ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება. 75-კაციანი პოლიტსაბჭო „ევროპულმა საქართველომ“ დღევანდელ ყრილობაზე აირჩია.
რაც შეეხება გიგი უგულავას, რომელიც მანამდე პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე იყო, პარლამენტის არჩევნებში ხონისა და ვანი მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.
“დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების გრძელ გზაზე! ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ ხალხს ქუჩაში. ოცნებამ მომავლის რწმენა ჩაკლა მოსახლეობაში. აპათია, ნიჰილიზმი, ხელის ჩაქნევა, რომ მაინც არაფერ შეიცვლება, გათვლა- შეჩვეული ჭირი სჯობს – ქმნის იმ ფონს, რომ აღარავის სჯერა არავისი. ეს აწყობს დღევანდელ რეჟიმს. პოლიტიკა მთლიანად და პოლიტიკოსები ძალიან დავშორდით ხალხს. დღეს ყველაზე პოპულარული არცერთი პარტიაა, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კი არავინ. ამასობაში ხდება ფლანგვა და სახელმწიფოებრიობის ეროზია. ევროპული საქართველო საუკეთესო პლათფორმაა ოპოზიციისთვის, რადგან ხონსა და ვანში ჩვენ, ოპოზიციურ პარტიათა შორის, გასულ არჩევნებზე საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა. ვაქციოთ ეს არჩევნები თანამშრომლობის და არა დაპირისპირების არეალად. თანამშრომლობის! რასაც ჩვენგან ელოდება ჩვენი ხალხი. თანამშრომლობის! უკეთესი საქართველოსთვის, თანამშრომლობის! მომავალი საქართველოსთვის.’’ განაცხადა გიგი უგულავამ ევროპული საქართველოს რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.