ევროპის საბჭომ წევრ ქვეყნებს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.
ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციის უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი (PC-FIMI) ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ინფორმაციის გაზიარებას მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით სთხოვს.
როგორც ცნობილია, შესაბამისი დოკუმენტი ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას გაეგზავნა.
ევროპის საბჭოს უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი ისეთ საკითხებს იკვლევს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მედიის კონცენტრაცია და მიტაცება, მედიის თავისუფლება, ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და კორუფცია.
„ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაძლო შემუშავების მიზანშეწონილობის კვლევა უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) შესახებ, მათ შორის დეზინფორმაციის, რომელიც იკვლევს გამოწვევებს არჩევნებში ჩარევასთან, მედიის კონცენტრაციასა და მიტაცებასთან, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, კორუფციასთან, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით. ეს კვლევა განიხილავს სამართლებრივ გამოწვევებსა და ხარვეზებს FIMI-სთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებების კრიმინალიზაციის მხრივ და განსაზღვრავს შესაძლო მიდგომებს პრევენციის, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ზომების შესახებ დეზინფორმაციასა და FIMI-ზე, მათ შორის დეზინფორმაციაზე“, – წერია დოკუმენტში.
ამასთან, ევროპის საბჭოს ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა 2026 წლის 27 იანვარს. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო.
„პატივია, მოგესალმოთ ევროპის საბჭოში და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტის (PC-FIMI)-ის პირველ შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ მიხარია თქვენი აქ ნახვა, ამ კომიტეტის შექმნის მიზეზები ბნელი და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებებისთვის. ჩვენი ღია საზოგადოებების სიძლიერე, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციის თავისუფალ გაცვლასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, უცხოელი აქტორების მიერ აქილევსის ქუსლად იქნა მიჩნეული, რომლებიც შეცდომაში შემყვან და ცრუ პროპაგანდას ავრცელებენ. მათი ამბიციაა ჩვენს საზოგადოებებში განხეთქილების, შიშის კლიმატის შექმნა და მათი გეოპოლიტიკური მიზნების წინ წაწევა“, – განაცხადა ჯანლუკა ესპოზიტომ.
აღნიშნული თხოვნით წერილი ევროსაბჭოსგან მიიღო საქართველომაც, როგორც ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ. არსებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ პასუხი უკვე მოამზადა.

