ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად რომ ინფლაცია ივნისში კვლავ სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა 5.8%-ზე იყო, ამჟამად განაკვეთის დამატებით გამკაცრების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, სებ-ი გადაწყვეტილებაში აღნიშნავს რომ ნარჩუნდება საგარეო ფაქტორებიდან მომავალი მაღალი გაურკვევლობის მაჩვენებლები.

“2026 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია კვლავ ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება. ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაციის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობა კვლავ გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე საბაზრო ტენდენციები მიუთითებს, რომ ფასები წინა ესკალაციის პერიოდში დაფიქსირებულ დონესთან შედარებით დაბალია. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ინფლაციის შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორი, რომელიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ივნისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.2 პროცენტი შეადგინა. თუმცა, მომსახურების ინფლაცია 4.1 პროცენტამდე დაჩქარდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ საბაზო ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მიუხედავად, მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკები კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება.

სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2 პროცენტი იქნება. 2026 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

ეკონომიკური აქტივობა, საგარეო შოკების პირობებში, მდგრადობას ინარჩუნებს. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4 პროცენტი, ხოლო პირველ ხუთ თვეში საშუალოდ 7.8 პროცენტი შეადგინა. ზრდის ძირითად წყაროდ კვლავ მაღალპროდუქტიული, მომსახურებაზე ორიენტირებული სექტორები რჩება, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ამასთან, მოლოდინების შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის უარყოფითი გავლენა საგარეო მოთხოვნაზე შეზღუდულია. შესაბამისად, განახლებული ცენტრალური სცენარით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 6.5 პროცენტზე, ნარჩუნდება.

გეოპოლიტიკური ვითარება და მისგან მომდინარე ეკონომიკური შედეგები კვლავ გლობალური ეკონომიკის პერსპექტივის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად რისკად რჩება. აღნიშნული გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა, როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები.

მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. აღნიშნული სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდით გამწვავებას ითვალისწინებს, რაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების დამატებით ზრდას გამოიწვევს. ენერგორესურსების ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზე აისახება, ხოლო გაზრდილი ტრანსპორტირების და წარმოების ხარჯების გავლით სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც გავრცელდება. ამასთან, ბოლო პერიოდში არასახარბიელო კლიმატური პირობები საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული სურსათის ფასების ზრდის დამატებით რისკს ქმნის. აღნიშნული რისკების რეალიზების შემთხვევაში, ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით მაღალი იქნება.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. ბოლო წლებში ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, იზრდება შედარებით მაღალპროდუქტიული და ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორების წვლილი, რაც, ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოზიციას აძლიერებს. ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით, აღნიშნული ტენდენცია ეტაპობრივად ნორმალიზდება, თუმცა შესაძლებელია, რომ იგი გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეკონომიკის გრძელვადიანი პოტენციალის უფრო მაღალი ზრდა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ გავლენას შეამცირებს. მეორე მხრივ, ძლიერი საგარეო პოზიცია და დაბალი სუვერენული რისკის პრემია ეფექტური გაცვლითი კურსის ფუნდამენტური გამყარების ტენდენციას განაპირობებს, რაც დამატებით დისინფლაციურ გავლენას მოახდენს. ამასთან, გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფი დეესკალაციის შემთხვევაში, ენერგორესურსების ფასების დაჩქარებული ტემპით შემცირებაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. შედეგად, მთლიანი ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო სწრაფად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემოს, განახლებული სცენარებისა და რისკების შეფასების საფუძველზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება. თუმცა, მომატებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის მკაცრი პოზიცია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის ინტენსივობასა და მათ გავლენას. თუ ინფლაციური რისკები, მათ შორის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. მონეტარული პოლიტიკის რეაგირება მიმართულია იმისკენ, რომ მიწოდების მხრიდან მოქმედი ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია სამპროცენტიან მაჩვენებელს სწრაფად დაუბრუნდეს,”- წერს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ვითარებაა ამ წუთებში კურორტ გომისმთის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ვიდეო: ბათუმელები

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ ალისა ვეიდელს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას, შეიკარით ღვედები, ეს მხოლოდ დასაწყისია

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და პარტიის ლიდერ ალის ვაიდელს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.Fidesz-ის ლიდერის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის გუშინდელი გამარჯვება გერმანიისთვის და ევროპისთვის უდიდესი ღამე იყო.„ვულოცავ ალისა ვეიდელს, ულრიხ ზიგმუნდს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას! შეიკარით ღვედები. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ

ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ინიციატივა გამონაკლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკომისია მიგრაციულ კრიზისებზე რეაგირებისთვის ზომების პაკეტზე მუშაობს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა.გამოცემის ცნობით, მიგრაციული ნაკადების კონტროლის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში გამოსვლის მთავარი თემაც იქნება.ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში ზღვით ჩავიდა. კრიზისის ფონზე მადრიდმა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა. ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 80 ათასს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რამდენიმე დღეში დააბრუნეს მაროკოში.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში ხუთი ათასამდე მიგრანტი რჩება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია, მათთვის მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%

წინასწარი შედეგები მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა.გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა.ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) ხმების 9.3% მიიღო, „მწვანეებმა“ – 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა“ – 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.პარტია „ბსვ“-მ (BSW) ხმების 5.3% მიიღო და პარლამენტში ხუთი ადგილი დაიკავა.არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალი იყო და 77.8% შეადგინა.

ბოლო სიახლეები