ევროპული საქართველო უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
“ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ უმრავლესობას კომპრომისი, მზად ვართ საფუძვლად ავიღოთ უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომ არ იყოს ორი რეზოლუცია და ამ დოკუმენტში ჩავამატოთ სანქციების ნაწილი, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ნაწილი, რომლითაც რეზოლუცია იქნება არამხოლოდ ჩვენი პოზიციის გამოხატვა და გულის მოფხანა, არამედ შეიძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას, რომ პრაქტიკულად დავსაჯოთ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მოვახდინოთ პრევენცია, რომ ვეღარ გაბედონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დაწიოკება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, ევროპული საქართველო მზადაა სამუშაო შეხვედრისთვის:”გნებავთ ხვალ, ზეგ, სესიამდე, სესიის განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ უმრავლესობასთან კონსულტაციებისთვის”, – აღნიშნა ბაქრაძემ.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ერთ საკითხს მიძღვნილ რეზოლუციის ორ პროექტს განიხილეს.
ორივე დოკუმენტი ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას ეხება. რეზოლუციის ერთი პროექტი მმართველმა გუნდმა მოამზადა, მეორე კი ოპოზიციამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ რეზოლუცია 2 მარტს დაარეგისტრირა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.
სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია, შემსრულებელი კი დეფაქტო ცხინვალის მილიციის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”