დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ათდღიან ცეცხლის შეწყვეტას „პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს“.
ამასთან, მათი თქმით, შეურაცხმყოფელია, რომ აშშ-მა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, თუმცა ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.
დაჯგუფება ასევე აცხადებს, რომ მისი მებრძოლები „დარჩებიან ბრძოლის ველზე ჩახმახზე თითებით“, რათა უპასუხონ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას.
„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია შემდეგი „ხუთი პუნქტის“ შესრულება: აგრესიის სამუდამოდ შეჩერება მთელ ლიბანში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით; ისრაელის მტრის გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საზღვრებამდე.
პატიმრების გათავისუფლება; მცხოვრებლების დაბრუნება თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში ისრაელის საზღვრამდე; ქვეყნის აღდგენა არაბული და საერთაშორისო მხარდაჭერითა და ეროვნული პასუხისმგებლობით.
„ჰეზბოლა“ ღიაა ლიბანის ხელისუფლებასთან სრული თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე, „სქაი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას” ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

