სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026

ელენე ხოშტარია უმრავლესობის წევრებს – ბარემ მანდილი ჩამოგვაფარეთ თავზე – ნუ ღლიცინებთ რაღაც სისულელეებზე

ბარემ მანდილი ჩამოგვაფარეთ თავზე – ნუ ღლიცინებთ რაღაც სისულელეებზე! – ამ განცხადებით უმრავლესობის წევრებს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივის განხილვისას მიმართა.
ხოშტარიამ უმრავლესობას მოუწოდა, დისკუსიაში სერიოზულად ჩაებან და არსებულ პრობლემას თვალი გაუსწონ.
“კვოტირებაზე დისკუსიამდე აღმზრდელობით-საგანმანთლებლო პროცესია ჩასატარებელი, რაკი გგონიათ, რომ ჩოხოსნების და მეჩაიეების პრობლემაა ამ ყვეყანაში. შეხედეთ ქალებზე ძალადობის სტატისტიკას, შეხედეთ ქალებთან მოპყრობის სტატისტიკას. ასევე შეხედეთ, ველური ქვეყნების სიაში რომ ვართ – რამდენი ქალია წარმოდგენილი პარლამენტში თუ ადგილობრივ თვითმმართველობებში. გაუსწორეთ პრობლემას თვალი!“, – მიმართა ხოშტარიამ უმრავლესობის იმ დეპუტატებს, რომლებიც ინიცირებულ პროექტს მხარს არ უჭერენ.

პარლამენტი სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებებს იხილავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი – კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს, როცა ეკლესიური ტრადიციის მიხედვით, საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყოს, როცა საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება.ამასთან, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკლესიაში არსებული საერთო ტრადიციით, საფლავი რომ გაიხსნას, 3 წელი მაინც უნდა იყოს გასული, რათა ნახონ სხეული გაიხრწნა თუ არა.მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება პატრიარქ ილია მეორის წმინდანად „დაუყოვნებლივ შერაცხვა“, თუმცა იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდის წევრები პატრიარქ ილია მეორის კანონიზაციის საკითხზე სამსჯელოდ, სწორედ ამ 3 წლის გასვლას ელოდებიან.„ილია მეორის წმინდანად შერაცხვის წინააღმდეგი არ არის არავინ საერთოდ, მაგრამ ყველა ამბობს, რომ უნდა მოვიცადოთ. მე მაგალითად, არ მესმის, რატომ უნდა მოვიცადოთ და რატომ არ შეიძლება, რომ გამოიტანოს წმინდა სინოდმა ეს დასკვნა, მით უმეტეს, არსებობს ასეთი წესი. საერთოდ, წმინდანად შერაცხვის წესი ლათინური სამყაროდან არის ჩვენთან შემოსული. ჩვენთან პირდაპირ ლოცვებში იხსენიებდნენ და ხატს ჰკიდებდნენ ხოლმე, ეს იყო წმინდანად შერაცხვა. კანონიზაციის წესი რაც არის, დასავლეთ ეკლესიიდან არის შემოსული და იქ არსებობს ასეთი წესი, ჰქვია „სანტო სუბიტო“- წმინდანი დაუყოვნებლივ, წესია ასეთი. როცა ჩვენი სინოდი გადაწყვეტს, ჩვენ საყოველთაო თაყვანისცემა მაშინ გვექნება. ჩემს ეპარქიაში პატრიარქისადმი ნდობა გვაქვს გამოცხადებული, ხატი ჰკიდია მისი ჩვენთან და ჩვენ აქ რა უფლებაც გვაქვს, იმის მიხედვით შერაცხილი გვყავს წმინდანად, ვიხსენებთ როგორც წმინდანს.წმინდა სინოდის ყველა წევრი ამბობს, რომ უნდა მოიცადონ, მგონი პატრიარქიც ამ აზრზეა. საერთოდ ტრადიცია ასეთია ეკლესიაში, 3 წელი მაინც უნდა გავიდეს, საფლავი რომ გაიხსნას. ტრადიცია არსებობს, ათონის მთაზე განსაკუთრებით, რომ 3 წლის მერე ხსნიან ხოლმე საფლავს და ნახავენ, როგორია მისი სხეული, გაიხრწნა თუ არა, შეიძლება ამას გულისხმობენ წმინდა სინოდის წევრები.მე რამდენადაც ვიცი, დაუყოვნებლივ შერაცხვაც ყოფილა ეკლესიის ისტორიაში. შეურაცხავთ ასე წმინდანი. პირადად ჩემთვის პატრიარქი ილია მეორე წმინდანია და მე მაქვს ამის უფლება, რომ როგორც წმინდანს ნდობა გამოვუცხადო. არავის ვახვევ ჩემს აზრს თავზე. არ მინდა, რომ წმინდა სინოდის წევრებთან მქონდეს რაიმე უთანხმოება და მშვიდად ვაკეთებ ამას, მეორეს მხრივ მჯერა, რომ ჩვენი პატრიარქი წმინდანია და ჩემს ეპარქიაში ამ დამოკიდებულებას გამოვხატავთ მის მიმართ.რაც შეეხება იმას, როდის მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან ბოლოს ამ თემაზე კომუნიკაცია, ილიაობა რომ იყო 2 აგვისტოს, ბოლოს მაშინ მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან ამ თემაზე კომუნიკაცია და მაშინ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ცოტა დავიცადოთ და მერე შევრაცხოთ ერთადო“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.კითხვაზე: ხომ არ იგეგმება უახლოეს პერიოდში წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა, მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, „არავის არაფერი უთქვამს“.„უახლოეს წარსულში ასეთი მაგალითი არ გვქონია დაუყოვნებლივ შერაცხვის, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება უჭირთ. ეს ხომ ყველამ უნდა მიიღოს და ყველა არ არის თანახმა დაუყოვნებლივ შერაცხვაზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, თვეში ერთხელაც რომ იყოს სინოდის სხდომა, სალაპარაკო ყოველთვის გვექნება. უწმინდესმა და უნეტარესმა უნდა დანიშნოს ეს სინოდის სხდომა”,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.

თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები – დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

თბილისში, ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს.არსებული ინფორმაციით, დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება.ძმები კრიმინალურ წრეებთან არიან დაკავშირებული. ისინი წუხელ დააკავეს - ერთ-ერთი მათგანი სასტუმროში, მეორე კი საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

„თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს, დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება

„თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს, დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. მისი განმარტებით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.„ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.„დღის განმავლობაში, ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება. სრული პროგრამა დეტალური აღწერილობით შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მეცხრე მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკურ გარემოში ის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობები საკუთარი რესურსები განავითაროს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ენერგეტიკულ სივრცეში ქვეყნის როლი გააძლიეროს.„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება, ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და განახლებადი ენერგიების ათვისება თითოეული სახელმწიფოს განვითარების წინაპირობაა. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებითა და ენერგეტიკული ბაზრის მოწესრიგებით, საქართველომ შექმნა გამჭვირვალე, კონკურენტული და პროგნოზირებადი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ინვესტორთა ნდობას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკული დაკავშირების ახალ შესაძლებლობას შექმნის და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ცენტრის განვითარებას.საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის განვითარებაში.ფორუმი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე მაღალი რანგის სტუმარს აერთიანებს.

ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მრავალმხრივი პარტნიორობის აუცილებლობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად.პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით. ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება იმ პრინციპების დაცვის ერთგული, რომლებიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 

ბოლო სიახლეები