის თქმით, რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, სასამართლოს მიმართ ნდობა იზომება სოციოლოგიური კვლევებით და ამ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ენდობა საქართველოში სასამართლოს.„მოიტანეთ ნებისმიერი სასამართლოს საქმე, სადაც გაქვთ კითხვები სამართლიანობასთან დაკავშირებით, ერთად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ. როცა ეს მთელი კამპანიები წამოიწყეს კლანთან დაკავშირებით და ა.შ., მაშინაც ვეუბნებოდით. დარწმუნებული ვარ, პრობლემური საქმეები, რა თქმა უნდა, იქნება სასამართლოში, მაგრამ როდესაც ბრალს გვიყენებენ პოლიტიკურად სასამართლოსთან დაკავშირებით, უსამართლობასთან დაკავშირებით, მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, ზეპირად კი ნუ გველაპარაკებით, როგორც აქ მიდის საუბარი, რომ რაღაც ყალბი ბრძოლაა და ა.შ., კონკრეტული საქმეები მოგვიტანეთ, სადაც ფიქრობთ, რომ არასამართლიანად გადაწყდა დავა. ნული საქმე. ამას ხედავს საზოგადოება და ამიტომ არის, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა, მიუხედავად ამხელა შტურმისა, მიუხედავად ამხელა შეტევისა, არის 50 პროცენტზე მაღალი. ეს არის მთავარი, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ – მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. თუ არა და საზოგადოება დაინახავს, რამდენად მართალია ის პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კვლევა-ხელოვნურმა ინტელექტმა პარკინსონი, შესაძლოა, 7 წლით ადრე აღმოაჩინოს

გეტინგენის უნივერსიტეტმა პარკინსონის პროგნოზირებისთვის ინოვაციური სისხლის ტესტი და ხელოვნური ინტელექტი შექმნაგეტინგენის უნივერსიტეტი-ის მკვლევარებმა ახალი მეთოდი შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა პარკინსონის დაავადება წინასწარ, ჯერ კიდევ შვიდი წლით ადრე პროგნოზირდეს. ეს ინოვაცია გულისხმობს სისხლის ტესტის გამოყენებას ბიომარკერების დასადგენად და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მეშვეობით მონაცემთა ანალიზს.პარკინსონის დაავადება ნეიროდეგენერაციული აშლილობაა, რომლის დიაგნოსტიკაც ტრადიციულად მხოლოდ მოტორულ ნიშნებზე დაკვირვებით ხდება, როცა ტვინი უკვე დაზიანებულია. ახალი მეთოდის წყალობით შესაძლებელია დაავადების ადრეული გამოვლენა, რაც საშუალებას მისცემს ექიმებს დაავადების განვითარებამდე ჩარევის შესაძლებლობა ჰქონდეთ.„დიაგნოზის დასმა ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს. თუ სხეულის უჯრედები უკვე დაზიანებულია, შემდგომში მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება“, — განაცხადა პროექტის ავტორმა, პროფესორმა კევინ მილმა.კვლევა ფოკუსირებული იყო პაციენტებზე, რომლებსაც ქცევის დარღვევის სინდრომი (iRBD) აღენიშნებოდათ. მსგავსი პაციენტების დაახლოებით 75–80%-ს საბოლოოდ სინუკლეინოპათია უვითარდება, რაც ხშირად პარკინსონის დაავადების განვითარების წინაპირობაა.მკვლევარებმა პაციენტებს ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღებული პროგნოზები მაღალ სიზუსტეს აჩვენებდა — 16 პაციენტიდან 7 წლის შემდეგ პარკინსონი 7 პაციენტს განუვითარდა. კვლევაში განმარტებულია, რომ ეს შესაძლებლობას იძლევა თერაპიის ადრეულ ეტაპზე დაწყებას, რაც დაავადების განვითარებას შეანელებს ან შესაძლოა თავიდან აგვაცილოს.პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი ტესტის ფართო ხელმისაწვდომობისთვის დაახლოებით 18–დან 20 თვის განმავლობაში იქნება საჭირო კლინიკური ტესტირება, თუმცა საბოლოო განახლება დამოკიდებული იქნება დაფინანსების სისწრაფესა და კვლევის პროცესზე.კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Communications, სადაც აღინიშნა, რომ ბიომარკერების და ხელოვნური ინტელექტის კომბინაცია პარკინსონის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის გარე რევოლუციას წარმოადგენს.

პაკისტანმა ქაბულზე იერიში მიიტანა

პაკისტანმა ქაბულზე იერიში მიიტანა. როგორც „თალიბანი“ აცხადებს თავდასხმა სარეაბილიტაციო კლინიკაზე მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ასევე არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალს პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს სდებს და ეს სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაულია, რაც საერთაშორისო ნორმების დარღვევას წარმოადგენს. პაკისტანში მომხდარზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.

ბოლო სიახლეები